2014 წლის 27 თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა Opendata.ge - მ საჯარო ინფორმაციის ყველაზე მოცულობითმა ონლაინ რესურსების ბაზამ საქართველოში.
პორტალის მიზანია გააუმჯობესოს სახელმწიფოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი.
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით, Opendata.ge გარდაიქმნა საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან პორტალად და აერთიანებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა (TI-G) და ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ მოთხოვნილ და მოპოვებულ საჯარო ინფორმაციას.
Opendata.ge მარტივი, თანამედროვე და მეგობრული ნავიგაციის საშუალებით მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, როგორ მუშაობენ საჯარო დაწესებულები, როგორ ხარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რა პროგრამებს ახორციელებენ, ასევე თანამდებობის პირთა საქმიანობის და მათი შემოსავლების შესახებ.
Opendata.ge 2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. ეს იყო პირველი ონლაინ პორტალი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, თვალი ედევნებინა საჯარო ინფორმაციის გავრცელებისა და განვითარების ტენდენციებისთვის.
შექმნის დღიდან, პორტალმა გააერთიანა 110 ათასზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
Opendata.ge -ზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხშირად გამხდარა საზოგადოების და პოლიტიკოსების განხილვის თემა, მაგალითად, პორტალზე სისტემატურად გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ პრემიების გაცემის წესის შესახებ, შეცვალა პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ანაზღაურებისა და პრემირების წესი.
პორტალის განახლებაზე იმუშავა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ჰურიდოქსმა’’, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში ეხმარება.