ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) როლი პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისთვის

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | ადგილობრივი მმართველობა 30 მარტი 2022

დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა და მონაწილეობა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულ იდეას ეფუძნება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) - 2011 წელს ჩამოყალიბებული საერთაშორისო ინიციატივა, რომლის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ სხვადასხვა რეფორმების განხორციელების ვალდებულებას, რომელთა შესრულების შედეგად წახალისდება ღია მმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა, შემცირდება კორუფციული რისკები და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაუმჯობესდება მმართველობითი სისტემები. OGP ამ დროისათვის 78 ქვეყანასა და 76 ადგილობრივ იურისდიქციას აერთიანებს. საგულისხმოა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების გარდა, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებში მონაწილეობას ათასამდე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია იღებს.

 

მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად ინიცირებული რეფორმები OGP სამოქმედო გეგმებში

 

ღია მმართველობის პარტნიორობა ოთხ ფუნდამენტურ ღირებულებას ეყრდნობა - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება და ტექნოლოგია და ინოვაცია. ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებები და სამოქმედო გეგმებში გაწერილი ინიციატივები სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით ნაწილდება. ღია მმართველობის პარტნიორობის დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) მხრიდან 2020 წელს შესწავლილ იქნა წევრი სახელმწიფოების მიერ აღებული 3,276 ვალდებულება, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული ვალდებულებების წილი 37%-ს შეადგენს. იმავე ანალიზით გამოჩნდა, რომ გლობალურ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობისკენ მიმართული ინიციატივები/რეფორმები ძირითადად მოიცავს ელექტრონული მმართველობისა და შესაძლებლობების განვითარების პოლიტიკებს. ვალდებულებების შედარებით მცირე ნაწილი კი ეხებოდა მონაწილეობის კუთხით საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას, საჯარო სერვისის მიწოდებასა და ღია მონაცემებს ეთმობა.

 

მოქალაქეთა ჩართულობისა და მათი საჭიროებების უკეთ გასათვალისწინებლად 2016 წელს შეიქმნა OGP-ის ადგილობრივი პროგრამა (OGP Local). ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა დაშვებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ახლოს არიან ხალხთან და მათ საქმიანობას, მუნიციპალური სერვისების ხარისხს პირდაპირი გავლენა აქვს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და ყოველდღიურ ყოფაზე. ამავდროულად, პრაქტიკამ აჩვენა, რომ OGP-ის პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდაში კრიტიკული როლი შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, განსაკუთრებით მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი მექანიზმების დანერგვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. მართლაც, როგორც შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, OGP-ის ადგილობრივმა წევრებმა საშუალოდ უფრო მეტი ვალდებულება აიღეს მოქალაქეთა მონაწილეობის ნაწილში, ვიდრე ეროვნულმა მთავრობებმა. კერძოდ, IRM-ის თანახმად, განსხვავებით ეროვნული მთავრობების მიერ აღებული ვალდებულებების წილისა (37%), მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებისკენ მიმართულ ვალდებულებათა წილი, მთლიან ვალდებულებებში საკმაოდ მაღალია და 68%-ს შეადგენს. 

 

ამავდროულად, OGP Local-ის ფარგლებში 2021 წლისათვის შემუშავებულ სამოქმედო გეგმათა უმრავლესობა აქცენტს ინკლუზიურობაზე აკეთებს, რაც პროცესში მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. 

 

OGP-ის თანამონაწილეობის პრინციპი და მისი მნიშვნელობა სამოქალაქო მონაწილეობის კულტურის გაზრდაში

 

მოქალაქეთა მონაწილეობის წამახალისებელი ცალკეული რეფორმების გათვალისწინებასთან ერთად, OGP-ის ინიციატივა ქვეყნების მთავრობებს სამოქმედო გეგმების მიღებისა და განხორციელების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის ვალდებულებას უწესებს.  აღნიშნულ პრინციპს ე.წ. თანაშექმნის (Co-creation) პროცესი ეწოდება, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად პროცესში დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის მეშვეობით საზოგადოების აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას გულისხმობს, რაც, საერთო ჯამში, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების წარმატებას განაპირობებს. ბოლო ათი წლის მანძილზე OGP-ის ფარგლებში ქვეყნების პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ძლიერი და ინკლუზიური თანაშექმნის პროცესი კიდევ უფრო მეტი ამბიციური ვალდებულებების აღების საფუძველს წარმოადგენს.

 

მონაწილეობისა და თანაშექმნის პროცესის ეფექტურად წასამართად, შექმნილია სტანდარტები OGP-ის სამოქმედო გეგმის ციკლის ყველა ეტაპისთვის - შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის ჩათვლით. სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავებულია პროცესში ჩართული თითოეული მხარისთვის, მათ შორის ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლებების, სამთავრობო დეპარტამენტების, პარლამენტის წევრების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლების, აკადემიური წრეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, მარტივ და გასაგებ ენაზე. 

 

მონაწილეობის და თანაშექმნის ხუთი მთავარი სტანდარტი:

 

სტანდარტი 1: მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის მიმდინარე დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სივრცის/პლატფორმის შექმნა.

 

სტანდარტი 2: ღია და დროული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წევრი ქვეყნის მიერ OGP-ის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

 

სტანდარტი 3: სამოქმედო გეგმის თანაშექმნის პროცესში  ჩართულობის ამაღლების მიზნით მოქალაქეთა ინკლუზიური და ინფორმირებული შესაძლებლობების გაძლიერება.

 

სტანდარტი 4: სამოქმედო გეგმის თანაშექმნის პროცესში გონივრული (ფაქტებზე დაფუძნებული) პასუხების წარმოდგენა, ასევე, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის მიმდინარე დიალოგის ხელშეწყობა.

 

სტანდარტი 5: სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში მიმდინარე დიალოგისა და თანამშრომლობის ინკლუზიური და ინფორმირებული შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

 

სტანდარტების სახელმძღვანელო პრინციპები

 

არსებობს ოთხი ყოვლისმომცველი პრინციპი, რომელიც წევრმა ქვეყნებმა მონაწილეობისა და თანაშექმნის პროცესში უნდა გაითვალისწინონ, რაც, თავის მხრივ, ღია მმართველობის დეკლარაციაში განმტკიცებულ დებულებებს ეყრდნობა: 

 

- გამჭვირვალობა: პროცესის მიმდინარეობისას OGP-ის აქტივობების, გადაწყვეტილებებისა და შედეგების ირგვლივ ყველა დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კომპონენტი ეფუძნება სამოქმედო ციკლის მანძილზე ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასა და გავრცელებას შესაბამის ფორმატში.

 

- ინკლუზიური მონაწილეობა: პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისა და კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზების გზით, OGP-ის პროცესებში მოქალაქეთა ფართო და მრავალფეროვანი სპექტრის მონაწილეობა. ამასთან, მონაწილეობის გზების შესახებ უმცირესობებისა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

- ანგარიშვალდებულება: ვალდებულებების შესრულების კონტექსტში საკონსულტაციო შეხვედრებისა და შედეგების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. ანგარიშვალდებულების ნაწილში უნდა მოხდეს ყველა იმ  ფაქტორის გაჟღერება, რომელიც დაინტერესებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების არასახვას, ან შესრულების ნაწილში დაგვიანების, ცვლილებისა და შეფერხების სხვა მიზეზებთანაა დაკავშირებული. 

 

- ინოვაცია და მისწრაფება: თანაშექმნისა და მონაწილეობის პროცესში მოცემულ სახელმძღვანელო პრინციპებს მიღმა არსებული ამბიციური და ინოვაციური რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე, მონაწილეობითი და თანამშრომლობითი პროცესების მეშვეობით. არსებული მინიმალური მოთხოვნები უნდა განიხილებოდეს როგორც ამოსავალი წერტილი და არა საბოლოო მიზანი.



აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით OGP-ის სამოქმედო გეგმების მიღებისა და განხორციელების პროცესმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დიალოგის წარმოებისა და თანამშრომლობის კულტურის გაჩენასა თუ გაღრმავებაში. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზე, სადაც საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნა საკონსულტაციო მექანიზმი - ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი.  

 

მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობა საქართველოში და OGP-ის როლი

 

გაეროს 2020 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევის თანახმად,  საქართველოს რეიტინგი ელექტრონული ჩართულობის ინდექსში მცირედით, 0.02 ერთეულით გაუმჯობესდა. კერძოდ, 2018 წელს საქართველოს 0.62 ქულა ჰქონდა და გლობალურ რეიტინგში 87-ე ადგილი ეჭირა. 2020 წლის მონაცემებით კი, აღნიშნული მაჩვენებელი 0.64-მდეა გაიზარდა, რამაც გლობალურ რეიტინგში ქვეყანას მე-80 ადგილამდე დაწინაურება განაპირობა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინდექსის ელ-გადაწყვეტილების კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი 18%-მდე შემცირდა, რაც შესაძლოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობაზე ორიენტირებული ელექტრონული პლატფორმების ნაკლებ ეფექტურობასა და სიმცირეს უკავშირდებოდეს.

 

ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად საინტერესოა OGP-ის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღებული და განხორციელებული სამოქმედო გეგმების როლი. საინტერესოა, რომ მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის კონტექსტში უარყოფითად შეფასდა OGP-ის ფარგლებში ეროვნულ დონეზე შექმნილი საქართველოს პირველი სამოქმედო გეგმა. OGP-ის მიმოხილვის თანახმად, 2016 წლამდე მოქალაქეებს მონაწილეობისა და ჩართულობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ სახელმწიფო აუდიტის პროცესში. ასევე, წარუმატებლად შეფასდა საბიუჯეტო პროცესებზე ზედამხედველობის ნაწილში საზოგადოების მონაწილეობის ხარისხიც. ანალოგიურად, ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ორი მესამედი მიიჩნევდა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მათი ინფორმირება ხარჯების მონიტორინგის ნაწილში.

 

თუმცა, საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმამ პროცესი უფრო ინკლუზიური გახადა, მონაწილეობის მექანიზმების დანერგვის გზით აღნიშნულ კომპონენტშიც შესამჩნევი გაუმჯობესება აჩვენა. კერძოდ, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით სამოქმედო გეგმაში გაიწერა ონლაინ პეტიციის პლატფორმისა (ichange.ge) და საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა.

 

საქართველოს მესამე სამოქმედო გეგმით კიდევ უფრო განმტკიცდა მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის კომპონენტი, რაც თავად სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესში საჯარო კონსულტაციების 15 ქალაქში გამართვით გამოიხატა, რომელშიც საერთო ჯამში 800-მდე ადამიანი და დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრი მონაწილეობდა. გარდა ამისა, ამავე გეგმის ფარგლებში დადებითად შეფასდა ადგილობრივი მედიის ჩართულობაც, რაც პროცესის გაშუქებასა და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატა.

 

2013-2019 წლებში ღია მმართველობა საქართველოს პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა, ხოლო 2019 წლიდან პროცესების როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე  მართვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გადაიბარა. სწორედ ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობითა და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობის შედეგად ჩამოყალიბდა  მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ღია მმართველობასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების ადვოკატირების შესაძლებლობა მიეცათ. საბჭოს დებულება და შემადგენლობა 2020 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავრობის №110 დადგენილებით დამტკიცდა. ამავე დადგენილების თანახმად, პროცესში მონაწილეობის მიღება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძო სექტორსა და დაინტერესებულ მუნიციპალურ ორგანოებს ეთხოვათ. საბჭოში ხმის უფლებით ყველა მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები სარგებლობენ. 

 

მიუხედავად არსებული პლატფორმისა, საქართველომ სრულად ჩააგდო ეროვნული სამოქმედო გეგმის სრული ციკლი. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მთავრობის მიერ განსაზღვრულ ვადებში არაერთხელ მოხდა ახალ, ამბიციურ ვალდებულებათა სპეციალური პაკეტის წარდგენა, ორი წელია ქვეყანას OGP-ის ახალი სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ მიუღია. არანაკლები პრობლემაა ხელისუფლების ნაკლები მზაობა, აიღოს ამბიციური ვალდებულებები, რომლებიც მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლაში, ციფრული ტრანსფორმაციისა და საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვან პოზიტიურ/ტრანსფორმაციულ როლს ითამაშებენ. 

 

ამის ფონზე შეინიშნება OGP-ის ინიციატივაში საქართველოს მუნიციპალიტეტების აქტიურობის გაზრდა. თბილისის მერია OGP Local-ის პროგრამას საპილოტე 15 ქალაქთან ერთად (მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან) 2016 წელსვე შეუერთდა. ამჟამად, თბილისის მერია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშია. 

 

ამავდროულად, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიერ ნებაყოფლობით აღებული ვალდებულებები წარმოდგენილი იყო ქვეყნის OGP-ის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში. 

 

პროცესში მუნიციპალიტეტების წარმატებული მონაწილეობის შედეგია 2020 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამისთვის (OGP Local) საქართველოს სამი მუნიციპალიტეტის  (ახალციხე, ოზურგეთი და ხონი) შერჩევა, რაც ასევე დაინტერესებულ მხარეთა მხარდაჭერით განხორციელდა. კერძოდ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. მუნიციპალიტეტებს ტექნიკური მხარდაჭერა კი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამამ (USAID/GGI) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაუწია.

 

მუნიციპალიტეტების გაზრდილი აქტიურობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად, ინიციატივაში ჩართული მუნიციპალიტეტების მხრიდან შესაბამისი ვალდებულებებისა და რეფორმების ინიცირებითა და პრაქტიკაში განხორციელებით. ამისთვის მნიშვნელოვანია მათთვის საერთაშორისო დონეზე დაგროვილი კარგი პრაქტიკების გაზიარებით, ასევე, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით. 

 

მონაწილეობისა და ჩართულობის გასაზრდელად OGP-ის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები სხვადასხვა ქვეყანაში

 

უკრაინა: ProZorro წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ პლატფორმას, რომელიც სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას, აკონტროლონ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერები, ასევე ხელი მიუწვდებოდეთ შესყიდვებთან დაკავშირებულ მონაცემებზე. პლატფორმის შექმნის იდეა სამოქალაქო სექტორს ეკუთვნის, რომელიც საერთო ჯამში, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისა და თანაშექმნის წარმატებულ შედეგად იქცა. ProZorro-ს მონაცემებზე დაყრდნობით ასევე შეიქმნა დამატებითი პლატფორმა - DoZorro, რომელიც სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფების მხრიდან საეჭვო შესყიდვების იდენტიფიცირების მიზნით აქტიურად გამოიყენება. 

 

ესტონეთი: ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, ესტონეთში შეიქმნა ონლაინ პლატფორმა “My Municipality”, რომელიც ასობით სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით თვითმმართველი ერთეულების მიერ საჯარო სერვისების მდგომარეობის სისტემატურ მიმოხილვას აქვეყნებს, მოქალაქეებს კი საცხოვრებელი გარემოს მიმართ კმაყოფილების შეფასებასა და პრიორიტეტების განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. საჯარო სერვისების მიწოდების შეფასება ესტონეთის სტატისტიკის სამსახურთან ერთად ხორციელდება. 

 

ესპანეთი: ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ქალაქ მადრიდის მოსახლეობისთვის შეიქმნა პლატფორმა - Decide Madrid, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის რამდენიმე ინსტრუმენტს აერთიანებს. 

 

- მონაწილეობითი ბიუჯეტირება - მოქალაქეებს შეუძლიათ პროექტების სახით საკუთარი ინიციატივების წარდგენა, რომლის ბიუჯეტიც 100 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

 

- საკანონმდებლო წინადადებები - პლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს საკანონმდებლო წინადადებების პირდაპირი წარდგენისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა ეძლევათ

 

- კონსულტაციები - მადრიდის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა

 

- დისკუსია - კონკრეტულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის გამოხატვისთვის შექმნილი სადისკუსიო სივრცე

 

აღსანიშნავია, რომ მადრიდის აღნიშნული ინიციატივები გამოიყენეს სხვა ქვეყნების როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელებისას. 

 

ფილიპინები: Development Live (DevLIVE) მობილური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი, დროულად შესრულება და ეფექტურობა რეალურ დროში შეაფასონ. აპლიკაციაში ჩაშენებული რუკის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მისთვის საინტერესო ახლომდებარე სამთავრობო პროექტები მონიშნოს, ასევე სხვა მომხმარებლის მიერ განხორციელებულ უკუკავშირს გაეცნოს. მობილურ აპლიკაციაში დეტალურადაა წარმოდგენილი ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელწოდება, განხორციელების ვადა, გამოყოფილი ბიუჯეტი და წელი, ასევე ზუსტი ლოკაცია. 

 

მაკედონია: ღია ბიუჯეტის ინიციატივა (Open Budget Initiative) წარმატებით განხორციელებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომლის შესრულებაც მაკედონიამ 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმით აიღო. ვალდებულება ითვალისწინებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მოქალაქეებისთვის გასაგები, მარტივად აღქმადი ფორმის შემუშავებას, რომელიც წლის დასაწყისში სპეციალურად შექმნილ ონლაინ პორტალზე, კვარტლების მიხედვით ქვეყნდება. საზოგადოებას მარტივად მიუწვდება ხელი ბიუჯეტის შესრულების ანალიზზე, რომელსაც გარდა ციფრებისა, მათთვის მარტივად აღქმად ენაზე არსებული განმარტებებიც ახლავს თან.

 

სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივ დონეზე და წარმატებული მაგალითები საქართველოში 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესში მაღალი ხარისხის ჩართულობის ხელშეწყობა დეკლარირებულია დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიით. 

 

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მმართველობით პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შემდეგ ფორმებსა და მექანიზმებს განსაზღვრავს: დასახლების საერთო კრება; პეტიცია; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა. გარდა ამისა, კოდექსში ხაზგასმულია, რომ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამები გაითვალისწინოს. 

 

მონაწილეობის აღნიშნული მექანიზმების არსებობის მიუხედავად, კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი პრაქტიკაში სათანადოდ არ არის დანერგილი. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის (LSG ინდექსი) ეროვნული შეფასების 2021 წლის შედეგების თანახმად, შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:

 

- მრჩეველთა საბჭოები არ არის შექმნილი ყველა მუნიციპალიტეტში.

 

- მერის ანგარიშის საჯაროდ წარდგენის პრაქტიკას მუნიციპალიტეტების მხოლოდ 28%-ში ჰქონდა ადგილი

 

- საკრებულოს წევრების ანგარიშების მოსმენა მუნიციპალიტეტების მხოლოდ 14%-ში გაიმართა.

 

კანონით განსაზღვრული მონაწილეობის ფორმების ეფექტურად გამოყენების გამოწვევების პარალელურად, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობითა და მხარდაჭერით, ბოლო წლების განმავლობაში ცხრა მუნიციპალიტეტმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დანერგა, რომლის მეშვეობით ადგილობრივ ბიუჯეტებში კონკრეტული თანხა გამოიყოფა მოქალაქეთა წინადადებებისა და ინიციატივების განსახორციელებლად. პრაქტიკამ ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობის აღნიშნული ფორმა კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, გამოირჩევა მოქალაქეთა მხრიდან მნიშვნელოვანი ინტერესითა და ჩართულობით. რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ცალკეულ გარემოებებს. კერძოდ, სამოქალაქო იდეებისთვის წინასწარ არის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები, რაც მოქალაქეებისთვის გარანტიაა, რომ მათი აქტიურობას ექნება კონკრეტული შედეგი. ასევე, მხარდასაჭერ იდეათა შერჩევა ღია კონკურსის გზითა და გამჭვირვალე პროცედურებით ხდება. 

 

ხსენებული ცხრა მუნიციპალიტეტის ნაწილმა აღნიშნული მექანიზმი OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების სახით განახორციელა. მათ შორის იყო ბათუმის მუნიციპალიტეტიც, რომელსაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული მექანიზმების დანერგვა ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჰქონდა გათვალისწინებული. აღნიშნული ვალდებულება 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებშიც გაგრძელდა და საბოლოოდ, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობითა და ხელშეწყობით წარმატებით განხორციელდა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში” (GGI Georgia) მხარდაჭერით, 2019 წელს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოსთან თანამშრომლობით შექმნა ელექტრონული პლატფორმა idea.batumi.ge, რომელიც ქვეყანაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ერთ-ერთ წარმატებულ მოდელს წარმოადგენს და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თავად წარადგინონ და აირჩიონ ქალაქის განვითარების პროექტები. 

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ჯამში ცხრა მუნიციპალიტეტმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა პრაქტიკაში განახორციელა, აღნიშნული მექანიზმის საკანონმდებლო გარანტიები ქვეყანას უზრუნველყოფილი არ აქვს. გამოწვევად რჩება მისი მდგრადობის უზრუნველყოფა, რადგან ნაკლებად არსებობს მისი ინსტიტუციონალიზების  მექანიზმები. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც მონაწილეობის ეს ფორმა მუნიციპალიტეტებში ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. 

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

ანალიზმა ცხადყო, რომ ღია მმართველობის პარტნიორობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დანერგვისა და ზოგადად, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაში. თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ აუცილებელია ხელისუფლების მეტი გახსნილობა და მიმღებლობა ამბიციური რეფორმებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ინიციატივების მიმართ. 

 

რაც შეეხება თავად მოქალაქეების მონაწილეობის ახალი ონლაინ თუ ტრადიციული ფორმების დანერგვას, სხვა ქვეყნების მსგავსად, მნიშვნელოვანია OGP-ის ინიციატივაში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მეტი ჩართულობა. რისთვისაც, აუცილებელია მათთვის გამოცდილების, კარგი პრაქტიკებისა და ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკური თუ ექსპერტული გამოცდილების გაზიარება. 

 

ამავდროულად, თავად მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაწილეობის ფორმების პრაქტიკაში ეფექტური დანერგვა. ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით, კი მონაწილეობის დამატებით ფორმებს შორის პრიორიტეტულად გახადონ სამოქალაქო ბიუჯეტირების ფორმა, რომლის ინსტიტუციონალიზებისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების შემუშავება და საბიუჯეტო რესურსების უზრუნველყოფა. 


___


 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024