საქართველოს მთავრობა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის ანგარიშის მიღებას აფერხებს

განცხადებები | ღია მმართველობა 19 ნოემბერი 2021

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) 2021 წლის 26 ოქტომბერს გამართულ 21-ე პლენარულ სხდომაზე გათვალისწინებული იყო საქართველოში კორუფციული გარემოს შეფასების ანგარიშის დამტკიცება. თუმცა, საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა აღნიშნულ სხდომაზე დამტკიცებულიყო ანგარიში და დამატებითი დრო მოითხოვა დოკუმენტის ტექსტის შეცვლის მიზნით. ანგარიში პილოტურად მომზადდა OECD/ACN-ის მიერ მეხუთე რაუნდის მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ანტიკორუფციულ გარემოს, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის არსებობის რისკებს შეისწავლის.

 

საქართველოს დელეგაცია OECD/ACN-ის 21-ე პლენარულ სხდომაზე არაკონსტრუქციული და არაკოლეგიალური განცხადებებით გამოირჩეოდა ანგარიშის ავტორების მიმართ; სხდომას ასევე ესწრებოდნენ რეგიონის სხვა ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და სხვა საერთაშორისო აქტორების წარმომადგენლები. საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის საგარეო იმიჯს და OECD/ACN-თან დიდი ხნის განმავლობაში არსებულ პროდუქტიულ ურთიერთობას.

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN-ის მონიტორინგის მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის დამტკიცებაზე უარი ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გამყარებულ ნებას ევროპული, დემოკრატიული, კორუფციისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მქონე ქვეყნის მშენებლობის შესახებ. მოვუწოდებთ მთავრობას, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს მონიტორინგის ჯგუფთან, უზრუნველყოს საპილოტე ანგარიშის დამტკიცება და მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა. 

 

OECD შედგება ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული 38 ქვეყნისგან და ეხმარება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. OECD-ისთან თანამშრომლობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ OECD-ის წევრ ქვეყნებზე მოდის.

 

ამ დახმარების ნაწილია პროგრამა სახელწოდებით ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის (OECD/ACN), რომლის ფარგლებშიც პერიოდულად ხდება მონაწილე ქვეყნების ანტიკორუფციული გარემოს შემოწმება და კონკრეტულ რეფორმებზე რეკომენდაციების გაცემა.

 

2020 წელს OECD/ACN-მა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ანტიკორუფციული სისტემის 13 მსხვილ სექტორულ მიმართულებაზე ახალი ინდიკატორები შეიმუშავა, რომელთა მიხედვით ქვეყნები 2022 წლიდან ყოველწლიურად უნდა შეფასდნენ.

 

ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვამდე, „ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ (EU for Integrity) პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ხუთი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა – საპილოტე მონიტორინგის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს. წინასწარი დათქმით, მონიტორინგის რაუნდის ხასიათის გათვალისწინებით, OECD/ACN თითოეულ სექტორულ მიმართულებაზე ქვეყნის მიერ მიღებულ ქულებსა და ინდიკატორების შესრულების რეიტინგებს არ გამოაქვეყნებდა, თუმცა, პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცების შემდეგ მონიტორინგის ანგარიშის აღწერითი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო.

 

OECD/ACN-ის მონიტორინგის მისიამ კორუფციასთან დაკავშირებული შემდეგი სფეროები შეაფასა:

  • საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელება;
  • ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის პრაქტიკაში აღსრულება;
  • თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება;
  • მამხილებელთა დაცვის პრაქტიკაში აღსრულება;
  • სასამართლო და პროკურატურის სისტემები;
  • სახელმწიფო შესყიდვების სისტემა;
  • მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელება შეაჩერა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრაზე, განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებაზე, ასევე საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულებაზე – ბოლოს ორი წლის წინ შეიკრიბა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო – რეალურად არ არსებობს, რადგან მასში უკვე 7 თვეზე მეტია ერთი ადამიანიც კი არ არის დასაქმებული. 2021 წლის მიწურულს კვლავ არ არის დამტკიცებული 2021-2022 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რეფორმა ორი წელია შეჩერებულია.

 

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღონ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები და აღიარონ ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმების განხორციელებისათვის.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023