მთავრობამ OGP-ს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 სექტემბერი 2014

საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბრის სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეორე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2014-2015 წლებში განსახორციელებლად ქვეყანის 16-მა სახელმწიფო უწყებამ 27 ვალდებულება აიღო. გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI)

2014 წელს შესასრულებელი ვალდებულებები

სამოქმედო გეგმის თანახმად, ვალდებულებების ნაწილი 2014 წელს უნდა შესრულდეს. ნაწილ მათგანზე დაიწყო მუშაობა და წლის ბოლომდე დასრულდება. მაგალითად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშები, შემოწირულობები დამუშავებად ფორმატში (excel-ის ცხრილი) გამოქვეყნდება. აქამდე მონაცემების სკანირებული ვერსია ქვეყნდებოდა, მისი დამუშავება კი მოუხერხებელი იყო და დიდ დროს მოითხოვდა.

დასრულდება საჯარო სამსახურში თანამშრომელთა მიღების წესების რეფორმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ობიექტური და სანდო სისტემის ჩამოყალიბებას.

OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე საკუთარ ვებ გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის კვარტალური სტატისტიკა, დეკემბერში კი სრული წლის მონაცემი გასაჯაროვდება, რასაც არასამთავორობო ორგანიზაციები დიდი ხანია ითხოვენ.

იუსტიციის სახლს დაემატება ახალი სერვისი „მომხმარებლის ხმა“, რაც უწყებას მოქალაქეებთან უკუკავშირის მექანიზმის იქნება.

დასრულდება იუსტიციის სახლის კიდევ ერთი ვალდებულება – JUSTDRIVE, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ავტომობილიდან გადაუსვლელად, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე JUSTdrive ფანჯარასთან მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობით მიიღოს სასურველი მომსახურება.

უკვე დაიწყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში გაერთიანებაზე მუშაობა. ახალმა კანონმა უნდა აღმოფხვრას ის პრობლემები, რაც საჯარო ინფორმაციის მიღებისას იქმნება. დეკემბრამდე აქტი უკვე მომზადებული უნდა იყოს.

გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე ასევე შესაძლებელი უნდა გახდეს სადაზღვევო პოლისების იუსტიციის სახლში მიღება. საჯარო ბიბლიოთეკები კი უნდა აღიჭურვონ ინტერნეტით, კომპიუტერული მოწყობილობებით და შეითავსონ საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციაც.

2014 წლის დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ვებ გვერდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს და ონლაინ კონსულტაციის აპლიკაცია დაამატოს.

ამავე სამინისტროს სსიპ 112-მა დაკავშირების ალტერნატიული და ინოვაციური არხები უნდა დანერგოს. მოქალაქეებს გარდა სატელეფონო ზარისა, საგანგებო სიტუაციების ერთიან ცენტრთან დაკავშირება მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS), GPS ტრეკერით ან ვიდეო ზარით შეეძლებათ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, რომელთაც მეტყველების ან სმენის პრობლემა აქვთ.

2015 წელს შესასრულებელი ვალდებულებები

ღია მმართველობა – საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2015 წლამდე დასრულდება მოქალაქის პორტალის (WWW.MY.GOV.GE) განვითარება, სადაც ინტეგრირებულია 70-მდე სახელმწიფო სერვისი და 80-მდე კომუნალური გადასახადი, ამ პორტალის საშუალებით, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ელექტრონულად გააგზავნოს წერილი სახელმწიფო უწყებაში და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი.

შეიქმნება ღია მონაცემების პორტალი (DATA.GOV.GE) რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დაწესებულებების ღია მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდება დამუშავებად, გამოთვლად და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატებში. მომდევნო წლიდან მთავრობისთვის პეტიციების გაგზავნა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად Ichange.ge -ის მეშვეობით. წინადადებები საკმარისი რაოდენობის ელექტრონული ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში განიხილება მთავრობის სხდომაზე.

გეგმის თანახმად, 2015 წლიდან შეიქმნება საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გადამოწმდება რამდენად ზუსტია ის ქონება, რასაც მოხელეები დეკლარაციებში უთითებენ.

შემუშავდება დანაშაულის კრიმინოგენური რუკა და სტატისტიკური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფორმატში და რამდენიმე ცვლადით, მათ შორის დროის, დანაშაულის ტიპის, რეგიონისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

2015 წლიდან ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობები, რეგიონებში არსებული საზოგადეობრივი ცენტრები კი გაუმჯობესდება და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღონ 200–მდე მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად. განვითარდება ციფრული შტამპი და ონლაინ ავთენტიფიკაციის სისტემა, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად განახორციელონ მნიშვნელოვანი ხელმოწერები.

გეგმის ფარგლებში უნდა განვითადეს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული პერსონალის ერთიანი მონაცემთა ბაზა- e-HMRS.

2015 წლიდან გაფართოვდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემა და მასში ინტეგრირებული იქნება კონკურსის ელექტრონული მოდული, რაც მიმწოდებლებს საშუალებას მისცემს კონკურსში მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, როგორც ეს ტენდერის შემთხვევაში ხდება.

იმისათვის რომ დოკუმენტების უფრო ხანგრძლივი დროით შენახვა შესაძლებელი გახდეს, 2015 წლის ბოლომდე შეიქმნება ციფრული მონაცემების ელექტრონული არქივი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი კი უზრუნველყოფს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის შექმნას და კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში მის გამოქვეყნებას.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში უკვე მომდევნო წლიდან უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები, მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეუზღუდავად იმუშაონ საარქივო დოკუმენტებზე.

ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის დანერგვა და განვითარება. გაუმჯობესდება სახელმწიფო ხაზინის მართვის ელექტრონული სისტემა – eTreasury, ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული სისტემა – eBudget, სახელმწიფო ვალის და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემა – eDMS და ელექტრონული აუქციონის სისტემა – eAuction.ge

აღებული ვალდებულების თანახმად, 2015 წელს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცესკომ კი საარჩევნო პროცესების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კამპანია უნდა ჩაატაროს.

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმას მონიტორინგს გაუწევს ფორუმი, რომელიც საჯარო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციებით არის დაკომლექეტებული. სწორედ ფორუმის კოორდინირებით შემუშავდა სამოქმედო გეგმაც, რასაც წინ უძღოდა არასამთავორობო ორგანიზაციების, საჯარო უწყებების და მოქალაქეების ჩართულობით ფართო განხილვა.

იხილეთ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა სრულად

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024