ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 30 ივლისი 2025

ძირითადი მიგნებები

 

- საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია;

 

- 2021 წლიდან დღემდე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 493%-ით გაიზარდა;

 

- საქართველოდან ექსპორტზე ავტომობილები ძირითადად ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადის - ორივე ქვეყნის წილი, ავტომობილების მთლიან ექსპორტში 81%-ს შეადგენს (981 მლნ. დოლარი);

 

-  იანვარ-ივნისში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტზე დაახლოებით ორჯერ მეტი ღირებულების  პროდუქცია (681.მლნ აშშ დოლარი, მათ შორის 628.2 მლნ. დოლარის მსუბუქი ავტომობილი) გავიდა, ვიდრე ჯამურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (372.7 მლნ. დოლარი ).

 

- 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 2,464-მა სუბიექტმა განახორციელა საიდანაც 90%-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმეა.

 

- საქართველოდან რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება ბოლო წლებში დაახლოებით  3-ჯერ გაიზარდა. თუკი 2021 წელს თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულება 7,600 დოლარის ფარგლებში იყო, 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა, რაც მიანიშნებს რომ ქვეყნიდან რეექსპორტზე მაღალი საფასო კატეგორიის ავტომობილები გადის.

 

- საქართველოდან  ცენტრალური აზიის ქვეყნებში  ავტომობილების რეექსპორტის  რეკორდულად მზარდი მაჩვენებლები, ეჭვებს აჩენს  რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად საქართველოს დერეფნის გამოყენების შესახებ.

 

ბოლო რამოდენიმე წელია საქართველოდან ექსპორტის ზრდის მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი ავტომობილების რეექსპორტი გახდა. ავტომობილების რეექსპორტმა მკვეთრი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო და თუკი 2021 წელს ქვეყნიდან რეექსპორტზე 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გავიდა, ეს მოცულობა 2024 წელს 2 მლრდ. დოლარს გადასცდა და მთლიანი ექსპორტის 37% შეადგინა. შედარებისთვის - 2021 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს მთლიან ექსპორტში საშუალოდ 10% ეკავა. მზარდია ტრენდი 2025 წელსაც - წლის საწყის  6 თვეში, ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მილიარდი. დოლარის ღირებულების ავტომობილებია გასული, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.

 

წყარო: საქსტატი

 

წყარო: საქსტატი

 

წყარო: საქსტატი

 

საქართველოდან რეექსპორტზე ავტომობილები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება ყირგიზეთზე, სადაც მხოლოდ მიმდინარე  წლის 6 თვეში 600 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ეს კი მაშინ როდესაც რამოდენიმე წლის წინ ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი რამოდენიმე მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. მაგალითად 2021 წელთან შედარებით ზრდა 12,828%-ია (გაიზარდა 129-ჯერ). იანვარ-ივნისში  საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტზე იმაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, ვიდრე ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებში.

 

კერძოდ, თუკი ყირგიზეთში ექსპორტმა 681.3 მლნ. დოლარი შეადგინა (აქედან 628.2 მლნ დოლარის ავტომობილი), ევროკავშირში ექსპორტი ჯამურად 372.7 მლნ. დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთი, რომლის მოსახლეობაც 7.2 მლნ ადამიანს შეადგენს, მსოფლიოს ერთ-ერთი დაბალ განვითარებული ქვეყანაა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2,400 დოლარს შეადგენს, მაშინ. როდესაც მსოფლიოს საშუალო 13 ათასი დოლარია. მიუხედავად ამისა, წლის მხოლოდ 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტით ყირგიზეთში 19,663 ცალი ავტომობილი გავიდა, თითო ერთეულის საშუალო ღირებულება კი დაახლოებით 32 ათას დოლარს შეადგენს - რაც მიანიშნებს, რომ ყირგიზეთში რეექსპორტზე გატანილი ავტომობილები უმეტესად მაღალ საფასო კატეგორიაშია. ავტომობილების რეექსპორტით მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც წლის პირველ 6 თვეში 353.2 მლნ. დოლარის ავტომობილები გავიდა. 2021 წლის საწყის 6 თვეში  ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტი მხოლოდ 5.4 მლნ დოლარს შეადგენდა. ჯამში 2025 წლის 6 თვეში ყაზახეთში 20,215 ავტომობილი შევიდა საქართველოს დერეფნის გავლით - თითო ავტომობილის საშუალო ღირებულება კი ყირგიზეთთან შედარებით დაბალია და 17,473 დოლარს შეადგენს.

 

ავტომობილების რეექსპორტის დანიშნულების ქვეყნების ხუთეულშია სომხეთი, სადაც რეექსპორტმა პიკს 2023 წელს მიაღწია, თუმცა, მას შემდეგ, ტრენდი მცირდება. კერძოდ, სომხეთში 2025 წლის პირველ 6 თვეში 25.6 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, მაშინ, როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 184.8 მლნ. დოლარი იყო, ხოლო 2021-ში კი - 2 მლნ. დოლარი.

 

საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ტაჯიკეთი და უზბეკეთიც, რომლებიც ასევე ცენტრალური აზიის დაბალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ და სადაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ბოლო ხუთ წელში 700-900%-იან ზრდას აჩვენებს.

 

წყარო: საქსტატი

 

ავტომობილების ექსპორტის რეკორდული ზრდის პარალელურად იზრდება ქვეყნის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელიც, სადაც მოწინავე ადგილებს სწორედ ცენტრალური აზიის ის ქვეყნები იკავებენ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილი გადის ექსპორტზე. რომ არა ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულად მზარდი მაჩვენებელი, წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან ექსპორტი 5.6%-ით გაიზრდებოდა, ნაცვლად 13.7%-სა.

 

 

წყარო: საქსტატი

 

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების და რუსეთისთვის სანქციების დაწესების პარალელურად გაჩნდა ეჭვები, გამოიყენებდა თუ არა რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებს სანქცირებული ტვირთის მის ტერიტორიაზე მოსახვედრად. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოდან ყირგიზეთსა და ყაზახეთში ექსპორტის მოცულობის მკვეთრი ზრდა. ევროკავშირის და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებით, ევროკავშირის ქეყნებიდან და ამერიკიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში პირდაპირი რეექსპორტი აკრძალულია. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ეტაპობრივად გამკაცრდა. პირველ ეტაპზე, რუსეთში აიკრძალა ე.წ. ლუქს კლასის - 50 000 დოლარზე მეტი ღირებულების მანქანების ექსპორტი, მეორე ეტაპზე კი სანქციები გავრცელდა 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ახალ და მეორად ავტომობილებზეც, ხოლო შემდგომ ეტაპზე, სიას დაემატა ჰიბრიდები, ელექტრო და მაღალი ძრავის მოცულობის ავტომობილებიც.

 

სანქციების პარალელურად, 2023 წელს საქართველომაც აკრძალა ავტომობილების პირდაპირი რეექსპორტი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით.მიმდინარე წლის მაისში კი ცნობილი გახდა, რომ აკრძალვა უშუალოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზეც ვრცელდება. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით რუსეთში აშშ-დან და ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი არ ხდება, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტის მკვეთრი და არაბუნებრივი ზრდა, კითხვის ნიშანს ტოვებს, ხდება თუ არა ქვეყნის დერეფნის გამოყენება რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად.

იმაზე, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში კვლავაც შედის ავტომობილები, ხშირად საუბრობს დამოუკიდებელი მედია და ამ კონტექსტში ნახსენებია, რომ აშშ-დან და  ევროპიდან ავტომობილები ხშირად საქართველოს გავლით ხვდება რუსეთში. მსგავს ფაქტებს ადასტურებენ ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტებიც. კონკრეტულ სქემებს კი თან ერთვის ფაქტიც, რომ მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები არ ემთხვევა ყირგიზეთის ოფიციალურ მონაცემებს. 

 

წყარო: საქსტატი

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების ექსპორტის მატებასთან ერთად, იზრდება თითო ავტომობილის საშუალო ღირებულებაც, რომელიც თუკი 2021 წელს 7600 დოლარის ფარგლებში იყო, 2025 წელს 24,000 დოლარს გადააჭარბა, რაც მიანიშნებს, რომ დღეს ქვეყნიდან რეექსპორტზე უფრო მაღალი საფასო კატეგორიის ავტომობილები გადის.

 

წყარო: საქსტატი

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ IDFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ავტომობილების რეექსპორტი ჯამში 2464 სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტს ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ. სუბიექტების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეს წარმოადგენს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის მონაწილეობით კი მხოლოდ 100-მდე სუბიექტი იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ ინდ. მეწარმეების ნაწილის ოფიციალურ საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენს ავტომობილების ვაჭრობა. ექსპორტიორებს შორის ავტომობილებით ვაჭრობა ოფიციალური საქმიანობა მხოლოდ 1000-მდე ინდ.მეწარმისა და კომპანიის შემთხვევაშია მითითებული. 

 

წყარო: საქსტატი

 

IDFI-იმ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის შესახებ, რომლებმაც 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობით რეექსპორტი განახორციელეს. თუმცა, საქსტატი მხოლოდ კომპანიების ჩამონათვალს გასცემს, რომელიც არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით და არ გასცემს ინფორმაციას ავტომობილების მთლიან ექსპორტში  ამ TOP ათი კომპანიის საერთო წილთან დაკავშირებით.

 

2025 წლის პირველ კვარტალში ავტომობილების 10 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია:

 

შპს ბი თუ ბი

შპს გარაჟ შოპი

შპს გლობალ აუტო იმპორტ

შპს თბ ექს

შპს კავკასუს ავტომოტორსი

შპს კავკასიის ავტოიმპორტი

შპს კარომოტო.ჯე

შპს ტოიოტა კავკასია

შპს ქარექსპრესსი

შპს ქარსინდიგო გე

 

 

TOP 10 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების სიაში არ გვხდებიან ინდ.მეწარმეები და მათ ნაწილს საქართველოს ბაზარზე მოქმედი უმსხვილესი კომპანიები წარმოადგენენ.

რეექსპორტის ყველაზე დიდი წილი სწორედ ამ კომპანიებზე მოდის. მათ შორის, ცალკეული  კომპანიის შემთხვევაში გვხვდება ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებული წარმომადგენლობები და შვილობილი კომპანიები, ასევე სიაშია ყაზახეთის მოქალაქის მონაწილეობით შექმნილი კომპანია. თუმცა, თითოეული  კომპანია რა მასშტაბის ექსპორტს ახორციელებს შუა აზიის ქვეყნებში, უცნობია. ასევე,  მსხვილი კომპანიების ნაწილს (მაგ: კავკასუს ავტოიმპორტი) საკუთარი ფინანსური ანგარიშგება გასაჯაროვებული არ აქვს, რაც ართულებს იმის გარკვევას, თუ კონკრეტულად რომელ ბაზრებზე ოპერირებს კომპანია.

 

ტოპ 10 ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ კომპანიას შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გასულ წელს დარეგისტრირდნენ, მაგალითად, შპს ქარსინდიგო გე, რომელიც 2024 წლის მაისშია რეგისტრირებული და შპს კარომოტო.ჯე რომელიც 2024 წლის აპრილშია რეგისტრირებული. კარომოტოს დამფუძნებლები და 50-50%-იანი წილის მფლობელები საქართველოს და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ავტომობილებს აუქციონებზე ძირითადად აშშ-ში ყიდულობს. INDIGO CARS კი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომლის ძირითად მიმართულებას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტი წარმოადგენს.

 

მსხილი ექსპორტიორების ათეულში გვხვდება უმსხვილესი ქართული ავტოიმპორტიორი "კავკასიის ავტოიმპორტი", რომელიც კერძო პირებსა და დილერებს წვდომას აძლევს აშშ-ს საავტომობილო ბაზარზე. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ფილიალებს ფლობს როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ფინანსური ანგარიშგება ხელმისაწვდომი არ არის და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პლატფორმაზე კომპანიას მხოლოდ ერთი - 2017 წლის ანგარიში აქვს წარმოდგენილი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ როგორც ყირგიზეთში ასევე ყაზახეთში კომპანიას წარმომადგენლობები აქვს, იმის გაგება თუ რა მოცულობით ავტომობილი რეალიზდა ამ ბაზრებზე, შეუძლებელია.

 

ტოპ ექსპორტიორების სიაში არიან ქვეყნის კიდევ ორი უმსხვილესი კომპანია -  "თეგეტა" და "ტოიოტა კავკასია". “ტოიოტა კავკასია” საკუთარ ანგარიშში მიუთითებს, რომ პროდუქციის რეალიზებას მხოლოდ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ახდენს. რაც შეეხება “თეგეტას”, რომელიც სიაში შვილობილი კომპანიის “კავკასუს ავტომოტორსის” მეშვეობით არის წარმოდგენილი - კომპანიის ანგარიშის მიხედვით, მას რამდენიმე შვილობილი კომპანია ჰყავს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, („თეგეტა მოტორს ყაზახეთი“, “თეგეტა მოტორს დუშანბე“, “თეგეტა მოტორს ბიშკეკი“), თუმცა მათგან აქტიური სტატუსი მხოლოდ ერთს “შპს ტეგეტა მოტორს ცენტრალურ აზიას” აქვს, რომელიც სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობს. კომპანიების ფინანსურ ანგარიშებში არ არის მითითებული ის ბაზრები, სადაც პროდუქციის რეალიზება ხდება. ორივე კომპანიის შემოსავლები ბოლო წლებში მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს - კერძოდ “ტოიოტას” შემოსავალი თუკი 2022 წელს 388.4 მლნ დოლარს შეადგენდა, 2023 წლისთვის ის 645.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. კომპანიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, “ტოიოტა კავკასიამ” შემოსავალი ავტომობილებისა და საავტომობილო ნაწილების საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში რეალიზებით მიიღო - კერძოდ, 331.7 მლნ დოლარი აზერბაიჯანში გაფორმებული კონტრაქტებით, 253 მლნ დოლარი საქართველოში გაფორმებული კონტრაქტებით, ხოლო 60.3 მლნ დოლარი სომხეთში. მნიშვნელოვნად გაიზარდა “თეგეტას” შემოსავალიც და მან 2024 წელს 1.6 მლრდ ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც მაგალითად 2022 წელს 950 მლნ ლარს შეადგენდა.  კომპანიის მსხვილ შემსყიდველებს შორის არიან როგორც საცალო და კორპორატიული კლიენტები, ასევე სახელმწიფო, რადგან კომპანია საჯარო ტენდერების ხშირი გამარჯვებულია - მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 500 მლნ. ლარს აღწევს.

  

დასკვნა

 

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რეექსპორტი ძირითადად ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც ტრადიციულად ავტომობილების რეექსპორტი მინიმალური იყო.

 

კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეული განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მიერ ძვირადღირებულ მანქანებზე მოთხოვნის რადიკალურ  ზრდასთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის მიერ გამოვლენილი ფაქტები, შესაძლებელია მოწმობდეს რომ საქართველოს დერეფნის გავლით გატარებული ავტომობილების საბოლოო დანიშნულების პუნქტი არა ცენტრალური აზიის ქვეყნები, არამედ რუსეთია.

 

ადგილობრივი კანონმდებლობით, რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების პირდაპირი რეექსპორტი აკრძალულია და ოფიციალური სტატისტიკითაც, 2023 წლის შემდგომ ექსპორტის შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა სახელმწიფო დონეზე ვერ კონტროლდება, თუ რა საბოლოო მიმართულებით მიდის საქართველოდან, მაგალითად, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექპსორტირებული ტვირთი. თავის მხრივ, მზარდი სტატისტიკა არ გამორიცხავს აღნიშნული ქვეყნებისთვის დასავლეთის მხრიდან დამატებითი სანქციების დაწესებას, მაგალითად, იმპორტის აკრძალვას, რაც ბუნებრივია დიდ გავლენას იქონიებს ამ ბაზრებზე დამოკიდებული ქართული ავტოიმპორტიორების დარგზე. მეორეს მხრივ, ფაქტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ავტომობილები სწორედ საქართველოდან მიეწოდება, მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს აყენებს ქვეყანას და აღიქმება, როგორც რუსეთისთვის სანქცირებული ტვირთის გამტარი დერეფანი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025
განცხადებები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024