კოალიცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 28 დეკემბერი 2021

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემაშფოთებლად მიიჩნევს, პარლამენტის მიერ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების, დაჩქარებული წესით განხილვას. სამწუხაროა, რომ აღნიშნული პროცესი, წარსული გამოცდილების მსგავსად, წინასაახალწლო პერიოდში, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს.  

 

როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს, პარლამენტის ბიურომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით, ხოლო იურიდიულმა კომიტეტმა იმავე საღამოს წარმოდგენილ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. საყურადღებოა ისიც, რომ კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 2 საათით ადრე გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი, ხოლო კანონპროექტი საჯაროდ არ იყო განთავსებული  კომიტეტის სხდომის დაწყებამდე. მმართველი გუნდის მიერ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ხაზგასმის მიუხედავად,  კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ნათელი იყო კრიტიკული აზრის მიუღებლობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება.

 

კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების სენსიტიურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად გაუმართლებელია, მისი  დაჩქარებული წესით განხილვა. ინიციირებული  ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს: 

 

1. დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას;

 

2. დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას;

 

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

 

დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის დისპოზიცია და ახალი სახდელის სახეები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემოთავაზებული რეგულაციები კონკრეტული მოსამართლეების დასჯასა და სისტემაში განსხვავებული აზრის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, წარმოუდგენელია საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო ფორმატში განხილვის გარეშე. შესაბამისად, საქართველოში, სადაც   სასამართლოს სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობაა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. 

 

ამასთან, ცხადია, რომ გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება და კვორუმის შემცირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი სიტუაციით იქნა განპირობებული. კერძოდ, უკანასკნელი 6 თვეა, პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 არამოსამართლე წევრს არ ირჩევს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ათივე მოქმედი წევრის მხარდაჭერა. ხშირად ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე (მაგ. წევრის აცილება მოსამართლესთან კავშირის გამო) კვორუმის შეკრება შეუძლებელია. მეორე მხრივ, პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების დასანიშნად აუცილებელია კონსესუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ვინაიდან სახელისუფლებო გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს. შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ინიცირება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათ არ აქვთ სურვილი ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი წარმართონ, ასევე ისინი კიდევ ერთხელ ღიად უწყობენ ხელს სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას.

 

გარდა ამისა, იმ ფონზე, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსზე ორიენტირებული წესის ამოქმედებისა და არამოსამართლე წევრების ხმების გათვალისწინების აუცილებლობაზე, დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის 2/3 უმრავლესობის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ წლებია სასამართლო სისტემის კრიტიკისას მთავარი აქცენტი  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაზე კეთდება. ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი და იმავე პირების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების ცალსახა შემთხვევებიც უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ საკანონმდებლო ჩანაწერებში შედიოდა, რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ პარლამენტს:

 

1. შეაჩეროს ინიციირებული კანონპროექტის განხილვა; 

 

2. შექმნას კონსენსუსზე და საზოგადოების  ფართო მონაწილეობაზე ორიენტირებული ფორმატი, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროების შესასწავლად და შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024