კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 22 ნოემბერი 2021

 

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიქმნან ზუსტი წარმოდგენა მართლმსაჯულების ხარისხზე, მის დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე. სამწუხაროდ, სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის დღემდე დახურულია. ამ გზით მინიმუმამდეა დაყვანილი მართლმსაჯულების პროცესებში მოქალაქეების თუნდაც პასიური, დამკვირვებლის როლით მონაწილეობა. სანიმუშოდ, დაინტერესებულ პირებს არც ერთ ეტაპზე არ მისცემიათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს. სასამართლოს ამ აქტების გასაჯაროებაზე უარის თქმის საფუძვლად პერსონალური მონაცემების დაცვა სახელდება.

 

სამოქალაქო საზოგადოებამ სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია. შედეგად, 2019 წლის 7 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ გაიზიარა სამოქალაქო სექტორის სამართლებრივი არგუმენტები და აღნიშნა, რომ ღია სხდომის შედეგად მიღებული სასამართლოს აქტები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის პარალელურად, გაითვალისწინა რა ახლად დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების სათანადოდ დასანერგად საკანონმდებლო ცვლილებების მიღების საჭიროება, გადაწყვეტილების აღსრულება 2020 წლის პირველ მაისამდე გადაავადა. 

 

კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება და კონსტიტუციური სტანდარტების აღსრულება საქართველოს პარლამენტის პირდაპირი ვალდებულებაა. აღსანიშნავია, რომ გარდა კონსტიტუციური ვალდებულებისა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ ნაწილია.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად, პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღემდე არ მიუღია. თუმცა, 2021 წლის პირველ ივლისს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ პარლამენტში უკიდურესად პრობლემური კანონის პროექტი დარეგისტრირდა. პირველადი შეფასებით, კანონპროექტი ქმნის მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ბარიერებს სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით მისაღებად. მისი ინიცირებული ფორმით მიღება ვერც მოკლე და ვერც გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის სათანადო ხარისხს. სანიმუშოდ, ინიცირებული კანონპროექტი 2022 წლამდე მიღებული სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობას სრულად გამორიცხავს  2024 წლის პირველ იანვრამდე. გარდა სამართლებრივი პრობლემებისა, კანონის პროექტი ქმნის საერთო სასამართლოს მოსამართლეთა გადატვირთვის რეალურ საფრთხეს. 

 

დღეს სასამართლოს ხელისუფლება არაერთი გამოწვევის წინაშე იმყოფება. საერთო სასამართლოებისადმი ნდობის კრიზისის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი მისი აქტების დახურულობაა. მაგალითისთვის, იმის გამო რომ საზოგადოებას არა აქვს შესაძლებლობა გაეცნოს გახმაურებულ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ის მოკლებულია შესაძლებლობას შეადაროს იგი მსგავს სამართლებრივ აქტებს, შეაფასოს სასამართლოს მიერ ფაქტების კვალიფიკაციისა და კანონის ინტერპრეტაციის თავსებადობა პრეცედენტულ სამართალთან და გამორიცხოს ან დაადასტუროს ეჭვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე. 

 

სასამართლოს მიერ მიღებული აქტები მართლმსაჯულების ხარისხის შეფასების უპირველესი ინდიკატორია. ამავე დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა და საჯაროობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილია. პარლამენტის დამოკიდებულება არსებითად აზიანებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და სასამართლოს მიმართ ნდობას. მეტიც, ამგვარი უმოქმედობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის ბალანსის დამდგენი საკანონმდებლო ნორმების არარსებობა, შექმნის ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის არსებით რისკს. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების ჯეროვანი და დროული აღსრულება.



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ ახალგაზრდებისთვის კარგი მმართველობის სკოლა გამართა

24.09.2024

რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში - კავშირები და რეგისტრაციის თავისებურებები

17.09.2024

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

13.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024
განცხადებები

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024