სახალხო დამცველის არჩევა 2022: შუალედური მიმოხილვა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 24 ოქტომბერი 2022

საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება უფლებამოსილების ვადა. ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მე-12 პრიორიტეტის შესაბამისად, “სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ”[1].

 

საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობის კონსტიტუციურ ორგანოს, რომელსაც 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.[2]საქართველოს პარლამენტის არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველის არჩევას აუცილებლად სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა.

 

 

1. სახალხო დამცველი არჩევის პოლიტიკური კონტექსტი და ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (ერთჯერადი მოწესრიგება)

 

ბოლო წლებში გაიზარდა მოქმედ სახალხო დამცველზე მმართველი პარტიის თავდასხმისა და მისი დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები. აღნიშნულზე მიუთითებს, 2021 წლის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს ანგარიში. ანგარიშის თანახმად „სახალხო დამცველის ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები“.[3]

 

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-12 პრიორიტეტის აღსრულების კონტექსტში,  მმართველი პარტიის ინიციატივით დაიწყო საქართველოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის პროცესი. შედეგად, პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში განისაზღვრა სახალხო დამცველის შერჩევის საგამონაკლსო წესი, რომელიც მხოლოდ სახალხო დამცველი შერჩევის მიმდინარე პროცესის დროს იქნება გამოყენებული.[4]    

 

რეგლამენტში განხორცილებული ცვლილებით, განსხვავებულად ჩამოყალიბდა სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა სადაც გამოსაყოფია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

 

1. შეიქმნა სახალხო დამცველის სამუშაო ჯგუფი/საკონკურსო კომისია, რომელიც სახალხო დამცველი კანდიდატის წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებთან[5] კონსულტაციის შედეგად უნდა დაკომპლექტდეს;

 

2. სახალხო დამცველის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებისა და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრის უფლებამოსილება გადაეცა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს;

 

3. საკონკურსო კომისია აფასებს თითოეულ კანდიდატს ოთხ სხვადასხვა კომპონენტში. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომისიის შეფასებას არ აქვს სავალდებულო ძალა. სათანადო სუბიექტი უფლებამოსილია წარადგინოს ნებისმიერი კანდიდატი, რომელმაც კომისიას მიმართა, მიუხედავად მიღებული შეფასებისა;

 

4. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უფლებამოსილი სუბიექტთა მიერ წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა იქნება 7 ზე ნაკლები კანდიდატთა შერჩევა დაიწყება თავიდან.

 

რეგლამენტში  შესატანი ცვლილებები მომზადდა მმართველი პარტიის მიერ და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას ცვლილებებს მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმაც. რეგლამენტს კენჭი ეყარა სამი მოსმენით და ცვლილებების წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს ხმა არ მიუცია.

 

2. სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურების შეფასების წესი

 

რეგლამენტში შესული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2022 წლის 14 სექტემბერს მიიღო „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესი“ (შემდგომ - წესი). წესის შესაბამისად კანდიდატები განცხადებების წარდგენის შემდეგ ფასდებიან საკონკურსო კომისიის მიერ, რომლშიც ჩართულია სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეები.  როგორც ზემოთ აღინიშნა, შეფასების სამუშაო ჯგუფის 9 წევრის შერჩევამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს კონსულტაციებს საპარლამენტო სუბიექტებთან ვისაც აქვთ სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება. ჩვენთვის უცნობია ჩატარდა თუ არა ამგვარი კონსულტაციები, და სამუშაო ჯგუფის რომელი წევრი რომელმა კვალიფიციურმა სუბიექტმა წარადგინა.

 

2.1. პოტენციური კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები

 

პარლამენტის თავჯდომარის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ზეპირი მოსმენის გარეშე, კანდიდატების მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეაფასეს თითოეულ მათგანი ოთხი სახელმძღვანელო კრიტერიუმით:[6].


 

2.2. კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

შეფასების წესის მიხედვით, კანდიდატს მოეთხოვა სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენა კომისიისთვის. ყველა ეს მოთხოვნა იყო ფორმალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და რეზიუმე. თუმცა კანდიდატს შეხედულებისამებრ, განაცხადისთვის უნდა დაერთო  ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები.

 

2.3. დამატებითი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა

 

კომისიის წევრს ობიექტური შეფასების მიზნით, კანდიდატთა მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო დამატებითი ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის დახმარებით.

 

2.4. კანდიდატის შეფასების პრინციპები

 

შეფასების სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი კანდიდატს, ცალკეული კრიტერიუმის მიხედვით, აფასებს 0-დან 10 ქულამდე. ერთი შემფასებლის მიერ დაწერილი მაქსიმალური ქულა ერთი კანდიდატისთვის შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 40, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ითვალისწინებს შეფასებისაგან თავის შეკავების შესაძლებლობას. კერძოდ, თუ შეფასების სამუშაო ჯგუფის წევრი მიიჩნევდა, რომ მას არ აქვს კონკრეტული კანდიდატის რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით შეფასებისთვის საკმარისი ინფორმაცია, მას უფლება ჰქონდა, თავი შეეკავებინა აღნიშნული კანდიდატის ამ კრიტერიუმის მიხედვით შეფასებისგან. წესის მიხედვით, ამგვარი თავის შეკავება არ შეიძლება განმარტებული ყოფილიყო ამ კანდიდატის მიმართ შემფასებლის დადებით ან უარყოფით შეხედულებად.

 

2.5. დასაბუთების წარდგენის უფლებამოსილება

 

შემფასებელი უფლებამოსილი იყო კანდიდატის შეფასებისთვის დაერთო განმარტება/დასაბუთება დაწერილი ქულების თაობაზე. განმარტება/დასაბუთება არ იყო კომისიის წევრის ვალდებულება.  შეფასების კომისიის ფუნქციად განისაზღვრა პარლამენტის უფლებამოსილი სუბიექტებისთვის კანდიდატთა შესახებ მაქსიმალურად სრული ინფორმაციის მიწოდება.  კომისიის მიერ განხორციელებული ამგვარი შეფასება არ ატარებს მბოჭავ ხასიათს, არამედ წარმოადგენს ერთგვარ სარეკომენდაციო დოკუმენტაციას, რომლის გათვალისწინების ვალდებულება პარლამენტს არ წარმოეშობა.

 

2.6. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული საკვანძო თარიღები

 

 

3. სამუშაო ჯგუფის/საკონკურსო კომისიის საქმიანობის შედეგები

 

სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 19 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, არის სამი კანდიდატი, რომლებიც ერთობლივად დასახელდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილის (სულ 52 ორგანიზაცია) მიერ. 

 

2022 წლის 28 სექტემბერს შეიქმნა სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის სამუშაო ჯგუფი/საკონკურსო კომისია.[7] რომელსაც დაევალა სახალხო დამცველობის პოტენციურ კანდიდატთა შეფასება, იდენტიფიცირებული კრიტერიუმების შესაბამისად მხოლოდ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

3.1. საკონკურსო კომისიის საქმიანობის პერიოდი

 

29 სექტემბერს დასრულდასახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება.[8]  საკონკურსო კომისიის მუშაობის საბოლოო ვადად განისაზღვა 13 ოქტომბერი. საკონკურსო კომისიამ იმუშავა 14 კალენდარული დღის განმავლობაში. 13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა კანდიდატთა შეფასებები.  საკონკურსო კომისიას 10 სამუშაო დღეში უნდა მოეხერხებინა კანდიდატთა პროფესიული შეფასება 4 ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინებით მხოლოდ წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე. 19 კანდიდატის სრულფასოვანი პროფესიული შეფასება, განსაკუთრებით კანდიდატებთან გასაუბრების გარეშე, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ჩვენი აზრით პრობლემურია.

 

3.2. კანდიდატებთან გასაუბრების შეზღუდვა და კანდიდატის პროფესიული შეფასებისთვის სათანადო ინფორმაციის ნაკლებობა

 

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველი პოტენციური კანდიდატების შერჩევა უნდა მომხდარიყო მხოლოდ წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე. იკვეთება რომ ამ შეზღუდვამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კანდიდატთა შეფასების ხარისხზე. განსაკუთრებით იმ კანდიდატებზე, რომელთა თაობაზეც საჯარო სივრცეში ნაკლები ინფორმაცია მოიპოვება. კონდიდატებს არ მიეცათ საშუალება წარმოედგინათ თავიანთი პოზიცია იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომელთა გამოც კომისიის წევრს მათთვის შესაძლოა ქულა დაეკლო. იდენტურად, გასაუბრების არ არსებობამ საპირწონე შესაძლებლობა წაართვა კომისიის წევრებსაც, მათ ვერ მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, რამაც, ბუნებრივია გავლენა იქონია შეფასებების ხარისხზეც.

 

3.3. სამუშაო ჯგუფის წევრთა შეფასებების დასაბუთებები

 

რიგ შემთხვევებში საკონკურსო კომისიის წევრებმა გამოიყენეს ქულათა დასაბუთების/განმარტებების წარდგენის შესაძლებლობა. წარდგენილი განმარტებები განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ფორმით ისე შინაარსობრივი მოცულობით, კომისიის ზოგიერთ წევრს საერთოდ არ წარმოუდგენია განმარტებები. რიგ შემთხვევებში კი შეფასებები, შესაბამისი კომპონენტის შეფასებისთვის ყველა რელევანტურ გარემოებას არ ითვალისწინებს. მაგ. რიგ შემთხვევაში პოტენციური სახალხო დამცველობის კანდიდატის “მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა” შეფასებულია მასიმალური 10 ქულით, მხოლოდ იმის გამო რომ იგი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატთა შეფასების დასაბუთებულობის როგორც ხარისხზე ისე მის სანდოობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია კანდიდატებთან გასაუბრების შეუძლებლობამ. 

 

3.4. კანდიდატთა შეფასებისგან თავის შეკავების მაღალი მაჩვნებელი და კანდიდატთა რეიტინგი

 

თითოეული კანდიდატი შეფასდა კომისიის 9 წევრის მიერ 4 კომპონენტის გათვალისწინებით.   თითოეულ კომპონენტში ერთი კანდიდატი მაქსიმალური 10 ქულით ფასდებოდა. ამდენად, ერთი შემფასებლის მიერ ერთი კანდიდატისთვის მინიჭებული მაქსიმალური ქულა შეიძლებოდა ყოფილიყო 40 (4*10), ხოლო ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობა 360 (40*9).როგორც ზემოთ აღინიშნა, კომისიის წევრს შეეძლო კანდიდატის შეფასებისგან თავის შეკავება. აღნიშნული უფლებამოსილება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ აქტიურად იქნა გამოყენებული.

 

 

თავის შეკავების მაჩვენებელი კანდიდატების მიხედვით რადიკალურად განსხვავდებოდა, და საბოლოო ჯამში, შესაფასებელი კრიტერიუმების საერთო რაოდენობის 40%  შეადგინა. ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლები იქნებოდა, სახალხო დამცველის პოტენციურ კანდიდატებთან, რომ შემდგარიყო გასაუბრება სათანადო პროცედურით და ხანგრძლივობით.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ,  შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით “კონკრეტული კანდიდატის შეფასებისგან თავის შეკავება არ შეიძლება განიმარტოს ამ კანდიდატის მიმართ შემფასებლის დადებით ან უარყოფით შეხედულებად”. შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა კონკურსანტების ქულათა რეიტინგი. სამწუხაროდ,  ქულათა რეიტინგის შედგენისას არ იქნა გათვალისწინებული საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ კანდიდატის შეფასებისგან თავის შეკავების შემთხვევები.[9]  კანდიდატებისთვის მინიჭებული საბოლოო ქულები წარმოდგენილია ცხრილის სახით.

 

 

შეუფასებელი კრიტერიუმების მაღალი მაჩვნებელი, დასაბუთების განმარტებების ნაკლებობა, ჩვენი აზრით, მათ შორის გამოწვეულია სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ხანმოკლე ვადით. 10 სამუშაო დღის განმავლობაში 19 კანდიდატის სრულყოფილად შეფასება შეუძლებელია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შეფასება მოხდა გასაუბრების გარეშე, ასევე კანდიდატების მნიშვნელოვან ნაწილს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში მოღვაწეობის გამოცდილება ნაკლებად გააჩნდათ და ფართო საზოგადოებისთვის ცოტა თუ იყო ცნობილი მათი პროფესიული თუ პიროვნული მახასიათებლების შესახებ.  ჩვენი მოსაზრებით, კანდიდატთა სათანადო პროფესიული შეფასების თვალსაზრისით იდენტიფიცირებული გამოწვევები უმეტესწილად განაპირობა სახალხო დამცველის პოტენციურ კანდიდატთა შერჩევის წესის ზემოთ განხილულმა პრობლემებმა.

 

კანდიდატთა შეფასებისგან თავის შეკავების მაღალი მაჩვენებელი, ისევე როგორც შეფასებების დასაბუთებისა და თანმიმდევრულობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, აჩენს კითხვას, თუ რამდენად დაეხმარება კონკურსის შედეგები - სახალხო დამცველის კანდიდატის წარმდგენ პოლიტიკურ სუბიექტებს. სხვაგვარად, რამდენად მიიღწია საკონკურსო კომისიის ძირითადი მიზანი - გაეკეთებინა კანდიდატების სრულფასოვანი პროფესიული შეფასება და ამით დახმარებოდა სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენაზე უფლებამოსილ პოლიტიკურ სუბიექტებს.

 

4. სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატები

 

21 ოქტომბერს საპარლამენტო ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა სახალხო დამცველობის კანდიდატები წარადგინეს.[10] აღსანიშნავია, რომ კანდიდატი არ წარუდგენია მმართველ პარტიას. მმართველმა პარტიამ 31 აგვისტოს გამოხატა პოზიცია, რომ “ქართული ოცნება” სახალხო დამცველის კანდიდატს არ წარადგენდა.[11]

 

1. ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ერთმა ფრაქციამ (პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“, პოლიტიკური ჯგუფი „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) წარადგინა სამოქალაქო სექტორის მიერ ნომინირებული 3 კანდიდატი (ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე) რომლებმაც ამავდროულად მიიღეს პარლამენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის ყველაზე მაღალი ქულა;

 

2. პოლიტიკურმა ჯგუფმა - “ევროპელი სოციალისტები”, წარადგინა ორი კანდიდატი თინათინ ერქვანია და ლელა გაფრინდაშვილი;

 

3. პოლიტიკურმა ჯგუფმა - “გირჩი” წარადგინა ერთი კანდიდატი იაგო ხვიჩია.

 

4. პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეები” დაასახელა 19 კანდიდატი - ყველა ვინც სახალხო დამცველად არჩევის სურვილი გამოთქვა. პოლიტიკური ჯგუფმა კანდიდატების წარდგენამდე განმარტა, რომ  “არ აპირებენ კანდიდატების მიმართ ფავორიტიზმით დაკავებას”[12] და ეს არის ყველა მსურველის წარდგენის მიზეზი.

 

პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეების” მიერ 19-ვეკანდიდატის ნომინირება არაერთ კითხვის ნიშანს წარმოშობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა სახალხო დამცველის შერჩევის ერთჯერად წესს (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს) მხარი დაუჭირა, თუმცა დასახელებულ ფაქტს ამ თვალსაზრისით არ შევაფასებთ. 19 კანდიდატის წარდგენის ფაქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს ცხადად მიუთითებს, რომ საკონკურსო კომისიის შეფასებები არ გახდა კანდიდატების პროფესიული ფილტრის საფუძველი - პარლამენტს მოუწევს პლენარულ სხდომაზე 19 კანდიდატს უყაროს კენჭი.

 

დასკვნა

 

დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით წარმოადგენს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთს, რომლის შესრულებაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. 

 

სამუშაო ჯგუფის/საკონკურსო კომისიის დანიშნულება შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატთა პროფესიული შეფასება და პოლიტიკური სუბიექტებისთვის მათზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება. საკონკურსო კომისიის სამუშაო დროის ნაკლებობამ, კანდიდატებთან გასაუბრების შეუძლებლობამ და კანდიდატების შეფასებისგან თავის შეკავების მაღალმა მაჩვენებელმა არსებითად დააბრკოლა იმ მიზნის მიღწევა, რაც ამ სამუშაო ჯგუფის შექმნას შეიძლება ჰქონოდა.

 

საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ პროცესი არ ჩაიშალოს. აღნიშნული დანაწესი მნიშვნელოვნად აბრკოლებს ერთ კანდიდატზე პოლიტიკური შეთანხმებისა და სახალხო დამცველის თანამდებობაზე მრავალპარტიული მხარდაჭერით პირის არჩევას. 

 

___________________________

 

[1] European Commission, “Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union” Brussels, 17.6.2022, COM(2022) 405 final.

[2] საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი.

[3] ევროკომისიის 2022 წლის ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ. იხ ბმული

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228³ მუხლი.

[5] სახალხო დამცველი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს: საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის დეპუტატთა 7 კაციან ჯგუფს, აგრეთვე საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228¹ მუხლის მიხედვით “2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი  მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი”. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, მათ შორის, სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილებით.

[6] “2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის 2022 წლის 14 სექტემბერის ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი.

[7] საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 28 სექტემბრის ბრძანება N1/435/22 “2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ”.

[8] საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 15 სექტემბრის განცხადება. იხ. ბმული

[9] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),  “სახალხო დამცველის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შედეგები: კანდიდატთა რეალური რეიტინგი”, იხ. ბმული

[10] პარლამენტის უფლებამოსილი სუბიექტების მიერ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატებად წარდგენილი პირების შესახებ ინფორმაცია. იხ ბმული

[11] მამუკა მდინარაძის განცხადება. იხ. ბმული

[12] ინტერპრესნიუსი, ლ. იოსელიანის განცხადება სიახლე  იხ. ბმული.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024