2023 წლის 31 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევის „ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი“ პრეზენტაცია გამართა და კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა.
კვლევის ფარგლებში გაანალიზდა საპენსიო აქტივების მართვის და მთლიანად რეფორმის მთავარი გამოწვევები, მათ შორის ინვესტირების რისკიანობა და აქტივების მართვის დამოუკიდებლობა. ქართული და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა რეკომენდაციები.
პრეზენტაციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მიხეილ კუკავამ და საპენსიო რეფორმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„საპენსიო რეფორმა ვერ იქნება შედეგიანი თუ საპენსიო სააგენტოს არ ექნება საინვესტიციო დამოუკიდებლობა, ხოლო საპენსიო აქტივების განთავსების რისკიანობა არ გაიზრდება. დაარსებიდან დღემდე რეალური ამონაგები 3.56%-ია. ჩვენ გვჭირდება ამონაგების ხელშესახები ზრდა იმისთვის, რომ ინფლაციას დავეწიოთ. ამისთვის კი შეუცვლელია განთავსების რისკიანობის ზრდა“, აღნიშნა მიხეილ კუკავამ.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა საპენსიო რეფორმის ოთხი მთავარი გამოწვევაა:
1. საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა
2. განთავსების რისკიანობა & საპენსიო კანონის ცვლილებები
3. საპენსიო ასაკი
4. სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის რეკომენდაციები:
- გაფართოვდეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი და გონივრულობის ფარგლებში გაიზარდოს განთავსების რისკიანობა.
- შესაბამისი მოდელირების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიის საფუძველზე.
- მომზადდეს გადაწყვეტილება, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს შეუწყდეთ სოციალური (საბაზისო) პენსია.
- განისაზღვროს ვადა, რომლიდანაც სოციალური (საბაზისო) პენსიის ზრდა, მათ შორის ინდექსაციით, შეჩერდება.
- პენსიონერების მზარდი რაოდენობის ფონზე ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად დაიწყოს საპენსიო ასაკის გასაზრდელად მუშაობა საზოგადოებრივი ცნობიერების მოსამზადებლად.
- საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მოხდეს ფინანსურ ინსტრუმენტებში (ფასიან ქაღალდებში, საბანკო პროდუქტებში) და არა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგალითად ხუდონის ან ანაკლიის მშენებლობაში, რაზეც მთავრობა საუბრობს.
- დაიწყოს საპენსიო სქემის გაფართოება, მასშტაბის ეფექტის გასაზრდელად.
კვლევის პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა პანელური დისკუსია. დისკუსიის ფარგლებში საკითხი განიხილეს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ; ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკო გაგუამ; საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ; ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილმა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი გურგენიძემ და გალტ & თაგარტის მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების უფროსმა, ლაშა ქავთარაძემ.
ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) მხარდაჭერით.
კვლევა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.