2017-2019 წლებში „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის შეფასება

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 25 დეკემბერი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთ-ერთი მიზანია სიღრმისეული კვლევებისა და აქტიური სამოქალაქო კამპანიების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში საბჭოთა წარსულის გადააზრებას და ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნის მისაღწევად, უკვე წლებია, რაც ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშებს ქვეყანაში არშემდგარი ლუსტრაციის შესახებ და მთავრობას აწვდის შესაბამის რეკომენდაციებს ამ მხრივ ეფექტური მექანიზმების შემუშავების თაობაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, საქართველოში არა ერთხელ ყოფილა ლუსტრაციის კანონის მიღების მცდელობა, საქართველოს კანონს „თავისუფლების ქარტია“, რომელიც ლუსტრაციასაც მოიცავს, მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 2011 წლის 31 მაისს მოეწერა ხელი.  „თავისუფლების ქარტია“, ლუსტრაციის ნაწილში, სამ მიზანს ემსახურება: 1. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება; 2. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; 3. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკისა და პროპაგანდის აღმოფხვრა. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ამავე კანონით, გათვალისწინებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) სპეციალური კომისიის შექმნა.

 

„თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისია აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. ასევე, კომისიის წევრები აგროვებენ ინფორმაციას საჯარო სივრცეში კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებისა და პროპაგანდის თაობაზე და მათი აღმოფხვრის მიზნით მიმართავენ უფლებამოსილ პირს.

 

კანონით გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, IDFI-მ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ 2015 წლამდე კომისია შეიკრიბა მხოლოდ ერთხელ და განიხილა მხოლოდ „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული რეესტრის შექმნის მექანიზმები. IDFI-მ 2018 წელსაც გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სუს-იდან, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ კომისიამ 2016 წელს ორ უფლებამოსილ პირს გაუგზავნა მიმართვა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის აღმოფხვრის მიზნით და 2017 წელს სამ მიმართვასთან დაკავშირებით, ინიციატორებს ეცნობათ სათანადო ინფორმაცია. ასევე, სუს-ის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში კომისიაში იხილებოდა შესული მიმართვები დასანიშნი კანდიდატურების მიმართ თანამდებობების შემზღუდავი გარემოებების შესახებ, თუმცა განხილვის შედეგად ხსენებული გარემოებების გამოვლენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. აქვე აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენი მიმართვა იყო შესული უწყებაში ამ წლებში. აღნიშნული ინფორმაცია ბადებდა კითხვებს კომისიის ეფექტურობის შესახებ, რის გამოც, IDFI მოუწოდებდა სახელმწიფოს, რომ შექმნილიყო ქმედითი კომისია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა „თავისუფლების ქარტიის“ პრინციპების სრულყოფილი იმპლემენტაციით.

 

2020 წელს IDFI კვლავ დაინტერესდა „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისიის საქმიანობით 2017-2019 წლებში და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნის წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2017-2019 წლებში კომისიამ ჯამში 37 უფლებამოსილ პირს მიმართა კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკისა და კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების აღმოფხვრის მიზნით (აქედან 2017 წელს – 0 მიმართვა, 2018 წელს – 5, ხოლო 2019 წელს - 32). ასევე, სუს-ის ინფორმაციით, შექმნილია იმ პირთა რეესტრი, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან, ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, 2017-2019 წლებში ზუსტად რამდენი პირის შესახებ მონაცემები იქნა შეტანილი რეესტრში. ყველაზე საყურადღებო კი არის ის, რომ სუს-იდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2017-2019 წლებში „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისიის სხდომა არც ერთხელ არ ჩატარებულა.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №167 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ავალდებულებდა კომისიას არანაკლებ სამ თვეში ერთხელ შეკრებას, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის №561 ბრძანებით, 2014 წლის 28 თებერვლის №167 ბრძანება, რომელითაც შეიქმნა კომისია და დამტკიცდა კომისიის დებულება, ძალადაკარგულად გამოცხადდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბერის №115 ბრძანებით კი შეიქმნა ახალი კომისია და 2015 წლის 30 დეკემბერს, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის №122 ბრძანებით ცვლილება შევიდა კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში. კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ ახალი ბრძანების საფუძველზე, დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესში სავალდებულო წესით შეხვედრების ჩატარების რაოდენობა აღარ ფიგურირებს.

 

ამჟამინდელი კომისიის შემადგენლობა განსაზღვრულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 დეკემბერის №122 ბრძანებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

 

ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გ) სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე (დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე);

დ) სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს უფროსი;

ე) სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის V მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ვ) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების და ფინანსური  დარღვევების შემოწმების  სამმართველოს უფროსი;

ზ) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

თ) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).

 

ამასთანავე, კომისიის საქმიანობაში გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგი წარმომადგენლების ჩართულობა:

 

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი;

ბ) სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შსს - არქივის დირექტორი;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის და არქივის განყოფილების უფროსი;

დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, კანონის მიხედვით, „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებულ კომისიაში წევრების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს, თუმცა, როგორც ჩანს, 2016 წლის შემდეგ, მდგომარეობა არ შეცვლილა და პარლამენტის ჩართულობა კომისიის საქმიანობაში კვლავ დაბალია. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ სახელმწიფოებში სწორედ საკანონმდებლო ორგანომ შეასრულა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ლუსტრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში, საქართველოში ამ მიმართულებით პარლამენტარების პასიურობა, შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიური მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2017-2019 წლებში გაზრდილია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის აღმოფხვრის მიზნით უფლებამოსილ პირებთან კომისიის მიერ გაგზავნილი მიმართვების რაოდენობა, რაც პოზიტიურ მაჩვენებლად შეიძლება განვიხილოთ. შესაბამისად, როდესაც, უკანასკნელი წლებში მართლაც გაზრდილი იყო ამგვარი სიმბოლიკის საჯარო სივრცეში გამოყენების შემთხვევები, კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ კომისია სამი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ შეკრებილა.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებულ კომისიის წევრებს მეტი კოორდინაციისკენ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომისია იყოს პროაქტიული და უზრუნველყოს საზოგადოების რეგულარული ინფორმირება საკუთარი საქმიანობის შესახებ. გარდა კომისიისა, IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამეტს, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისიის მუშაობას, განახორციელოს მისი საპარლამენტო კონტროლი და ცალკეული ფრაქციებიც აქტიურად ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024