გადაწყვეტილება დავაზე IDFI ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 30 ოქტომბერი 2014

2014 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება  დავაზე ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ინსტიტუტის სარჩელი.


დავის საგანს წარმოადგენდა ქმედების განხორციელება ინფორმაციის გაცემის სახით. კერძოდ დავის გარემოებები შემდეგია: 2014 წლის 27 იანვარს ინსტიტუტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი  2014 წლის 5 მარტს მოგვეწოდა, თუმცა ის არ შეიცავდა ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულყოფილი სახით. შესაბამისად გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით ერთჯერადი გასაჩივრების შემდეგ ა.წ. 17 აპრილს სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. მხარეთა არგუმენტებისა და სამართლებრივი დასაბუთების შემდეგ სასამართლომ ნაწილობრივ დაკმაყოფილა ჩვენი სარჩელი. კერძოდ სასრჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთ პუნქტან დაკავშირებით, რომელიც 2014 წლის იანვარში ფინანსთა მინისტრის ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლებს ეხებოდა. 

 

სასარჩელო მოთხოვნაზე მოგვწოდებოდა თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია სახელობით თვეების მიხედვით სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია კანონის მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, რომ არ გასცა ინფორმაცია იმ შინაარსით როგორც ამას ინსტიტუტი მოითხოვდა. კერძოდ ინფორმაცია არ გაიცა თვეების მიხედვით თანამდებობის პირების სახელისა და გვარის მითითებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე ვებ–გვერდზე მითითებას სადაც ეს ინფორმაცია თუნდაც იმავე შინაარსით, შეიძლება იყოს დაცული. კონკრეტულ საქმეში ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითება მოხდა www.declaration.gov.ge –ზე გამოქვეყნებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებზე. სასამართლომ განმარტა, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეიცავს მხოლოდ წინა წლის ანაზღაურებადი მუშაობით მიღებილი შემოსავლის ჯამურ თანხას, შესაბამისად შეუძლებელი იყო ინტიტუტს აღნიშნული ვებ–გვერდიდან მიეღო ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ ცალ–ცალკე თვეების მიხედვით, ისევე როგორც ინფორმაცია ერთიანი თანხის შემადგენელი კომპონენტების შესახებ (თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი).

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯებისა და ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯების გაცემასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ხარჯების განსაზღვრისთვის ადმინისტრაციული ორგანის ვებ–გვერდზე მითითება არ შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო საჯარო ინფორმაციის გაცემად, იქიდან გამომდინარე რომ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ იძლეოდა კონკრეტულ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების გამიჯვნის საშუალებას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, ასევე გადაუდებელი აუცილებლობით განხორცილებული შესყიდვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. მან მიუთითა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის პრინციპზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ სამინისტროს პასუხი არ შეიცავდა კანონით გათვალიწინებულ რომელიმე გამონაკლისზე მითითებას. შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს დაევალა გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინსტიტუტისთვის ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნილი ფორმით.

 

ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით გაცემასთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განმცხადებელი თავად არჩევს საჯარო ინფორმაციის მისთვის სასურველ ფორმას. მოცემულ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნილი არ იყო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით და განსაკურებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული შინაარსის შემცველი ინფორმაციის ელექტრონული ვერსია სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა უდავოა, რომ მსგავს შემთხვევაში სამინისტრო არღვევს ვალდებულებას გასცეს ინფორმაცია მოთხოვნილი სახით.

 

სასამართლომ განმარტება გააკეთა ასევე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მან არ გაიზიარა მოპასუხის მითითება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თაობაზე და აღნიშნა, რომ კონკრეტული ინფორმაცია (მაგ პრემიების და დანამატები, სახელმწიფო შესყიდვები) ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულია ჯამური სახით და განახლებადია კვარტალურად. შესაბამისად როდესაც განმცხადებელი მოითხოვს საჯარო ინფორმაციის გაცემას დაჯგუფებულს კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, ის არ უნდა შეიზღუდოს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსით და მისთვის სასურველი ინფორმაცია უნდა მიიღოს მოთხოვნილი ფორმით. შესაბამისად სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო მიუხედავად კონკრეტული ინფორმაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებისა გაეცა ის ზუსტად იმ შინაარსით რაც განმცხადებლის მიერ იყო მოთხოვნილი.

 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ინსტიტუტის სასარჩელო მოთხოვნა მოგვწოდებოდა 2014 წლის იანვრის თვეში მინისტრის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ელექტრონული დოკუმენტი მატერიალური დოკუმენტისგან განსხვავდება მხოლოდ არსებობის ფორმით, ხოლო მათი შინაარსობრივი განმარტება იდენტურია. როგორც ელექტრონული ისე მატერიალური დოკუმენტი საჯარო ინფორმაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუ იგი ჩართულია საჯარო დაწესებულების დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში და მისი დამუშავების, შენახვის, დაცვის და ა.შ. ვალდებულება კანონმდებლობით აკისრია საჯარო დაწესებულებას. სასამართლომ განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში ინსტიტუტი ითხოვდა 2014 წლის იანვრის თვეში მინისტრის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გადაცემას, კონკრეტული შინაარსის მითითების გარეშე, არ არსებობდა დოკუმენტის საჯარო ინფორმაციად მიჩნევის შესაძლებლობა. ინსტიტუტი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაასაჩივრებს სააპელაციო წესით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023