2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოში “კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის” ერთ–ერთ მთავარ მექანიზმად მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა განიხილებოდა.
მრავალი დაზარალებული იმედოვნებდა, რომ კომისიის შექმნის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა მათი საქმეების მიუკერძოებელი გამოძიება და სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვა. მიუხედავად ამისა, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა წლების განმავლობაში იწელებოდა. პროცესის გაჭიანურების მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმული პროტესტის საპასუხოდ ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით საქართველოს პროკურატურის სისტემაში შექმნილიყო პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი საქმიანობას 2015 წლის 5 მარტს შეუდგა. 2015 წლის განმავლობაში IDFI არაერთხელ შეეცადა მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია პროკურატურაში შესული განცხადებების/საჩივრების და მათზე დამდგარი შედეგების შესახებ. თუმცა, აღნიშნულზე ვერ ხერხდებოდა სრულყოფილი ინფორმაციის მიღება.
2016 წლის 5 იანვარს IDFI-მ კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით და მოითხოვა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი განცხადება/საჩივარი შევიდა საქართველოს პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მათგან რამდენი ეხებოდა საჯარო მოხელეთა მხრიდან ჩადენილ უკანონო ქმედებებს და რა შედეგებით დასრულდა/რა მსვლელობა მიეცა აღნიშნულ განცხადებებს/საჩივრებს. აღნიშნული ინფორმაცია ცალკე იქნა მოთხოვნილი სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი წერილი, რის შემდეგაც უწყებას IDFI-მ მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანებით, ინსტიტუტის ადმინისტრაციული საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვეწოდა მხოლოდ ნაწილობრივ. ამასთან, ხაზგასასმელია ის, რომ მონაცემები გაიცა თითქმის ორ თვიანი დაგვიანებით.
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება (მათ შორის 10 379 გამოძიების დაწყების მოთხოვნით). მათგან 697 შეეხებოდა ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, 3495 - სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 6187 კი მიეკუთვნება სხვა კატეგორიას. სამწუხაროდ, არ მოგვეწოდა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მსვლელობა მიეცა მოცემულ 10 379 განცხადებას. ნაცვლად ამისა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გასცა ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შესახებ, რომელთა მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 4 მარტამდე, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის. კერძოდ, დევნა დაიწყო 367 საჯარო მოხელისა და მასთან გათანაბრებული პირის მიმართ. გამოტანილ იქნა - 147 გამამტყუნებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენი - 29, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განერიდა - 13. უცნობია, თუ რა ეტაპზეა საქმის წარმოება დანარჩენი 178 საქმის შემთხვევაში.
ამასთან, მართალია, აღნიშნული არ წარმოადგენდა IDFI-ის მოთხოვნის ნაწილს, თუმცა პროკურატურამ მოგვაწოდა ინფორმაცია იმ განცხადებების შესახებ, რომლებიც წარდგენილი იქნა პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში. აღნიშნული მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტში წარდგენილია 4198 განცხადება/საჩივარი, საიდანაც 581 ეხება ქონების იძულებით ჩამორთმევის საკითხს, ხოლო 290 - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. ჩვენ არც მოცემულ შემთხვევაში მოგვეწოდა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული განცხადებების განხილვა. ნაცვლად ამისა, გვეცნობა, რომ განცხადებათა „მნიშვნელოვან ნაწილზე მოხდენილია რეაგირება, კერძოდ, ნაწილ მათგანზე დაიწყო გამოძიება, ნაწილი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, ნაწილი გადაიგზავნა ქვემდებარეობის მიხედვით, ხოლო ნაწილს გაეცა პასუხი“.
ამასთან, მიღებული ინფორმაციის თანახმად, დეპარტამენტში ამჯერად გამოძიება მიმდინარეობა 285 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე. გამოძიება დაწყებულია 4 პირის მიმართ, 15 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება, 2 პირის მიმართ კი შეწყდა გამოძიება გარდაცვალების გამო. ყურადსაღებია, რომ გახსნილი საქმეების შედეგად დაზარალებულად ცნობილია 34 პირი, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ დაუბრუნდათ 39 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი და ოქროს ნაკეთობები, საერთო ღირებულებით 2 407 000 ლარი.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ IDFI-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილება და მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება, ისევე როგორც საკუთარ ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი ძალმომრეობითი ქმედებების შესახებ უნდა შეფასდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით გადადგმულ დადებით ნაბიჯად. მიუხედავად ამისა, პრობლემურია ის, რომ უწყებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ. ამასთან, მიღებული ინფორმაცია მაინც არ არის სრულყოფილი ინსტიტუტის განცხადებით გათვალიწინებულ შეკითხვებთან მიმართებაში.
IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ-გვერდზე ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დეტალური სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ - თუ რამდენი განცხადება/საჩივარი შევიდა საქართველოს პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, მათგან რამდენი ეხებოდა საჯარო მოხელეთა მხრიდან ჩადენილ უკანონო ქმედებებს და რა შედეგებით დასრულდა/რა მსვლელობა მიეცა აღნიშნულ განცხადებებს/საჩივრებს.