ავტორები: ქეთევან კუკავა, ნატა ახალაძე
პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ 108-ე კონვენცია[1] მონაცემთა დაცვის თაობაზე პირველ და ამ სფეროში სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ერთადერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
საქართველოს პარლამენტმა ამ კონვენციის რატიფიცირება 2005 წელს მოახდინა, ხოლო ძალაში 2006 წლის 1 აპრილს შევიდა, რაც მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტთან დაახლოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. შედეგად, 108-ე კონვენცია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი გახდა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებული მზარდი გამოწვევების ფონზე საჭირო გახდა 108-ე კონვენციის განახლება. მისი მოდერნიზების პროცესი ორ ძირითად საკითხზე იყო ორიენტირებული: კონვენციას სათანადოდ უნდა ეპასუხა ციფრული ეპოქის გამოწვევებისათვის და უნდა დანერგილიყო მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმი.
კონვენციის მოდერნიზების პროცესი მონაცემთა დაცვის სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების, მათ შორის, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესების რეფორმის პარალელურად განხორციელდა. განახლების შედეგად, შენარჩუნდა კონვენციის ზოგადი ბუნება და მოქნილობა და გაძლიერდა მისი, როგორც მონაცემთა დაცვის უნივერსალური ინსტრუმენტის პოტენციალი.[2]
აღსანიშნავია, რომ 108-ე კონვენციის მოდერნიზების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური (იმჟამინდელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლე) რეგულარულად მონაწილეობდა მოდერნიზების პროცესთან დაკავშირებულ კონსულტაციებსა და სამუშაო შეხვედრებში, მზადდებოდა მოსაზრებები და კომენტარები.
მოდერნიზების პროცესი დასრულდა კონვენციის CETS No. 223 შესწორების ოქმის მიღებით. აღნიშნული ოქმი (რომლის საფუძველზეც კონვენციას მოიხსენებენ როგორც „108+ კონვენციას“) 2018 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა ხელმოსაწერად. დღეის მდგომარეობით, დოკუმენტს ჯამში 32 ხელმომწერი ჰყავს, ხოლო 11-მა სახელმწიფომ მოახდინა მისი რატიფიცირება. საქართველო კი ევროპის საბჭოს იმ 8 წევრ ქვეყანას შორის არის, ვისაც ჯერ ოქმის არც ხელმოწერა და არც რატიფიცირება არ განუხორციელებია.[3]
მოდერნიზებული კონვენციის რატიფიცირებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მონაცემთა დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების რეალიზებას და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას ეროვნულ დონეზე.
108+ კონვენცია მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს, კერძოდ[4]:
- განამტკიცებს პროპორციულობის პრინციპს და ხაზს უსვამს შესაბამის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის აუცილებლობას მონაცემთა დამუშავების ყველა ეტაპზე. ასევე, პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა იყოს ადეკვატური, რელევანტური და მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს იმ მიზანს, რისთვისაც ის მუშავდება (მინიმიზაციის პრინციპი).
- აფართოებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის ცნებას, რომელსაც დაემატა გენეტიკურიდა ბიომეტრიული მონაცემები, რომლითაც ხდება პიროვნების იდენტიფიცირება; ასევე პროფესიული კავშირის წევრობა და ეთნიკური წარმომავლობა.
- ითვალისწინებს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტის) შესახებ სულ მცირე საზედამხედველო ორგანოს შეტყობინების ვალდებულებას, თუკი ამ ფაქტმა შეიძლება მნიშვნელოვნად შელახოს მონაცემთა სუბიექტის უფლებები, მაგალითად, გამოიწვიოს ფინანსური ან ფიზიკური ზიანი, რეპუტაციის შელახვა და ა.შ.[5]
- უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების მეტ გამჭვირვალობას, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტისათვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას: მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობა და მისამართი, დამუშავების საფუძველი და მიზანი, მონაცემთა მიმღებები და დამუშავებული მონაცემების კატეგორიები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზების საშუალებები.
- ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის გარანტიების ზრდას, კერძოდ: სუბიექტის უფლებას მის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული მხოლოდ ავტომატიზებული საშუალებების გამოყენებით, მისი მოსაზრების გათვალისწინების გარეშე; მოთხოვნის საფუძველზე, გასაგები ფორმით მიიღოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.[6]
- დაუშვებლად მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე სრულ გამონაკლისს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ეს პატივს სცემს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების არსს და აუცილებელი და პროპორციულია დემოკრატიულ საზოგადოებაში.[7] გამონაკლისის დაშვების მიუხედავად, კონვენცია ცალსახად ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისათვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე ეფექტური და დამოუკიდებელი ზედამხედველობის უზრუნველყოფის ვალდებულებას.[8]
- ადგენს მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მკაფიო სამართლებრივ რეჟიმს, რომლის მიზანია ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლის ხელშეწყობა და ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა. კერძოდ, დაუშვებელია იმ სახელმწიფოებს შორის მონაცემთა გადაცემის აკრძალვა ან სპეციალური ნებართვის მოთხოვნა, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს რეალური და სერიოზული რისკი, რომ ამგვარი გადაცემა გამოიწვევს კონვენციით გათვალისწინებული დებულებების გვერდის ავლას.
- ითვალისწინებს კონვენციის კომიტეტის[9] ფუნქციების გაფართოებას. ის აღარ შემოიფარგლება საკონსულტაციო როლით და მიენიჭა უფლებამოსილება ქმედითი ზედამხედველობა გაუწიოს ქვეყნების მიერ კონვენციის მოთხოვნათა შესრულებას.
- ითვალისწინებს საზედამხედველო ორგანოთა თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს მათნაყოფიერ საქმიანობას სასარგებლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი მოქმედებების განხორციელების გზით.[10]
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად უჭერს მხარს 108+ კონვენციის ხელმოწერის პროცესის დაჩქარებას, რომლის ძალაში შესვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.[11]
აუცილებელია საქართველოში არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი საკანონდებლო ბაზა შეესაბამებოდეს ევროპის მასშტაბით აღიარებულ მიდგომებსა და პრინციპებს. მოდერნიზებული კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია.[12]
108+ კონვენციის ხელმოწერით საქართველო აიღებს საერთაშორისო ვალდებულებას უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისდაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, მონაცემთა დამმუშავებლის მეტი ანგარიშვალდებულება და მონაცემთა დაცვაზე ეფექტიანი ზედამხედველობა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შესაქმნელად. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე ეფექტური და დამოუკიდებელი ზედამხედველობის უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. გარდა ამისა, კონვენციის ხელმოწერა უზრუნველყოფს მონაცემების თავისუფალ მიმოცვლას ევროპის ქვეყნებთან, ასევე ხელს შეუწყობს საზედამხედველო ორგანოთა თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებას.
108-ე კონვენციის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო დეკლარაცია, რომლითაც ხაზი გაუსვა მოდერნიზებული კონვენციის მნიშვნელობას ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში და მოუწოდა ყველა წევრ ქვეყანას მოახდინონ ახალი ოქმის რატიფიცირება.[13]
ამდენად, მიმდინარე ტექნოლოგიური გამოწვევების ფონზე, ზემოთ განხილული მნიშვნელოვანი სიახლეების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, საქართველომ დროულად მოაწეროს ხელი 108+ კონვენციას, რათა უზრუნველყოს ეროვნულ დონეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვა ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
სტატია მომზადებულია პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ნიდერლანდების საელჩოს პოზიციას.
____
[1] ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wYFnsQ
[2] მონაცემთა დაცვის ევროპული სახელმძღვანელო, გვ. 31. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3mlNJWk
[3] იხ. დეტალურად კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების ნუსხა, ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3ugQlHQ
[4]The modernised Convention 108: novelties in a nutshell, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3m71Pe6
[5]Explanatory Report of the Convention for the protection of individuals with regard to the processing of personal data, par. 64, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3dkJ4kC
[6]გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დამმუშავებელს აქვს დამუშავების კანონიერი საფუძველი, რომელიც აღემატება სუბიექტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის ინტერესს.
[7] 108+ კონვენციის მე-11 მუხლი.
[8]The modernised Convention 108: novelties in a nutshell, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3m71Pe6
[9]კომიტეტი დაკომპლექტებულია წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან, აკონტროლებს ხელმომწერ ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის დონის კონვენციასთან შესაბამისობას, პასუხისმგებელია კონვენციის განმარტებაზე და უზრუნველყოფს მისი იმპლემენტაციის მხარდაჭერას.
[10] The modernised Convention 108: novelties in a nutshell, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3m71Pe6
[11] სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 226, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cPLszw
[12] ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2PXE1xe
[13] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2021 წლის 20 იანვრის დეკლარაცია 108-ე კონვენციის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/32e0ngP