ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის შეფასება

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 18 აპრილი 2022

ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა დემოკრატიის შენების პროცესში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა გაძლიერება ძირეული ცვლილების განხორციელებას მოითხოვს როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.

 

გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით საქართველომ არსებითი ნაბიჯები გადადგა როგორც სამართლებრივი გარემოს მოწესრიგების კუთხით, ისე შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვისა და განხორციელების გზით პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ასპექტში. ასევე, გლობალურ დიალოგში ჩართულობის მიზნით, საქართველო შეუერთდა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საერთაშორისო მექანიზმებს. მათ შორის, აღსანიშნავია, 2017 წელს, ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის („სტამბოლის კონვენცია“) რატიფიცირება. გენდერული თანასწორობის ირგვლივ გლობალურ დიალოგში ჩართულობის მზაობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანაც იქნა გამოხატული. მაგალითისთვის, 2019 წელს, საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტი[1] შეუერთდა „ევროპულ ქარტიას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“,[2] რომელიც  ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის კონტექსტში მნიშვნელოვან პრინციპებს აყალიბებს. ამ დროისათვის ქარტიას საქართველოს 20-ზე მეტი მუნიციპალიტეტი აწერს ხელს. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მხრიდან, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის[3] „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება”- ფარგლებში, ეროვნული სამოქმედო გეგმის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლოკალიზაციის „საგზაო რუკა” იქნა დამტკიცებული.

 

2017 წელს, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი კაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად,[4] რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს სახელმწიფოს ვალდებულებას, შემოიღოს და განახორციელოს სპეციალური კანონები, პოლიტიკა და პროგრამები, ქალებისთვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.[5] საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევის სამართლებრივ მექანიზმებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ.[6]  კანონი ასევე ადგენს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს.

 

ქვეყნის დონეზე არსებული სისტემური გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანასწორობის პრინციპების დანერგვისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგების გარეშე წარმოუდგენელია. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია, ყოველივე ჩამოთვლილი დაეყრდნოს ინკლუზიურ და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებს.

 

აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ცვლილებებიც, რაც საქართველოში ამ კუთხით ბოლო წლებში გადაიდგა. კერძოდ, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფა დეკლარირდა როგორც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. გარდა ამისა, მმართველობის ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ეხმიანება გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მე-5 მიზანი, რომელიც ქალთა და გოგონათა გაძლიერების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვან როლს აკისრებს, რაც, ნაციონალიზაციის პროცესში, საქართველოსთვის მისადაგებულ ამოცანებს შორის შემდეგნაირად განისაზღვრა: ყველა ადგილას ყველა ქალისა და გოგონას მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის შემცირება; პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული და ეფექტიანი მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების ყველა დონეზე ლიდერობისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ასევე, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაზე და რეპროდუქციულ უფლებებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა.

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით.[7] გამომდინარე აქედან, თვითმმართველ ერთეულებს შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამების/პროექტების ინიცირებისა თუ პრიორიტეტულ დოკუმენტების შემუშავებისას, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები თავად გახდნენ.

 

დეცენტრალიზაციის მხარდაჭერის პროცესში გენდერული უთანასწორობის საკითხების  გათვალისწინების მიზნით, 2016 წელს, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში გაჩნდა ცვლილება, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებს დაევალათ მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით, კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს შესაბამის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 54 მუნიციპალიტეტიდან, რომელთაც IDFI-ს გენდერული საბჭოს საქმიანობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოაწოდეს, მხოლოდ 18-ს ჰქონდა შემუშავებული 2021 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.

 

- მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ წარუდგინა საკრებულოს 2020 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში.

 

- გენდერულ საბჭოთა უმეტესობის მიერ მომზადებულ ანგარიშს არ აქვს შესაბამისი სტრუქტურა, შინაარსობრივად კი აცდენილია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.

 

- 64 მუნიციპალიტეტიდან, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა/ქვეპროგრამა, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, 13 მუნიციპალიტეტის შემთხვევაშია გაწერილი.

 

- უმეტეს შემთხვევაში, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობათა განხორციელების ბიუჯეტი ცალკე დამტკიცებული არ არის.  გენდერული საბჭოს მიერ დაგეგმილი აქტივობები, როგორც ადმინისტრაციული ხარჯებიდან, ისე კონკრეტული სტრუქტურული ერთეულების ბიუჯეტიდან, თემატიკის მიხედვით ფინანსდება, რაც ჩაშლილია ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებში.

 

- 2020-2021 წლებში გენდერული საბჭოს სხდომები არც ერთხელ ჩატარებულა ბორჯომის, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, აბაშის, ყვარლის, საჩხერის, ჭიათურის, ხელვაჩაურის, ხობის, თიანეთისა და მარტვილის შემთხვევაში. ასევე, ამავე პერიოდში, 6 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა.

 

- გენდერული საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობის მიღებას, ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშების მომზადებას ადგილი არ ჰქონია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში, რაც გენდერული საბჭოს მხოლოდ ფორმალურ დონეზე არსებობაზე მიუთითებს.

 

- მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის მიმართულებების მიხედვით გენდერული აუდიტი მხოლოდ ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

 

- მუნიციპალიტეტების მხრიდან IDFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გენდერული საჭიროებების კვლევა მხოლოდ სამტრედიის, ქედის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა. სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, გენდერული საჭიროებების კვლევის ჩატარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად, საჯარო მოხელეთა შესაბამისი კვალიფიკაციის ნაკლებობასახელდება.

 

- ადგილობრივ დონეზე მოქმედი გენდერული საბჭოები ვერ უზრუნველყოფენ სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების საჭიროებების კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებას, და ძირითადად, ერთჯერადი კამპანიებისა და დახმარების გაცემით შემოიფარგლებიან.

 

- მწირი ბიუჯეტიდან და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ჩაატარონ საჭიროებების კვლევები, რომელზე დაფუძნებითაც შემდგომში შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს და განსაზღვრავენ პრიორიტეტებს.

 

- სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებიდან, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხორციელდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის გრძელვადიანი სტრატეგიის, ასევე გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებათა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება, რაც, კვლავ შესაბამისი საჯარო მოხელეების, ან საბჭოს წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობას უკავშირდება.

 

- მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმათა უმრავლესობა ითვალისწინებდა ოფიციალურ ვებგვერდზე საბჭოსთვის ცალკეული სექციის დათმობას და ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. უმეტეს შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ გამოყოფილი საბჭოს შესაბამისი სექცია, ასევე, არ არის გამოქვეყნებული სამოქმედო გეგმები, სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშები თუ საბჭოს სხდომის ოქმები.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

მუნიციპალური გენდერული საბჭოების საქმიანობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუხედავად ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული აქტივობებისა, საბჭოების შექმნის მთავარი მიზნები ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული. ადგილობრივ დონეზე მოქმედი გენდერული საბჭოები ვერ უზრუნველყოფენ ქალთა ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრას. შესაბამისად, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება შესაბამის მტკიცებულებებსა და კვლევებს არ ეფუძნება. მუნიციპალიტეტები გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, ძირითად შემთხვევაში, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებით, ასევე ერთჯერადი კამპანიებისა და დახმარების გაცემით შემოიფარგლებიან. გარდა ამისა, მწირი ბიუჯეტიდან და საჯარო მოხელეთა შესაბამისი კვალიფიკაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, მუნიციპალური გენდერული საბჭოები ვერ ასრულებენ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალური საბჭოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვერ უზრუნველყოფენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საბიუჯეტო ადვოკატირებას, რაც შემდგომში ბიუჯეტის პროექტში გენდერული თანასწორობისკენ მიმართული პროგრამების/ქვეპროგრამების არარსებობაზე აისახება.

 

ანალიზზე დაყრდნობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ადგილობრივ დონეზე არსებული გენდერული საბჭოების ეფექტურად მუშაობისთვის შემდეგი სახის რეკომენდაციები შეიმუშავა:

 

- თანამშრომლობის გასამყარებლად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სისტემატურად მოხდეს გენდერის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა/გაზიარება.

 

- მუნიციპალიტეტებმა პრიორიტეტად უნდა განსაზღვრონ გენდერის კუთხით საბაზისო მონაცემების შეგროვება, მოახდინონ შესაბამის მონაცემებზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების განვითარება.

 

- მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ბიუჯეტის გენდერული ანალიზის განხორციელება; ანალიზზე დაყრდნობით გენდერული ბიუჯეტირების კომპონენტების გათვალისწინება მომდევნო წლის ბიუჯეტში.

 

- საბიუჯეტო ციკლის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილ იქნას გენდერული ასპექტების გათვალისწინება, საჭიროებების განსაზღვრისას მოხდეს ქალთა მაღალი დონის ჩართულობა.

 

- ადგილობრივ საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმების და პროგრამების შემუშავება, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტულ/პოლიტიკის დოკუმენტებში ქალთა საკითხების წინ წამოწევა.

 

- გენდერის კუთხით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდებზე გენდერული თანასწორობის საბჭოს სექციის გამოტანას და მასზე ინფორმაციის პერიოდულ განახლებას გულისხმობს.

 

______

 

[1] ოზურგეთი, ლაგოდეხი, რუსთავი, ქუთაისი და ახმეტა

[2]„ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ (2006). ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR). ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DpNTV6

[3]გაეროს რეზოლუცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჰუმანიტარული რეაგირების დაგეგმვაში, სამშვიდობო ოპერაციებში, კონფლიქტის შემდგომ სამშვიდობო საქმიანობასა და მმართველობაში ქალთა მონაწილეობისა და გენდერული საკითხების ჩართვის მნიშვნელობის შესახებ

[4]საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 11

[5] საქართველოს ახალი კონსტიტუციით არსებითი გენდერული თანასწორობა გარანტირებულია (2018). გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NkpPri

[6]საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“

[7] საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”. მუხლი 16, ნაწილი 4.

 

/public/upload/00_studies/Evaluation of the Gender Equality Policies at the Local Level__GEO.pdf

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024