ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობდა IDFI-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდის“ (სანქტ-პეტერბურგი) საქმიანობის სისტემატიური შეზღუდვა. ფონდი დაარსდა 2004 წელს და ის IDFI-ის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ორგანიზაცია იყო.
ამასთან 2014 წელს რუსეთის პროკურატურამ ფონდი „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და მას „უცხო ქვეყნის აგენტობაში“ დასდო ბრალი. კერძოდ, ხელისუფლება აღნიშნავდა, რომ ფონდის წარმომადგენლები პოლიტიკური მიზნებისთვის აქტიურად იყენებენ საკუთარ ინტერნეტ-რესურსებს. მათ შორის მითითება ხდებოდა ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ივან პავლოვის სტატიაზე „რუსი უფლებადამცველების შეხვედრა ბარაკ ობამასთან“. აღნიშნული სტატიის საფუძველზე პროკურატურა აცხადებდა, რომ ფონდის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში არსებული პოლიტიკური და სოციალური სიტუაციის შესახებ.
ორგანიზაციის წევრებმა პროკურატურის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც სასამართლომ უზრუნველყო მათი უფლებების დაცვა. შედეგად, ფონდს ჩამოერთვა უფლება გაეგრძელებინა საკუთარი საქმიანობა. მიუხედავად ამისა, ყოფილი ფონდის წევრები კვლავ განაგრძობენ აქტიურ მუშაობას ინფორმაციის თავისუფლების დაცვისა და რუსეთში დემოკრატული პრინციპების გამყარების კუთხით. სწორედ ამ მიზნით, მათ ინფორმაციის თავისუფლების ფონდის ნაცვლად ჩამოაყალიბეს კავშირი სახელწოდებით „გუნდი 29“ (რუსეთის კონსტიტუციის 29-ე მუხლი ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს). ახალ კავშირში ყოფილი ფონდის იურისტები და ჟურნალისტები გაერთიანდნენ. აღიშნული გაერთიანება არის არაფორმალური, შესაბამისად ერთი მხრივ, შეუძლებელია მისი განმეორებით მოხვედრა უცხო ქვეყნის აგენტთა რეესტრში, თუმცა მეორე მხრივ, ის ვერ შეძლებს იყოს სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტი მთელ რიგ შეთხვევებში როგორიც, მაგალითად, გრანტებისა და დაფინანსების მიღებაა.
ყოფილი ფონდის დირექტორი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ფორმის შეცვლის მიუხედავად ისინი განაგრძობენ აქტიურ საქმიანობას ინფორმაციის თავისუფლების დაცვის კუთხით. კერძოდ, ისინი იწყებენ პროგრამას „გვაქვს უფლება ვიცოდეთ“. აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია საჯარო ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაზე მოქალაქეთა უფლების დაცვა. ორგანიზაცია ასევე სამართლებრივ დახმარებასა და კონსულტაციას გაუწევს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც პრობლემა შეექმნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. უფლებადამცველები გეგმავენ ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას, როგორც სტუდენტების ისე სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, საკუთარი უფლებების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
IDFI კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ და იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ვეღარ მოხდება ახლადდაფუძნებული „გუნდ 29“–ის საქმიანობის შეზღუდვა.