იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 19 სექტემბერი 2023

საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, IDFI მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციისა და ორგანული კანონის მოთხოვნებს. ამდენად, იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიწყოს მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა ან/და გააკეთოს შესაბამისი განმარტება. 

 

2023 წლის 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს  სანქციები დაუწესა. აღსანიშნავია, რომ ოთარ ფარცხალაძე მოხვდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მორიგ  პაკეტში. სანქცირების მიზეზად დასახელდა მისი ბიზნეს კავშირები FSB-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) ოფიცერთან და ამ გზით საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რუსული გავლენების გაძლიერება. სანქციების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა/მოქალაქეობა, რაშიც, სავარაუდოდ, ბიზნეს პარტნიორი/FSB-ს ოფიცერი დაეხმარა. 

 

ოთარ ფარცხალაძე არის მმართველ პარტიასთან აფილირებული პირი და მისი კავშირი მტერი სახელმწიფოს სადაზვერვო ორგანოებთან არაერთ კითხვას ბადებს. განსაკუთრებით, “ქართული ოცნების” წევრთა მიერ ფარცხალაძის გამართლების მიმდინარე მცდელობების გათვალისწინებით. მას შემდგომ, რაც ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებმა ანგარიშები გაუყინეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან ფარცხალაძეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუცია განსაკუთრებული დაცვის გარანტიებს ანიჭებს. საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით მიგვაჩნია, რომ ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქესთან გათანაბრება არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციისა და ორგანული კანონის მოთხოვნებთან და კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები. 

 

საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, ასევე “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, თუ მას საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს წინასწარ ან შემდგომ, შესაბამისად, მოქალაქეობის შენარჩუნების ან/და მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის საკითხზე მასთან არანაირი მოთხოვნა არ შესულა. სხვაგვარად, ოთარ ფარცხალაძეს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა არ შეუნარჩუნებია და არც დაკარგვის შემდგომ მინიჭებია.

 

ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების გარეშე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის აბსოლუტური საფუძველი. მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას სჭირდება მხოლოდ ფორმალური გაფორმება. ამისთვის აუცილებელია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაემორჩილოს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს, მოამზადოს დასკვნა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024