Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ბლოგპოსტები 27 მაისი 2024

“რუსული კანონის” ირგვლივ საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, 23 მაისს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა,  რომ კანონის მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გადაიხედება აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ხოლო სავიზო შეზღუდვები დაუწესდება იმ პირებს, ვინც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზანს  - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ევროკავშირში ინტეგრაციას. 

 

Აღსანიშნავია, რომ დამატებით Სანქციების პაკეტები ინიცირებულია MEGOBARI აქტის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატაში და „ქართველი ხალხის აქტი“-ს ფარგლებში სენატში. Სახელმწიფო დეპარატამენტის მიერ ამ ეტაპზე დაანონსებული სანქციები რეპუტაციული რისკის მატარებელია და შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში დიდი გავლენა არ ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაზე, თუმცა, სანქციების გაღრმავებას ექნება ეკონომიკური ეფექტები და ნეგატიური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე.

 

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს როგორც სხვადასხვა სუბიექტებს, ისე ინდივიდუალურ პირებს. 2012 წელს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა “მაგნიტსკის აქტი”, რომელიც ითვალისწინებდა უცხოელი პირების სანქცირებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ამას მოჰყვა გლობალური მაგნიტსკის აქტი 2016 წელს, რომელის მოიცავდა სანქციებს, აშშ-ში შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას, ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციაში მონაწილეობისთვის. მოგვიანებით მსგავსი კანონი მიიღო სხვა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო 2020 წელს კი ევროკავშირმა.(1) 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მაგნიტსკის გლობალური სანქციების პროგრამით, აშშ-მ სანქციები დაუწესა 650-ზე მეტ უცხოელ პირს (ფიზიკურ პირს და სუბიექტს) (2). აქტით განსაზღვრული ფინანსური სანქციები გულისხმობს სანქცირებული პირის საკუთრებაში არსებული ქონებისა და წილების გაყინვას, რომელსაც იგი ფლობს აშშ-ში.

 

ინდივიდუალურ პირებზე დაწესებული სანქციების მაგალითად აღსანიშნავია მოლდოველი პოლიტიკოსის და ბიზნესმენის ვლადიმერ პლაჰოტნიუკისთვის დაწესებული სანქციები. სანქციების მიზეზი კორუფციულ პროცესებში მონაწილეობასთან ერთად იყო მოლდოვაში დემოკრატიული პროცესების შელახვა, მისი ქმედებები, მიიჩნიეს მოლდოვაში დემოკრატიული პროცესებისთვის შემაფერხებლად, რაც ხელს უწყობდა კანონის უზენაესობის და მთავრობის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას (3). საწყის ეტაპზე პლაჰოტნიუკს და მის ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა, ხოლო უკვე 2022 წელს დაანონსდა ფინანსური შეზღუდვების შესახებ (4).

 

აშშ-ს შემდეგ, მოლდოვის სუვერენინტეტის დესტაბილიზაციის და დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლისთვის, 2023 წელს, ვლადიმერ პლაჰოტნიუკს ევროკავშირმაც დაუწესა სანქციები (5). Სანქციები მოიცავდა აქტივების გაყინვას, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და მოგზაურობის აკრძალვას (6).

 

Სანქციების ინსტრუმენტები

 

ამერიკის შეერთებული შტატები ინდივიდუალური პირების მიმართ, ძირითადად, იყენებს შემდეგი ტიპის სანქციებს:

 

- მოგზაურობის შეზღუდვები: პირებს, რომლებსაც შეეხება სანქციები აეკრძალებათ აშშ-ში შესვლა, ან აშშ საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილება; 

 

- სავიზო შეზღუდვები:  ართულებს, ან შეუძლებელს ხდის სანქცირებული პირებისთვის აშშ-ის ვიზის მიღებას ნებისმიერი მიზნით, მათ შორის, ტურისტული, საქმიანი, ბიზნესი, განათლება;

 

- აქტივების გაყინვა: გულისხმობს აშშ-ს იურისდიქციის ფარგლებში, სამიზნე პირების აქტივების გაყინვას, რაც  შეაფერხებს საკუთარ ფინანსურ აქტივებზე წვდომას;

 

- ფინანსური შეზღუდვები:  გულისხმობს აშშ-ის ფიზიკურ პირებთან და სუბიექტებთან სანქცირებული პირების ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას, მათ შორის საბანკო ოპერაციებს, სესხებს ან ინვესტიციებს (სანქცირებულ პირებს ეზღუდებათ ისეთი ამერიკული კომპანიების სერვისზე წვდომაც როგორიცაა მაგ. Western Union, PayPal, MoneyGram International და სხვ.); 

 

- სავაჭრო შეზღუდვები: სანქციები შეიძლება მოიცავდეს სანქცირებული პირებთან ვაჭრობის შეზღუდვებს, როგორიცაა იმპორტის/ექსპორტის აკრძალვა მათ მფლობელობაში არსებული ბიზნესებისთვის, ან მათთან დაკავშირებული სამეწარმოე სუბიექტებისთვის;

 

- ბიზნესის შეზღუდვები: სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ ბიზნესის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში ან პარტნიორობა ამერიკულ კომპანიებთან;

 

- ტექნოლოგიების გადაცემის შეზღუდვები: სანქციები შეიძლება მოიცავდეს, სანქცირებული ფიზიკური პირებისთვის ან სუბიექტებისთვის,  გარკვეული ტექნოლოგიების ან ტექნიკური ექსპერტიზის გადაცემის შეზღუდვას;

 

- დიპლომატიური იზოლაცია: სანქცირებულ პირების შეეზღუდებათ შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო ფორუმებში ან მოლაპარაკებებში;

 

 

ფიზიკური პირების მიმართ სანქციების განხორციელება შეიძლება განსხვავდებოდეს გარემოებებისა და სანქციების რეჟიმის კონკრეტული მიზნების მიხედვით, თითოეული შემთხვევა და შესაბამისად მიდგომა შეიძლება იყოს განსხვავებული. ზოგიერთ შემთხვევაში სანქციები შეიძლება დაწესდეს ერთდროულად, ზოგ შემთხვევაში კი ეტაპობრივად გაღრმავდეს. ეტაპობრივი მიდგომა არის გარკვეული გაფრთხილება და შესაძლებლობა მოლაპარაკებისთვის. 

 

მიზნობრივი სანქციები ინდივიდებსა და სუბიექტებზე შედარებით ახალია ფართო მასშტაბიან ეკონომიკურ სანქციებთან და ვაჭრობის აკრძალვებთან შედარებით, თუმცა, კვლევით დასტურდება (7) მათი შედეგიანობა. მაგალითად, რუსეთისთვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული მიზნობრივი სანქციების შედეგად, სანქცირებული კომპანია ან სანქცირებულ პირთან ასოცირებული კომპანია კარგავს საოპერაციო შემოსავლის და თანამშრომელთა მესამედს, ხოლო აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს, მის მსგავს არასანქცირებულ კომპანიებთან შედარებით.  მიზნობრივ სანქციებს “ჭკვიან” სანქციებსაც უწოდებენ, რადგან ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ უშუალოდ სანქცირებულ პირზე/სუბიექტზე, ხოლო არასანქცირებულ პირებზე გავლენა მინიმალურია.

 

სანქციების შესაძლო გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე

 

კანონის მესამე მოსმენით მიღებით უკვე გამოვლინდა მკვეთრი მოკლევადიანი რყევები, როგორც სავალუტო ბაზარზე, ისე საფონდო ბირჟაზე. მაისის მეორე ნახევარში ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო, რასაც მოჰყვა ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია - 60 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა და დროებით დასტაბილურება. მიუხედავად ამისა, შეინიშნება ლარის გაუფასურების მცირე ტენდენცია, როგორც დოლართან ისე ევროსთან მიმართებით, ხოლო საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის აქციები მაისის თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა (საქართველოს ბანკი -24%, თიბისი ბანკი -26%). Სანქციების დაწესება აღნიშნულ ეფექტებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

Აშშ-ს სანქციები პირველ რიგში არის გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ სანქცირებული პირები/ქვეყნის მთავრობა საერთაშორისო სტანდარტებით მიუღებელ საქმიანობას ეწევიან.

 

 

Წყაროები: NBG, Yahoo Finance

 

ინვესტიციები და ვაჭრობა: სანქციების დაწესებამ შესაძლოა შეარყიოს ინვესტორების ნდობა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების და პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს უცხოურ ინვესტიციებზე - ინვესტორები/ბიზნესები მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან ან საერთოდ თავს შეიკავებენ  ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებისგან. პირდაპირი უცხოური ინვესიტიციების შემცირება შეასუსტებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელებს. პირდაპირი უცხოური ინვესიტიციების შემცირება, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, შეასუსტებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელებს, ხოლო დასავლური ინვესტიციების შემცირება ქვეყანას დამოკიდებულს გახდის არასტაბილურ რეგიონზე.

 

ფინანსური გავლენა: ინვესტორების ნდობის შემცირება გამოიწვევს  რისკის დონის ზრდას, შესაბამისად გაძვირდება კაპიტალის ღირებულება კერძო კომპანიებისთვის. ამასთან ერთად, შემცირდება სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნა. ინვესტორების დაბალი ნდობა უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე მისი სესხის აღების ხარჯების გაზრდით და გარე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის შემცირებით.  

 

ტურიზმი: ქვეყნის შელახული რეპუტაცია, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ამერიკიდან და ევროპიდან შემოსული ტურისტების რაოდენობაზე და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე. გარდა ამისა, შესაძლოა, შემცირდეს საქართველოს პოპულარიზაცია როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. სანქციების დაწესება უარყოფითად აისახა მაგ. ირანისა და რუსეთის ტურიზმის მაჩვენებლებზე, რადგან ტურისტებისთვის აღქმული რისკი ამცირებს ტურისტების რაოდენობას, მათ შორის არასანქცირებული ქვეყნებიდან. (8)

 

 

______

 

 

(1) - https://www.europarl.europa.eu/legislative-train/theme-a-stronger-europe-in-the-world/file-a-european-magnitsky-act

(2) - https://www.federalregister.gov/documents/2024/02/23/2024-03532/global-magnitsky-human-rights-accountability-act-annual-report

(3) -  https://www.state.gov/response-to-corruption-and-election-interference-in-moldova/

(4) - https://www.moldpres.md/en/news/2022/10/26/22008078 

(5) - https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32023R1045

(6) -https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?toc=OJ%3AL%3A2023%3A140I%3AFULL&uri=uriserv%3AOJ.LI.2023.140.01.0009.01.ENG

(7) - https://www.state.gov/wp-content/uploads/2018/12/Measuring-Smartness-Understanding-the-Economic-Impact-of-Targeted-Sanctions-1.pdf 

(8) - https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S2212571X19302562?fr=RR-2&ref=pdf_download&rr=88a68bbc8aa92dc7

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024