პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკა სსიპ-ებში 2014 წელს

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 10 ივნისი 2015

სრული კვლევა იხილეთ შემდეგ ბმულზე - პრემიებისა და დანამტების გაცემის პრაქტიკა 2014 წელს

საჯარო სამართლის იურიდიული პირების შრომის ანაზღაურების ფონდი ფორმირდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე საკუთარი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან. შესაბამისად აღნიშნული უწყებების საქმიანობით მიღებული სახსრები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ სახელფასო პოლიტიკაზე.


სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება, როგორც პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის თვალსაზრისით, აგრეთვე მათთვის განსაზღვრული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მიხედვითაც. 

 

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთ-ერთი გამორჩეული სამინისტროა მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების სიმრავლით. 2014 წელს აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელი პირების მიღებული შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს მამუკა ახალაძეს 2014 წელს შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 121 043 ლარი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს გურამ ჯალაღონიას - 95 410 ლარი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხმალაძეს - 90 000 ლარი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ეკატერინე დანელიას - 75 455 ლარი, ხოლო სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორს რევაზ ბაბილუას - 41 280 ლარი.


სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი 2014 წელს იკავებდა, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მისი შრომის ანაზღაურება გაიცემოდა სამინისტროს მიერ, შესაბამისად აღნიშნული უწყების შემთხვევაში ჩვენს მიერ წარმოდგენილია ხელმძღვანელის მოადგილის შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.


ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურებაში არსებული განსხვავებები განპირობებულია არა მხოლოდ პრემიებისა და სახელფასო დანამატებს შორის არსებული სხვაობით, არამედ თანამდებობრივ სარგოებში მნიშვნელოვანი განსხვავებებითაც. მაგალითისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6 875 ლარს, ხოლო სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელის 3 440 ლარს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ ქვემოთ გამოტანილი სსიპ-ების ხელმძღვანელი პირების უმრავლესობას 2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრზე მაღალი შრომის ანაზღაურება აქვთ მიღებული.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისს N449 დადგენილების მიხედვით ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს შეეზღუდათ საკუთარ თავზე პრემიის გაცემის შესაძლებლობა. სსიპ-ების ხელმძღვანელი პირების შემთხვევაში პრემიის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ, მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს.


ვინაიდან, აღნიშნული დადგენილებით შეიზღუდა აგრეთვე პრემიის ოდენობა და პერიოდულობა 2014 წლის სექტემბრიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელებს მინისტრის ბრძანებით 2014 წლის განმავლობაში დაუწესდათ თანამდებობრივი სარგოს სხვადასხვა პროცენტული ოდენობის სახელფასო დანამატი.

 

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსგავსად მისმა დაქვემდებარებულმა უწყებებმა, რომლებსაც IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა, ინსტიტუტის ყველა მოთხოვნა მათ შორის 2014 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ უპასუხოდ დატოვა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირების 2014 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია.


როგორც ირკვევა, 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება მიღებული აქვს სსიპ სმართ ლოჯიქის ხელმძღვანელს მალხაზ სხირტლაძეს - 104 824 ლარი. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 66 574 ლარს, პრემია 23 500 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 14 750 ლარს. 2014 წლის ივლისის შემდგომ მალხაზ სხირტლაძისთვის ყოველთვიური პრემია ჩანაცვლებულია სახელფასო დანამატით.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირების შემთხვევაში 2014 წლის ივლისის შემდგომ პრემიის სახელფასო დანამატით ჩანაცვლების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი გვენეტაძის 2014 წლის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 92 800 ლარი, საიდანაც პრემია შეადგენს 23 200 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი მას საერთოდ არ მიუღია.


2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელ პირებს შორის ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება მიღებული აქვს ეროვნული არქივის დირექტორს თეონა იაშვილს - 46 400 ლარი. მას პრემიის სახით მიღებული აქვს მხოლოდ 3200 ლარი, ხოლო დანამატი სახით - 4800 ლარი.


იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირების მსგავსად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოტივირებული შუამდგომლობით 2014 წლის დეკემბერში სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელ პირებზე დაშვებულია გამონაკლისი და პრემიის სახით გაცემულია თანამდებობრივ სარგოზე მაღალი ოდენობის თანხები.

 

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირებს შორის გამორჩეულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შრომის ანაზღაურება - 109 967 ლარი. მიუხედავად იმ ფაქტისა რომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო (4 500) მნიშვნელოვნად აღემატება სხვა უწყებების ხელმძღვანელებისას, 2014 წელს ასევე სერიოზულად განსხვავდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის და სხვა უწყებების ხელმძღვანელების მიერ მიღებული პრემიისა თუ სახელფასო დანამატის ოდენობები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული შემოსავლები გაორმაგდა. 2014 წლის იანვარი-ივნისი პერიოდში მაია მიმინოშვილს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 18 000 ლარი, ხოლო ივლისი-დეკემბერში 37 967 ლარი. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ივლისამდე ხელმძღვანელზე გაიცემოდა მხოლოდ პრემია, ხოლო ივლისის შემდგომ, როგორც პრემია, ასევე სოლიდური ოდენობის სახელფასო დანამატი. მაგალითად, 2014 წლის დეკემბერში მაია მიმინოშვილმა მიიღო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია (4 500 ლარი ) და თანამდებობრივი სარგოს დაახლოებით ორმაგი ოდენობის (8 750 ლარი) სახელფასო დანამატი.

 

  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

2014 წლის ივლისის თვეში საქართველოს მთავრობის მიერ პრემიების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს, სწორედ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემული მაღალი ოდენობის პრემიებზე გამოწვეული საზოგადოების მწვავე რეაქცია წარმოადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ერთ-ერთ ყველაზე დახურულ უწყებას წარმოადგენს, რეალური სურათის დანახვა აღნიშნულ უწყებაში 2014 წელს არსებული სახელფასო პოლიტიკის შესახებ ინსტიტუტისათვის შეუძლებელია. თუმცა, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის გოგი გახარიას ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მას 2014 წელს შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 101 892 ლარი. აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება 2014 წელს მისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნულ უწყების ხელმძღვანელ პირებზე 2014 წელს კვლავ აქტიურად გაიცემა პრემიები ან/და სახელფასო დანამატები.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვა დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირების 2014 წლის შრომის ანაზღაურებას, როგორც ირკვევა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი არსოშვილს მიღებული აქვს 66 625 ლარი, საიდანაც პრემია შეადგენს 25 325 ლარს ხოლო სახელფასო დანამატი 7 700 ლარს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორს ზოია ხასიას შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 38 270 ლარი, საიდანა პრემია შეადგენს 4 530 ლარს, ხოლო დანამატი 1 620 ლარს.

 

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

ფინანსთა სამინისტროს მსგავსად, მის დაქვემდებარებულ უწყებათა უმრავლესობამ თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა. აღნიშნული სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებს შორის ერთადერთ დაწესებულებას წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, რომელმაც ინსტიტუტის მოთხოვნა სრულყოფილად დააკმაყოფილა.


2014 წელს აკადემიის დირექტორის თამარ ჯაფარიძის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 64 800 ლარი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ივლისის თვის შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესდა შეზღუდვები პრემიის გაცემის პერიოდულობაზე, ფინანსთა მინისტრის ბრძანებების საფუძველზე აკადემიის დირექტორზე 2014 წელს ყოველთვიურად გაიცემოდა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია. 2014 წლის ივლისის შემდგომ მინისტრის ყველა ბრძანებაში პრემიის გაცემის საფუძვლად მითითებულია მთავრობის დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რაც ითვალისწინებს ხელმძღვანელი პირის მოტივირებული შუამდგომლობით გამონაკლისის დაშვებას არსებულ შეზღუდვებზე.

ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა უწყებების შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოწოდებულია მხოლოდ თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ჯამური მონაცემები. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ 2014 წელს თანამდებობის პირებზე გაიცემოდა, როგორც პრემიები, ასევე სახელფასო დანამატები.

 

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებს შორის 2014 წელს ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება (88 005 ლარი) გაცემულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შემთხვევაში. საწყისი 6 თვის განმავლობაში, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა დავით შავლიაშვილს, რომლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 21 240 ლარი, ხოლო პრემიამ 24 150 ლარი. 2014 წლის ივლისში პრემიების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების შემდგომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეზე საკუთარი ბრძანების საფუძველზე ყოველთვიურად გაიცემოდა 2700 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი.


ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 68 675 ლარი, ხოლო ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელის 41 905 ლარი. აღნიშნულ პირებზე დამატებითი შრომის ანაზღაურება 2014 წელს დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიცემოდა მხოლოდ პრემიის სახით.

 

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებს შორის 2014 წელს ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება (65 100 ლარი) გაცემულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელზე. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის გია თვალავაძეს შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 58 300 ლარი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელის მარინა მესხის - 46 640 ლარი, ხოლო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის - 36 900 ლარი.

2014 წლის იანვარი-მაისის პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა ნოე ქინქლაძე, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში მიღებული აქვს დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს გაიოზ თალაკვაძეს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს თანამდებობრივ სარგოზე მაღალი შემოსავალი. აღნიშნული განპირობებული იმ ფაქტით, რომ აღნიშნულ უწყებაში საქართველოს მთავრობის დადგენილების გამოცემის შემდგომ პრემიებთან ერთად გაიცემოდა აგრეთვე სახელფასო დანამატები.


მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, 2014 წლის სექტემბრის თვეში გაიოზ თალაკვაძეს საკუთარი ბრძანებების საფუძველზე მიღებული აქვს თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობის (5200 ლარი) პრემია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სექტემბრის თვეში გაიოზ თალაკვაძის ხელმოწერით გამოცემულია პრემირების შესახებ ორი ბრძანება. ორივე მათგანი 1 სექტემბრით თარიღდება. აღნიშნული გარემოება, ცალსახად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებული რეგულაციების უგულველბელყოფას, რომელიც უკავშირდება პრემიის გაცემის უფლებამოსილ პირს, პრემიის გაცემის პერიოდულობასა და ოდენობას.


ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც პრემირების და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ ბრძანებებიდან ირკვევა 2014 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში პრემიები და სახელფასო დანამატები გაიცემოდა როგორც შრომის ანაზღაურების აგრეთვე, საქონელი და მომსახურების მუხლიდან.

 

 

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულების სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2014 წლის შრომის ანაზღაურებამ სულ შეადგინა 65 490 ლარი. აღნიშნულ თანამდებობას დეკემბრის თვემდე იკავებდა ზურაბ ჩეკურაშვილი, რომელსაც პრემიის სახით მიღებული აქვს 22 125 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის - 2950 ლარი. დეკემბრის თვეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა ზაზა დოლიძემ, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრის თანხმობის საფუძველზე, თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველივე თვეს გაიცა 2 950 ლარის პრემია და 2 065 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელის ლალი მაძღარაშვილის 2014 წლის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 42 900 ლარი, საიდანაც პრემიის სახით მიღებული აქვს 11 700 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი მასზე არ გაცემულა.

 

  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები სამინისტროს მსგავსად წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლის უწყებებს, სადაც 2014 წლის ივლისში პრემიებზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ხელმძღვანელი პირებისათვის პრემიები არ ჩანაცვლებულა სახელფასო დანამატებით. შესაბამისად, მათი შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელების ანაზღაურებას. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის 2014 წლის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 48 300 ლარი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი ჟორჟოლიანის 39 275 ლარი, ხოლო ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შალვა გოგოლაძის - 36 400 ლარი.

 

  • სხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებები

2014 წლის ივლისის თვის შემდგომ ზემოთ წარმოდგენილი უწყებების მსგავსად სხვა სამინისტროებს დაქვემდებარებულ დაწესებულებებშიც ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით მსგავსი ტენდენციები შეინიშნება. მაგალითად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძის 2014 წელს (მარტი-დეკემბერი) სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 52 150 ლარი (სარგო 29 500, პრემია 15 050, დანამატი 7 600 ლარი). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის ივლისამდე ანთიძე თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურად იღებდა 1900 ლარის ოდენობის პრემიას. დაწესებული რეგულაციების ფონზე 2014 წლის სექტემბრიდან მას დაუწესდა 1900 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი. აღნიშნულ დანამატთან ერთად, რეგულაციების შემდგომ, მასზე სამი თვის განმავლობაში გაცემულია აგრეთვე დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება ივლისის თვის შემდგომ გაიზარდა.

საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებმა, სამინისტროს მსგავსად, 2014 წელს გაცემული პრემიებისა და სახეsლფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, აღნიშნულ უწყებებში არსებული სახელფასო პოლიტიკაზე დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. თუმცა მონაცემების გასაიდუმლოება გვაფიქრებინებს , რომ სამინისტროს მსგავსად აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელი პირების შემთხვევაშიც, აქტიურად გაიცემოდა პრემიები თუ სახელფასო დანამატები.

 

  • საქართველოს მთავრობასთან ანგარიშვალდებული სხვა უწყებები

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების მიხედვით საქართველოს მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ ზემდგომი თანამდებობის პირი, პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. როგორც ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით პრემიების გაცემაზე დაწესებულ შეზღუდვებს, ამგვარ დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. აღნიშნულ დაწესებულებებს შორის, რომელთა შესახებ ინფორმაციაც ხელმისაწვდომია ინსტიტუტისათვის, 2014 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე მაღალი შემოსავალი მიღებული აქვს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს გიორგი თვაურს - 58 950 ლარი (პრემია 31 000, დანამატი 27 950). დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელის დავით სუჯაშვილის სახელფასო დანამატმა 2014 წელს შეადგინა 51 840 ლარი, პრემია მას არ მიუღია. აღსანიშნავია აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძის შრომის ანაზღაურება, რომელსაც 7 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიღებული აქვს 40 590 ლარი.


ყველაზე დაბალი შემოსავალი პრემიისა თუ სახელფასო დანამატის სახით აღნიშნული სახის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის მიღებული აქვს იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს მელიტონ ბენიძეს - 6 322 ლარი.

2014 წლის ივლისამდე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა ირაკლი ღვალაძე, რომელსაც აღნიშნულ პერიოდამდე პრემიის სახით მიღებული აქვს 40 590 ლარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარტის და აპრილის თვეები, როდესაც ხელმძღვანელზე გაცემულმა პრემიამ თითოეულ თვეზე 9 900 ლარი შეადგინა. ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ნიკოლოზ გოგილიძის მიერ მიღებულმა პრემიამ 2014 წელს შეადგინა სულ 9 405 ლარი. აღნიშნული თანხა პრემიერ მინისტრის თანხმობით გაცემულია სამი თვის განმავლობაში და თითოეულ თვეზე გაცემული პრემია არ აღემატებოდა თანამდებობრივი სარგოს 70%-ს.

სხვა დაწესებულებებიდან უმრავლეს შემთხვევაში 2014 წლის განმავლობაში დამატებითი ანაზღაურების ფორმად დადგენილების მიღებამდეც გამოიყენებოდა სახელფასო დანამატები, შესაბამისად, პრემიებზე დაწესებულ შეზღუდვებს აღნიშნულ უწყებებში დასაქმებულების შემოსავლებზე გავლენა არ მოუხდენია. მაგალითად, დაზვერვის სამსახურის უფროსის ყოველთვიური სახელფასო დანამატი 2014 წლის განმავლობაში შეადგენდა 4 320 ლარს და მასზე პრემია არ გაიცემოდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შემთხვევაშიც თანამდებობის პირებზე პრემია გაცემულია მხოლოდ 2014 წლის დეკემბერში, ხოლო სხვა თვეებში დამატებითი ანაზღაურების ფორმად გამოიყენებოდა სახელფასო დანამატი, შესაბამისად პრემიებზე დაწესებულ შეზღუდვებს რაიმე გავლენა აღნიშნული უწყების სახელფასო პოლიტიკაზე არ მოუხდენია.

რაც შეეხება იმგვარ უწყებებს, სადაც 2014 წლის ივლისამდე სახეზე გვქონდა ყოველთვიური პრემიებით წახალისების პრაქტიკა, პრემია ჩანაცვლდა სახელფასო დანამატით და ხელმძღვანელი პირების შემოსავლების თვალსაზრისით მდგომარეობა არ შეცვლილა. მაგალითად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2014 წლის ივლისამდე ხელმძღვანელ პირებზე ყოველთვიურად გაიცემოდა 5 000 ლარის ოდენობის პრემია. აღნიშნული შეზღუდვების დაწესების შემდგომ ხელმძღვანელი პირები პრემიის ნაცვლად იღებდნენ იგივე ოდენობის სახელფასო დანამატს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024