2020 წლის 2 და 8 ოქტომბერს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, 2020-2023 წლების კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა. სტრატეგიული დოკუმენტები მიზნად ისახავს მერიებში დაიხვეწოს მმართველობითი პროცესები, დაინერგოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ადგილობრივი დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და ამაღლდეს საჯარო ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტები.
დოკუმენტები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაწილეობით მომზადდა.
მერიებმა ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დასანერგად რვა ძირითადი სტრატეგიული მიმართულება განსაზღვრეს:
- გამჭვირვალობა
- საჯარო ეთიკა და კეთილსინდისიერება
- შიდა აუდიტი
- ადამიანური რესურსები
- მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება
- ნებართვები
- მერიის სახელმწიფო შესყიდვები
- მერიის მონაწილეობით დაფუძნებული და/ან მმართველობაში მყოფი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები
სტრატეგიების შემუშავების დროს გამოყენებულ იქნა ფაქტებზე დაფუძნებული და ინკლუზიური მიდგომები. კერძოდ, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიების წინაშე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, მომზადდა ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი. სწორედ ანალიზის შედეგად გამოვლენილი სისტემური ხარვეზებისა და გამოწვევების საფუძველზე მოხდა სტრატეგიების მთავარი მიმართულებების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა.
ორივე მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში, სიტუაციური ანალიზი მომზადდა მერიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით. შესწავლილ იქნა გამჭვირვალობის კუთხით არსებული მიდგომები და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი, ადამიანური რესურსების მართვა, საჯარო სამსახურის ეთიკა, სახელმწიფო შესყიდვები, შიდა ფინანსური კონტროლის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ხარისხი და არსებული გამოწვევები. ამისთვის გაანალიზდა არსებული ანტიკორუფციული საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, ასევე, საქართველოსთან მიმართებაში დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციებია, მათ შორის OECD-ACN/GRECO-ს მონიტორინგი ანგარიშები და სტანდარტები. ამავდროულად, გამოყენებულ იქნა საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშები.
ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით, გაიმართა ფოკუს ჯგუფ ინტერვიუები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებსა და აქტივისტებთან. ასევე, ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის შესახებ მოეწყო საჯარო განხილვა, სადაც ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და მერიების წარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინათ ახალი ინიციატივები.
მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების სრულყოფილად აღსრულება შესაძლებლობას მისცემთ ორივე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს უკეთ უპასუხონ ადგილობრივ გამოწვევებსა და მოქალაქეების საჭიროებებს, გააუმჯობესონ მმართველობის სისტემა, გაზარდონ საზოგადოების ნდობა, შეამცირონ კორუფციული რისკები და გაზარდონ მუნიციპალური სერვისების მიწოდების ხარისხი.
1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა
05.08.2024ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024
29.07.2024