„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2016 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს - „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ მოამზადა და გამოქვეყნდა არაერთი კვლევა თუ ანალიზი, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოში არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შესწავლასა და საკითხის მარეგულირებელი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას.
სასამართლო გადაწყვეტილებათა გაცემისას ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის საკითხს ეხება „სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის“ (კანადა) აღმასრულებელი დირექტორის ტობი მენდელის აკადემიური ნაშრომიც - „სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოში: როგორ დავიცვათ ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის“. დოკუმენტი მიმდინარე წლის მარტს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც იგი IDFI-ის მიერ ითარგმნა და ხელმისაწვდომი გახდა შესაბამისი დაინტერესებული პირებისთვის საქართველოში.
ამჯერად გთავაზობთ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული ორგანიზაციის „მე-19 მუხლის“ (Article 19) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს - „გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გლობალური პრინციპები“. ორგანიზაცია 1987 წლიდან მუშაობს ინფორმაციის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებზე ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორებიც არიან გაერო, ეუთო, Amnesty International და სხვები.
ორგანიზაციის მიერ ამჯერად გამოქვეყნებული დოკუმენტი „მე-19 მუხლის“ საერთაშორისო სტანდარტების სერიის ნაწილია, რომელიც ემსახურება სხვადასხვა თემატურ მიმართულებებში გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის გავლენის უფრო დეტალურად შემუშავებას. ეს პრინციპები არის კვლევის, ანალიზის და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში „მე-19 მუხლის“ რეგიონული ოფისებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ფართო გამოცდილებისა და მუშაობის შედეგი.
დოკუმენტის შესავალში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დემოკრატიული საზოგადოების, მისი პროგრესისა და ყოველი ინდივიდის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და კარგი მმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გამოხატვისა და აზრის თავისუფლების დაცვა და პატივისცემა. იგივე შეიძლება ითქვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რომელიც თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფო და კორპორაციული ძალაუფლების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ბერკეტია.
დოკუმენტში ჩამოყალიბებული გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები (სულ 30 პრინციპი) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისთვის. გამჭვირვალე მართლმსაჯულების საკითხს ეხება მე-14 პრინციპი, რომლის თანახმადაც სახელმწიფოებმა საკუთარი ეროვნული კანონმდებლობითა და პრაქტიკით უნდა უზრუნველყონ სასამართლოს სრული გამჭვირვალობა. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს პროცესის მონაწილე მხარეთა ვინაობა, როგორც სისხლის სამართლის ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში; სასამართლო სხდომები უნდა იყოს საჯარო და ნებადართული უნდა იყოს მათი ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ტრანსლირება, სხდომათა ფოტო გადაღება და სხდომათა დარბაზში სოციალური მედია საშუალებების გამოყენება. მოცემული პრინციპიდან შესაძლებელია არსებობდეს გამონაკლისები, თუმცა ისინი უნდა იყოს კანონმდებლობაში ვიწროდ და არაორაზროვნად ჩამოყალიბებული, ამასთან მართლმსაჯულების გამჭვირვალობის შემზღუდველი ნებისმიერი ზომა უნდა იყოს აუცილებელი, პროპორციული და ლეგიტიმური.
სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული პრობლემები აქტიური განხილვის საგანი სწორედ IDFI-ის მუშაობის შედეგად გახდა. სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თუმცა, ამასთან, ხაზგასმულიქნა, რომ კანონმდებლობის ცვლილების პროცესში აუცილებელია, დაცული იყოს ბალანსი ამ ორ ინტერესს შორის.
სწორედ გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამ ორ ინტერესს შორის ბალანსის დაცვის საკითხებს ეხება გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის 30 გლობალური პრინციპი, რომელიც დეტალურად არის განხილული მოცემულ დოკუმენტში (იხ. სრული დოკუმენტი).
პრინციპები ქართულად ითარგმნა ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ პროექტის ფარგლებში „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“. პროექტს IDFI 2016 წლის ივლისიდან ახორციელებს „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით. პროგრამა დაფინანსებულია „შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) მიერ.
/public/upload/IDFI_FOTOS_2016/Article_19_Expression_and_Privacy_Principles.pdf