ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 20 ოქტომბერი 2025

2025 წლის 10 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა (შემდგომში „კომისარი“) ევროპულ სასამართლოში წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae), რომელშიც რუსული კანონის1 (2024) საქმეს Georgian Young Lawyers Association and Others v. Georgia, no. 31069/24, აფასებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების კონტექსტში იმ შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე, რამაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სივრცე შეავიწროვა.

 

კომისრის მიერ წარდგენილი პოზიცია ემთხვევა მომჩივნების მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, რომ:

 

1. რუსული კანონი ფართო დისკრეციას ანიჭებს სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი იუსტიციის სამინისტროს და კანონში გამოყენებული ტერმინები იმდენად ვრცელი და განუსაზღვრელია, რომ ბუდნოვანია ვინ ექცევა მისი მოქმედების ფარგლებში;

 

2. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალდებულებს ანგარიშგებას, მათ შორის, დაფინანსების წყაროების შესახებ, რაც ბუნდოვანს ხდის კანონის მიზანს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამატებითი რეგულირების შემოღების საჭიროებას;

 

3. კანონი აწესებს რეგისტრაციისა და ინფორმაციის გამჟღავნების მძიმე და რთულ პროცედურებს;

 

4. კანონი მიზნად ისახავს კონკრეტული ჯგუფისადმი განსხვავებულ მოპყრობას მაშინ, როცა არ არსებობს ამის გამამართლებელი საფუძვლები.

 

მასტიგმატიზირებელ იარლიყთან დაკავშირებით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ - კომისარი უთითებს, რომ ტერმინი არის რუსეთში გამოყენებული „უცხოეთის აგენტის“ იარლიყის მსგავსი, რაც სტრასბურგის სასამართლოს შეფასებითვე არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. დამატებით, კომისარი უთითებს, რომ კანონის ფარგლებში დადგენილი იარიყი და ხელისუფლებისა თუ პროსამთავრობო ჯგუფების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“, „გლობალური ომის პარტიად“ და ე.წ. „Deep State”-ად გამოცხადება უკვე ატარებს დამღუპველ ეფექტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციაზე საქართველოში.

 

კომისარი წერილობით პოზიციაში განმარტავს, რომ რუსული კანონის მიღება წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების ფართო შეზღუდვების კომპონენტს, რომელიც დღემდე გრძელდება. კერძოდ, კომისარი უთითებს კანონის მიღების შემდგომ, ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე მიღებულ სხვა კანონებსა თუ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს.2

 

კომისარი შეშფოთებით აღნიშნავს მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის რიტორიკას, რომლებიც ადანაშაულებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს რევოლუციის მოწყობასა და ძალადობრივი დემონსტრაციების დაგეგმვაში.3

 

დამატებით, წერილობით პოზიციაში აღნიშნულია სამოქალაქო ორგანიზაციების დაყადაღებისა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, „გრანტების შესახებ“ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან ინფორმაციის, მათ შორის, სენსიტიური სახის მონაცემების, გამოთხოვის ფაქტები. კომისარი განმარტავს, რომ ეს ქმედებები მიზნად ისახავს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებას და მათ დისკრედიტაციას.

 

შეჯამების სახით, კომისარი ევროპულ სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც სასამართლომ შესაძლოა მიიჩნიოს, რომ:

 

· 2024 წლის 28 მაისს რუსული კანონის მიღება წარმოადგენს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ფართო შეზღუდვების კომპონენტს, რომელსაც აქვს მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე მსუსხავი ეფექტი, მათ შორის, იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით.

 

· რუსული კანონის დებულებები შეუსაბამოა კონვენციის მე-10(2) და მე-11(2) მუხლების კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან და თანასწორობის პრინციპთან.

 

· არსებობს რამდენიმე გარემოება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს რუსული კანონის ე.წ. გაცხადებულ მიზანს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით უცხოური გავლენის გამჭვირვალობა.

 


1 ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, 28.05.2024, ხელმისაწვდომია აქ: https://matsne.gov.ge/document/view/6171895?publication=0 [20.10.2025].

 

2 კომისარი წერილობით პოზიციაში უთითებს შემდეგ კანონებზე: 2025 წლის 1 აპრილს მიღებული ,,უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; 14 სხვადახვა კანონში შესული ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის აკრძალვას; „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულული ცვლილებები, რომლითაც აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება 2025 წლის 16 აპრილს „გრანტების შესახებ“ კანონში შესული ცვილებები, რომლითაც გრანტის გამცემს (დონორს) სჭირდება საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა; 2025 წლის 26 ივნისს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც შეიცვალა მტკიცების ტვირთი ცილისწამების საქმეებზე და ის მოპასუხის მხარეს გადავიდა; „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, რომლითაც შეიზღუდა მოწყვლადი ჯგუფების შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება.

 

3 კომისარი ცალკე უთითებს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 14 დეკემბრის განცხადებას, როცა პრემიერ-მინისტრმა „ლიბერალური ფაშიზმის“ დამარცხება ეროვნულ მისიად გამოაცხადა და მიზნის მისაღწევად ოპოზიციური პარტიებისა და „მდიდარი“ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა დაანონსა, რომლებიც „ლიბერალურ ფაშიზმს“ უწყობენ ხელს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

22.09.2025
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024