საქართველოს პარლამენტმა საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონი მიიღო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 თებერვალი 2023

10 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ახალი კანონი საჯარო შესყიდვების შესახებ. კანონპროექტი მოამზადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან აპროქსიმაციის მიზნით. მიღებული კანონი მიზნად ისახავს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახრების ეფექტიანად და სამართლიანად ხარჯვის უზრუნველყოფას, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, და მდგრადი განვითარების კუთხით საჯარო შესყიდვების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით წარმართვას.

 

IDFI-მ 2022 წელს მოამზადა კანონპროექტის პირველი რედაქციის ანალიზი, რომელშიც განხილული იყო წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და მათი შესაბამისობა საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მიერ წლების განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით. კანონპროექტში მესამე მოსმენით მიღებამდე არსებითი ცვლილებები ტექსტში არ შესულა, შესაბამისად აღნიშნული ანალიზი ამ დროისთვის აქტუალური რჩება.

 

IDFI-ს შეფასებით, ახალი კანონი მეტწილად პასუხობს აპროქსიმაციის კუთხით წამოწეულ გამოწვევას, და ცვლილებების დიდი რაოდენობა პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. აღსანიშნავია ქვეკონტრაქტორების ცნების შემოტანა და დარეგულირება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციის რისკებს. ასევე მისასალმებელია ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების დეტალური ჩამონათვალი, და ცნების აღნიშნულ ქვეკონტრაქტორებზე გავრცელება.

 

ახალი კანონპროექტი ასევე მკაფიოდ განსაზღვრავს დავების საბჭოს წევრთა დანიშვნისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების წესებს, რაც წლების განმავლობაში იყო IDFI-ს ერთ-ერთი რეკომენდაცია შესყიდვების სფეროში. მაგალითად, 2020 წელს ორგანიზაციის მიერ მომზადებულ იმდროინდელი საბჭოს მიმოხილვაში აღინიშნებოდა, რომ მნიშვნელოვანი იყო დანიშვნისა და გათავისუფლების დეტალური წესების გაწერა არა კანონქვემდებარე აქტში, არამედ კანონში; წევრების უფლებამოსილების ვადების გაზრდა და მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ამაღლება; ასევე, სხვა წინადადებები, რომელთა მთავარ მიზანს საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა წარმოადგენდა. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალ კანონში დავების საბჭოს ნაწილში წარდგენილი ცვლილებები მისასალმებელია.

 

მიუხედავად ამისა, დარჩენილია რამდენიმე გარემოება, რომელიც ზღუდავს ახალი კანონის ეფექტურობას. მაგალითად, IDFI-ის 2021 წლის გამჭვირვალე სახელწიფო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასების მიხედვით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, პრობლემად რჩებოდა გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისთვის შესაძლო გამონაკლისების რაოდენობა. მიღებული კანონი არა თუ არ ჭრის ამ პრობლემას, არამედ ამატებს შემთხვევების სიას, რომლის დროსაც დასაშვებია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის გამოყენება.

 

კანონში ამჟამად საკმაოდ ზოგადად არის განსაზღვრული შესყიდვების შეცვლილი პროცედურები და ინსტრუმენტები. მათი დაზუსტება მომავალში მოხდება კანონქვემდებარე აქტებით. მათი მიღების შემდგომ IDFI მოამზადებს ამ კანონქვემდებარე აქტებით შემოტანილი ცვლილებების ანალიზს. მაგალითისთვის, კანონპროექტის პარლამენტში განხილვის  დროს აღინიშნა, რომ ბაზრის კვლევის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული, რის შესახებაც კანონპროექტში ჩანაწერი არ არის, თუმცა არის მითითება, რომ სააგენტოს ბრძანებით დარეგულირდება ჩატარების პროცედურა, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ აღნიშნულ კანონქვემდებარე აქტში დაზუსტდება შესაბამისი წესი.

 

კანონის ძალაში შესვლის შემდგომ დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სისტემის ხელახლა შეფასება IDFI-ს გამჭვირვალე სახელწიფო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) ფარგლებში. წარსულში საქართველო საკმაოდ მაღალი შეფასებით გამოირჩეოდა რეიტინგში, სადაც ის არსებული მდგომარეობით მესამე ადგილს იკავებს, უკრაინასა და მოლდოვას შემდეგ, თუმცა სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს TPPR-ის რეიტინგის 2023 წლის მდგომარეობით განახლების შემდგომ. ამ მხრივ საინტერესო იქნება თუ რამდენ ქულას დააგროვებს საქართველო ახალი კანონით.

 

მიღებული კანონის უფრო ვრცლად ანალიზს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.  

 

/public/upload/Analysis/the_draft_law_on_public_procurement.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024