2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 5 თებერვალი 2025

 

28 ნოემბრიდან დღემდე, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის ჩამდენ არც ერთ პირს არ დაჰკისრებია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და საპოლიციო ძალები აგრძელებენ სისტემურ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. 

 

2 თებერვალს დაკავებულთა უმეტესობა მიუთითებს დაკავებისას და დაკავების შემდგომ მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, მათგან ნაწილი აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებებში. აღნიშნულს ადასტურებს არაერთი გარემოება/მტკიცებულება.  

 

2 თებერვალს, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს თეთრი ფერის მიკროავტობუსი, რომელშიც ათავსებენ რამდენიმე დაკავებულ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს. ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ასევე ნათლად იკვეთება ამ მანქანის სანომრე ნიშანი (სახელმწიფო ნომერი UD 117 DU). ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც მიკროავტობუსში იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ მანქანის კარის დაკეტვისთანავე დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ (გავრცელებული ვიდეო კადრებიდანაც ჩანს, რომ დაკავებულებთან მიკროავტობუსში ჯგუფურად შედიან, ძალადობენ და შემდგომ რამდენიმე წუთში გადმოდიან გდდ-ს თანამშრომლები).  

 

მიკროავტობუსში მყოფი პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ასევე საუბრობს დაკავებული არასრულწლოვანი. ის აღნიშნავს, რომ როგორც მიკროავტობუსში განთავსებამდე, ასევე შემდგომ მას ჩამოართვეს პირადი ნივთები და  მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო მისი ასაკი. არასრულწლოვანი ასევე ადასტურებს მიკროავტობუსში მყოფი სხვა დაკავებულების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და აღნიშნავს, რომ მას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

 

საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ, 2 დეკემბერს,  დაკავებული პირები დეტალურად აღწერდნენ სპეციალურ მიკროავტობუსში მათზე განხორციელებული სასტიკი მოპყრობის გარემოებებს და იხსენებდნენ, რომ მათზე სულ მცირე 6 სპეცრაზმელი ძალადობდა. მედიის მიერ 2 თებერვალს დაფიქსირებული მიკროავტობუსის სანომრე ნიშანი და სხვა მახასიათებლები მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, მათ შორის დეკემბრის დასაწყისში მიკროავტობუსში განხორციელებულ წამებაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად. 

 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აკისრია პასუხისმგებლობა, გამოიძიოს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ დღემდე საპოლიციო ძალების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულები, თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, აშკარაა, რომ სამსახური თავის ფუნქციას არ ასრულებს და ეფექტიანად არ რეაგირებს საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

 

სამსახური, 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, საჯარო განცხადებით პირველად 30 ნოემბერს გამოეხმაურა და მას შემდეგ გარკვეული პერიოდულობით ასაჯაროებს განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობრივ მონაცემებს, თუმცა დღემდე გამოძიების ფარგლებში შედეგი არ დამდგარა და არც ერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

მივიჩნევთ,  რომ 2 თებერვალს მედიის მიერ გავრცელებული კადრები, დაზარალებულებისა და სხვადასხვა ინციდენტის თვითმხილველების მონათხრობები იძლევა საკმარის ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სათანადო რეაგირებისთვის. ამავდროულად, 2 თებერვალს სხვადასხვა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროში ასახულ დანაშაულებრივ ქმედებებზე დროული და სათანადო რეაგირება, ხელს შეუწყობდა 28 ნოემბრიდან დღემდე სხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ან/და პასუხისგებაში მიცემას. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ იდენტიფიცირებულ შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება იქნება მორიგი მტკიცებულება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და/ან საქართველოს პროკურატურის მიერ სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობაზე მიუთითებს. 





 





სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024