სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ს სარჩელი შსს–ს წინააღმდეგ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 იანვარი 2015

2014 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. შედეგად სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილად მიაწოდოს ინსტიტუტს ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით.

 


აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2014 წლის 13 ივნისს მიმართა, თუმცა უწყებამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი განცხადება და შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი, რის შემდეგაც ინსტიტუტმა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 


თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში სამინისტრო სხვადასხვა ხერხით ცდილობდა გაეჭიანურებინა საქმის პროცესი. რამდენიმე შემთხვევაში სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა პროცესზე, ამასთან საქმის მოსმენა არა ერთხელ გადაიდო შსს–ს წარმომადგენლების მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ისინი უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფდნენ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას სრულყოფილი სახით. მიუხედავად ამისა, საქმის მოსმენის რამდენჯერმე გადადების შემდეგაც, სამინისტრომ სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ და ამასთან არასრულყოფილი სახით გასცა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ IDFI-ი ითხოვდა დეტალურ მონაცემებს თანამდებობის პირებზე (მხოლოდ მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები) ინდივიდუალურად გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ, სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია სამინისტროს ყველა თანამდებობის პირზე (შსს ორგანოები და სასაზღვრო პოლიცია) ჯამურად გაცემული შრომის ანაზღაურების (დარიცხული ხელფასი, პრემია, დანამატი) შესახებ, რითაც შეუძლებელი იყო ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის იდენტიფიცირება. შესაბამისად, ინსტიტუტმა განაგრძო დავა, თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი სახით (სახელისა და გვარის მითითებით თვეების მიხედვით) მიღების მიზნით.

 

 

საქმეში მოსამართლემ სრულად გაიზიარა ინსტიტუტის პოზიცია, მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ისევე როგროც საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით დადგენილ რეგულაციებზე და მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა რამდენიმე საყურადღებო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:

 

 

– სასამართლომ ხაზი გაუსვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერს, რომლის თანახმადაც პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისთვის თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;

 

– სასამართლოს განმარტებით, საზოგადოება უფლებამოსილია გაიგოს თუ რა თანხით აანაზღაურა ამა თუ იმ თანამდებობის პირის საქმიანობა საჯარო დაწესებულებამ. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების მაღალი ინტერესის მატარებელია. სწორედ აქედან გამოდინარე თანამდებობის პირებს ეკისრებათ ვალდებულება შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, ხოლო სზაკ–ის 44.1 მუხლი კი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საჯარო დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება არ გასცენ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, გარდა თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემებისა;

 

– მოსამართლის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის თავმჯდომარეები ითვლებიან თანამდებობის პირებად და ავსებენ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას, უდავოა, რომ მათ მიერ საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი საჯარო ინფორმაციის კატეგორიას განეკუთვნება და მისი გაცნობა უნდა შეეძლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

 

– ამასთან გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი გულისხმობს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, პრემიასა თუ კანონით გათვალისწინებულ სხვა ქონებრივ სარგებელს რომლის გაცემის უფლებამოსილება საჯარო დაწესებულებას გააჩნია. შესაბამისად ინფორმაცია თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს, ისევე როგორც მათ მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 


ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და მოგვაწვდის ინფორმაციას თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ, სრულყოფილი სახით, როგორც ამას ინტიტუტი ითხოვდა. ასევე ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოდ დაამკვიდრებს თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს საქართველოში, რადგანაც აღნიშნული წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიიჩნეოდა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024