ავტორი: ნატალია ვარაზი
მიმდინარე წლის 16 ნოემბერს თბილისის მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმის შემუშავებისა და მონიტორინგის მიზნით, 2017 წლის მაისში შეიქმნა 20 წევრისაგან შემდგარი „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი“. ჯგუფი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პროგრამების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (USAID) და პროგრამა „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.“
თბილისის მთავრობა 2017 წლის სამოქმედო გეგმას საერთაშორისო საზოგადოებას 7-9 დეკემბერს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პარიზის გლობალურ სამიტზე წარუდგენს. სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვალდებულებებზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ის 5 ძირითად ვალდებულებას მოიცავს, სახელდობრ:
ვალდებულება 1 - ღია მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის მრავალპროფილური მექანიზმის - საინფორმაციო და სამოქალაქო აქტივობის პორტალი “SMART MAP”-ის დანერგვა
Smart Map წარმოადგენს ელექტრონულ პორტალს, რომლის საშუალებითაც თბილისის მოსახლეობა ქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, ხის ჭრასა და ინფრასტრუქტურულ პროცესებზე ინფორმაციას მოიპოვებს. ამასთან, Smart Map-ის ელ-პორტალის საშუალებით, მოსახლეობა ქალაქში არსებულ პრობლემებთან და ამ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და იდეებს დააფიქსირებს.
Smart Map-ის ელექტრონული პორტალის დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეებს ქალაქის მმართველობის პროცესში მონაწილეობის მიღების და ამ პროცესთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მოპოვების საშუალება მიეცემათ.
პორტალი Smart Map-ის დანერგვის პროცესის დაწყება 2017 წლის იანვარში იგეგმება და ამავე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. აღნიშნული ვალდებულების შესრულება ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციას, იურიდიული საქალაქო სამსახურს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსა და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ეკისრებათ.
ვალდებულება 2 - პეტიციის დანერგვა მერიის სისტემაში, ელექტრონული პეტიცია
მერიის პორტალზე აპლიკაცია „პეტიცია თბილისის მერს“ დანერგვა იგეგმება. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება Smart Map-ის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი.
აპლიკაციის მეშვეობით, თბილისის მოსახლეობას პეტიციის შექმნისა და მის ხელმოსაწერად სხვა პირების მოწვევის შესაძლებლობა მიეცემა.
პორტალზე მოცემული იქნება ინფორმაცია პეტიციისათვის ხელმოწერების საჭირო რაოდენობის, პეტიციის განხილვისა და მერიის მიერ მასზე პასუხის გაცემის პირობების თაობაზე.
ელექტრონული პეტიციის პორტალის დანერგვაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური წარმოადგენენ და მისი დანერგვა 2017 წლის დეკემბერში იგეგმება.
ვალდებულება 3 - ბიუჯეტის მონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმის დანერგვა
2017 წლის მაისისთვის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და დაგეგმვის პროცესში მისი ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვა იგეგმება. ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა გაიგებს თუ როგორ განაწილდა წინა წლების ბიუჯეტი და თუ რა პრიორიტეტებს მოიცავს მიმდინარე წლის ბიუჯეტი. ამასთან, ბიუჯეტის განსაზღვრისას, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა მონიშნოს მისთვის პრიორიტეტული საკითხი, რომელიც განსახილველად სავალდებულო იქნება ბიუჯეტის შედგენის და დამტკიცების ნებისმიერ ეტაპზე.
ელექტრონულ პლატფორმაზე ასევე გამოქვეყნდება საბოლოოდ დამტკიცებული ბიუჯეტისა და საზოგადოების მიერ შედგენილი ბიუჯეტის შედარება და დასაბუთდება განსხვავების მიზეზები. საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე კომენტარის დატოვების, დისკუსიაში ჩართვისა და უშუალოდ მერიისათვის შენიშვნის წარდგენის მოდულებიც იქნება მოცემული.
ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული პლატფორმის დანერგვის ვალდებულება მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“, მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურსა და რაიონულ გამგეობებს ეკისრებათ და მისი დასრულება 2017 წლის მაისისთვის იგეგმება.
ვალდებულება 4 - ბიუჯეტის ხარჯვის ინტერაქტიული ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დანერგვა
აღნიშნული ვალდებულება მიზნად ისახავს ბიუჯეტის ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის პროცესზე მოსახლეობის დაკვირვების გაზრდას.
დღეის მდგომარეობით, საზოგადოება ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ წლის ბოლოს იღებს. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია ისეთი ფორმატით ქვეყნდება, რომელიც ართულებს მის დამუშავებასა და ანალიზს. შესაბამისად, იგეგმება სპეციალური პლატფორმის დანერგვა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა შეძლებს ბიუჯეტის შესრულების კონტროლს და ყოველდღიურ რეჟიმში გაეცნობა ბიუჯეტთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, თბილისის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
ელექტრონული პლატფორმის დანერგვა 2017 წლის დეკემბრისათვის იგეგმება და აღნიშნული ვალდებულების შესრულება მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ სამსახურს ევალებათ.
ვალდებულება 5 - სერვისების სამოქალაქო კონტროლისა და ხელმისაწვდომობის მექანიზმების დანერგვა
აღნიშნული ვალდებულების განხორციელებაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და თბილისის მუნიციპალიტეტის 24 გამგეობა წარმოადგენენ.
ვალდებულების მიზანია თბილისის მერიის სისტემაში არსებულ სერვისებზე მოქალაქეების მონიტორინგის გაზრდა, რის შედეგად, მოსახლეობისათვის მომსახურების მიწოდების დროს, მაქსიმალურად შემცირდება ადმინისტრაციული აპარატის მხრიდან დარღვევების რაოდენობა.
ვალდებულების განხორციელების მიზნით, თბილისის მერია სამოქალაქო მონიტორთა ჯგუფის შექმნას გეგმავს. ჯგუფში გაწევრიანება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. გაწევრიანებისათვის აუცილებელი იქნება სამოქალაქო მონიტორთა ჯგუფში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეებს გადაეცემათ სპეციალური ნიშნები, რომლებიც სერვისებზე და გარკვეული ტიპის ინფორმაციაზე მათ სწრაფ წვდომასა და ადგილზე დათვალიერებას უზრუნველყოფს.
ამასთან, სერვისების სამოქალაქო კონტროლისა და ხელმისაწვდომობის დანერგვის მიზნით, შეიქმნება სპეციალური ვებ-აპლიკაცია, რომელზეც ხელმისაწვდომი იქნება მერიის სისტემის ფარგლებში არსებული ყველაზე მოთხოვნადი სერვისები. პირველ ეტაპზე, 2017 წლისთვის, აპლიკაციაში ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების მომსახურებების განთავსება იგეგმება.
ვებ-აპლიკაციის საშუალებით დაინტერესებული პირი შექმნის საკუთარ ანგარიშს და მისთვის საჭირო მომსახურებას და ინფორმაციას ამა თუ იმ სერვისის შესახებ მუნიციპალიტეტში მისვლის გარეშე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია ზემოთ ჩამოთვლილ ვალდებულებებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საპილოტე პროგრამის ფარგლებში იღებს და ამ ნაბიჯით აქტიურად უერთდება საქართველოში OGP-ს პრინციპების დანერგვის პროცესს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმის სრულად და დროულად შესრულების შემთხვევაში, თბილისში საგრძნობლად გაიზრდება და გამარტივდება მმართველობით პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმები.