შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა ბრენდინგის გზით

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 23 ივნისი 2022

2008 წლის აგვისტოს ომმა უმძიმესი შედეგები მოუტანა საქართველოს: ომის მიმდინარეობისას 130,000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება.  2019 წლის მონაცემებით, მათგან 25,000 კვლავაც იძულებით გადაადგილებულ პირად რჩებოდა. რუსმა ოკუპანტებმა ომის შემდეგ აქტიურად დაიწყეს ე. წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება და  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს ხელყოფს. რუსეთის ფედერაციის ქმედებებით ბორდერიზაცია ჩამოყალიბდა არა მდგომარეობად, არამედ განგრძობით პროცესად, რომლის მიზანიც,  საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ოფიციალურად დეკლარირებული „სსრკ რუკების მიხედვით დადგენილი საზღვრის აღდგენის“ გარდა, მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორიც იყო. პარალელურად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ადამიანთა უკანონო და თვითნებური დაკავებების და, ფაქტობრივად, ცხინვალში გატაცების მანკიერი პრაქტიკა პერმანენტულად მიმდინარეობს.

 

შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების მოსახლეობას დე-ფაქტო რეჟიმის პოლიციისა თუ სამხედრო ძალების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და გატაცების მუდმივი შიში აქვს, რაც იწვევს სოფლების დაცლასა და ეკონომიკური თუ სამოქალაქო აქტივობის შემცირებას – 2002 და 2014 წლების მოსახლეობის აღწერებს შორის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა გამყოფი ხაზის სოფლებში 33 %-ით შემცირდა, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ზოგად პოპულაციაში (საქართველოში) არსებული იგივე მაჩვენებელი, რომელიც 15%-ს შეადგენს.  

 

ამრიგად, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მდებარე სოფლებში არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევებია (სოფლებიდან მოსახლეობის გადინება), არამედ ყოველდღიურობას უსაფრთხოებისა და თავისუფლად მუშაობის შეზღუდვაც განსაზღვრავს. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საკუთარ სამეურნეო ტერიტორიაზე მუშაობა არა მარტო ბუნებრივი გარემო პირობების არასტაბილური გავლენების, არამედ, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ე. წ. ბორდერიზაციის საფრთხესაც მოიცავს. სხვა სიტყვებით, ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრება და მუშაობა უწევს განსხვავებულ პირობებში, არასტაბილურობისა და ოკუპაციის ყოველდღიური შემხსენებლების გარემოცვაში. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ადგილობრივი მეწარმეებისთვის ოკუპირებული რეგიონის ახლოს დარჩენა დიდ გამბედაობად და სიმამაცედ უნდა შევაფასოთ.

 

2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკურ პროფილზეც. რუსეთის ქმედებები ომის დროსაც და შემდგომ პერიოდშიც მნიშვნელოვნად აზარალებს სოფლის მეურნეობის სექტორს, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში. საქართველოში ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები დღითიდღე თვალსაჩინო ხდება. ამ ფონს მნიშვნელოვნად ამძაფრებს პანდემიით, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებით, პრობლემის გარკვეულწილად დავიწყებითა და სხვა ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობა. ამ რეგიონში, ადმინისტრაციული საზღვრის გვერდით, კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად განაგრძობენ  ფერმერულ საქმიანობას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროდუქტების რეალიზებისას კი აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას: ბუნებრივ მიზეზებს, ბაზრების მოძიებასთან, შენახვასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 

საქართველოში გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შეფასებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში 2019 წლის კვლევა ჩაატარა. აღნიშნული კვლევის თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებების 43%-მა განაცხადა, რომ გამყოფი ხაზი მათ სოფელზე გადის. დასახლებების 13%-ში დასტურდება, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ერთხელ მაინც გამოჩენილან. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე კი, ამ დასახლებების ნახევრიდან ადამიანი გაუტაცებიათ (48%). ამრიგად, სხვა იდენტიფიცირებულ სოციალურ, განათლებასთან დაკავშირებულ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ადამიანებისა და საქმიანობის უსაფრთხოება  ძირითადი და ყველაზე მტკივნეული საკითხია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რიგ გამოწვევებთან ერთად, მეწარმეები აგრძელებენ რეგიონში მუშაობას და რთული ეკონომიკური თუ ნახსენები ფიზიკური საფრთხეების მიუხედავად, ცდილობენ საზოგადოებაში კონტრიბუციის შეტანას. 

 

არსებული მძიმე ვითარების ფონზე, უსაფრთხოების სამსახურებმა 2019 წლის 30 აგვისტოდან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში აკრძალა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მედიის, ასევე პოლიტიკური პარტიების გადაადგილება და მუშაობა. დაშვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ვრცელდება უშუალოდ იმ სოფლებზეც, სადაც სრულად ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს კონტროლი. მაგალითად, სოფელ გუგუთიანთკარამდე და ზარდიანთკარამდე, სადაც საოკუპაციო ბარიერები და მავთულხლართებია, საქართველოს კონტოროლირებად ტერიტორიაზე სოფელ კარბსა და მერეთში მისვლაც შეუძლებელია, რადგან სოფელ კარბამდე ქართული საგუშაგოა განთავსებული. ისეთივე მდგომარეობაა სოფელ დიცთან, ცერონისთან, ასევე ხურვალეთში. სოფელ ხურვალეთამდე არის ხურვალეთის დევნილთა დასახლება, რომელთან მიახლოება ასევე შეზღუდულია სამოქალაქო საზოგადოების და მედიისთვის, რადგან ქართული საგუშაგო 4-5 კმ-ით დაშორებით არის განთავსებული. აღნიშნული შეზღუდვები, მიზნობრიობის მიუხედავად, მნიშვნელოვნად აფერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე  სოფლებში ეკონომიკურ საქმიანობასა და სოციალური ჩართულობის პროცესებს. 

 

ზემოთ აღნიშნულ გარემოებას ემატება ეკონომიკური მოწყვლადობა. შიდა ქართლის რეგიონს აქვს რუსეთის ბაზარზე გასვლის ტრადიცია  და, შესაბამისად, ეს უკანასკნელი ხშირად საკუთარი პროდუქტის რეალიზების ყველაზე რელევანტურ გზად წარმოუდგენია. ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე, რომელიც კრემლის პოლიტიკით იმართება, რეგიონის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ალტერნატიული ბაზრის იდენტიფიცირება და, მეორე მხრივ კი, საქართველოს დანარჩენი საზოგადობის მხრიდან სოლიდარობისა და დაფასების შეგრძნება. 

 

დღესდღეობით მსოფლიოში ბრენდინგისა და შეფუთვის საშუალებით პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული და ცხოვრობენ ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად, ხშირად არ აქვთ ინფორმაცია, რა სარგებელს მოუტანს მათი პროდუქციის რეალიზების საკითხს კომპანიის იერსახის ჩამოყალიბება და წარმოებული პროდუქციის ბრენდირება.

 

 

2022 წლის 28 მარტიდან IDFI-მ პროექტის „სოლიდარობის ბრენდინგი – შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა“  განხორციელება დაიწყო.

 

მიმდინარე პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერით, გაზარდოს ცნობადობა ოკუპირებული რეგიონის გარშემო წარმოების შესახებ. ამ გზით კი,  ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა უფრო მდგრადი გახადოს რუსული გავლენის მიმართ, შექმნას პლატფორმა ფიზიკური და ემოციური სოლიდარობისთვის, ბრენდირების გზით, ხელი შეუწყოს ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ  წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივობის ზრდას რეგიონში.

 

„სოლიდარობის ბრენდინგი“ ხორციელდება Georgian Information Integrity Program(GIIP) (კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის) / USAID დაფინანსებით. პროექტში ჩართული არიან კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი“ და გორის ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

პროექტის პარტიორები არიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), რითეილ ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 12 დიდ სუპერმარკეტის ქსელს (1700-ზე მეტი მაღაზია) მთელი ქვეყნის მასშტაბით; საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია (Georgian Farmers Distribution Company LLC); Gastronomy Trading LLC.

 

პროექტის ფარგლებში კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი“ შეიმუშავებს ერთ ე. წ. „ქოლგა ბრენდს”, რომლის მთავარი მიზანი იქნება სოლიდარობის გრძნობის ჩამოყალიბება დიდი სუპერმარკეტების მომხმარებლისთვის. ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პროდუქტები მაღაზიებში გაიყიდება იმ გზავნილით, რომ ისინი მოყვანილია  საოკუპაციო ხაზთან ახლოს, თანამედროვე გმირების მიერ. ბრენდის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობა, შეიქმნება ვიდეოები, ვიზუალური მასალა და გავრცელდება პროექტის ცნობადობის ზრდისთვის. 

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) უზრუნველყოფს საქართველოში არსებული GeoGap სტანდარტის იმპლემენტაციას ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხოლო რითეილ ასოციაცია – უკვე ბრენდირებული პროდუქტის განთავსებას მაღაზიებში საკუთარი ქსელის ფარგლებში.

 

 

პროექტის გუნდმა პირველ ეტაპზე ბრენდინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიწოდა იმ ადგილობრივ ფერმერებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ და საქმიანობენ, მათგან კი მიიღო ინფორმაცია საჭიროებების, პრობლემების და მოლოდინის შესახებ, რომელიც ქვემოთ მოყვანილ მიკროკვლევაში იქნება განხილული.

 

13 და 20 აპრილს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრებ მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა გორისა და ქარელის რაიონებში, შემდეგ სოფლებში: ქვემო ხვითი, შინდისი, დირბი, ცერონისი, ავლევი, ქვემო ნიქოზი და პატარა გარეჯვარი. 4 და 19 მაისს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა ონლაინ-პლატფორმის საშუალებით. საერთო ჯამში, ზემოთ ხსნებულ 4 შეხვედრას დაესწრო 20-ზე მეტი ბენეფიციარი. 

 

 

10-მდე მეწარმესთან შედგა წინასწარი კომუნიკაცია, თუმცა მათ საკუთარ პრობლემებად დასახეს არა ბრენდის/ლოგოს და ა. შ. არქონა, არამედ სხვა პრობლემები (მაგ.: დიდთოვლობისგან დაზიანებული სათბურის აღდგენა და ა. შ.), შესაბამისად, მათ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა აღარ მიუღიათ.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა შეავსეს IDFI-ის შედგენილი კითხვარი, რომელიც პროექტს დაეხმარება საჭირო აქტივობების განხორციელებაში.

 

პროექტის პირველ ეტაპზე მეწარმეებმა სულ შეავსეს 20 კითხვარი. 

 

20 ბენეფიციარიდან 13 სარგებლობს სხვადასხვა გრანტით, 1 – თანადაფინანსებით. ბრენდინგს (სრულყოფილს ან ნაწილობრივს) და სხვა მარკეტინგულ აქტივობებს პროდუქციის რეალიზებისთვის მიმართავს 20-დან მხოლოდ 8 ბენეფიციარი. ექსპორტს (აშშ, უკრაინა, პოლონეთი) ახორციელებს ორი მეწარმე. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი – აშშ-ში. 

 

 

ინფორმაცია ბენეფიციართა ნაკვეთის ფართობის, მიღებული მოსავლის, წარმოებული პროდუქციის რაოდენობისა და შემოსავლის შესახებ (წელიწადში):

 

გენდერული მაჩვენებელი:

 

 

ბენეფიციართა წარმოებული პროდუქცია ნაწილდება შემდეგნაირად: ნედლ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აწარმოებს 7 ბენეფიციარი, ჩირს – 3, ჩიფსს – 2, ტყლაპს – 2, ჩურჩხელას – 1, მშრალ მურაბას – 1, მშრალ ჯემს – 2, კომბუჩას – 1, ყვავილებს – 1, ვაშლის ძმარს – 1, ღვინოს – 1, გადამუშავებულ მეორად ძრავის ზეთს – 1, სამკერვალო ნაწარმს/ხელნაკეთ ნივთებს – 1.

 

 

წარმოებულ პროდუქციაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი ნაწილდება შემდეგნაირად: ვაშლს აწარმოებს 6 ფერმერი, პომიდორს – 5, ქლიავს, წიწაკას – 4,  ატამს, მსხალს, მარცვლეულ კულტურებს (ლობიო, სიმინდი, ქერი, შვრია, ხორბალი), კიტრს, ბულგარულს, ყურძენს – 2, ჟოლოს, მარწყვს, საზამთროს, კომბოსტოს, ხახვს – 1.

 

 

20 ბენეფიციარიდან 14-ს აქვს სახნავ-სათესი/დასამუშავებელი მიწის ნაკვეთი: 0-1 ჰექტრამდე აქვს 4 ფერმერს; 1-5 ჰექტრამდე – 3-ს; 5-10 ჰექტრამდე – 5-ს; 22.5 ჰექტარი – 1-ს; 42 ჰექტარი – 1-ს.

 

 

რეალიზაციის სტატისტიკა:

 

პროდუქციის რეალიზების მეთოდებიდან, მკვეთრად დიდია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზების მაჩვენებელი. ასევე აქტუალურია ონლაინ-გაყიდვის მეთოდების გამოყენებაც.

 

გორის, ხაშურისა და ქარელის ბაზარში რეალიზაციას ახორციელებს – 8 ბენეფიციარი, ონლაინ – 5, სადისტრიბუციო კომპანიების საშუალებით – 5, სხვადასხვა რეგიონის ბაზარში – 4, აგრომარკეტებსა და სუპერმარკეტებში (თბილისი) – 3, უცხოეთში – 2, „ორბელიანის ბაზარში“ – 1, თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ – 1, მსხვილი დილერების საშუალებით (არ არის დაკონკრეტებული) – 1, კერძო პირებზე – 1, ქარხნებში (თბილისი, მარნეული, კახეთი) – 1. 

 

 

20 ბენეფიციარიდან 10-ს დასაქმებული ჰყავს (ითვლება როგორც ოჯახი, ისე დამხმარე ძალა)  1-5 ადამიანი; 6-10 ადამიანი – 6 ბენეფიციარს, 16-20 ადამიანი – 1 ბენეფიციარს, 21-25 ადამიანი – 1 ბენეფიციარს, არცერთი დასაქმებული – 1. 

 

 

20 ბენეფიციარიდან 10-ის სამეწარმეო საქმიანობას აქვს სახელწოდება, ბრენდინგის ნიშნები აქვს 8 მეწარმეს, სოციალური  ქსელებით რეკლამას მიმართავს 7 ბენეფიციარი, მათ შორის ვებგვერდი აქვს 4-ს, გამოფენებში მონაწილეობს 3, ხოლო არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი სარეკლამო საშუალება  არ აქვს 10 ბენეფიციარს.

 

 

ძლიერი სოფლისთვის აუცილებელია მცირე და დიდი მეურნეობების განვითარება, რისთვისაც  საჭიროა სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინება, იმ პრობლემათა იდენტიფიცირება, რომლებიც ერთგვარ ბარიერსა და დაბრკოლებას ქმნის სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების სფეროში.

 

IDFI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების გარდა, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარები სამეწარმეო საქმიანობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კლიმატურ პირობებსა და სტიქიურ მოვლენებს ასახელებენ. სტიქიური მოვლენები აგრობიზნესში ყველაზე დიდი რისკია. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტიქიის გამო მოსავალი სრულად ნადგურდება და ფერმერი შემოსავლის გარეშე რჩება. აგროდაზღვევა ერთადერთი მექანიზმია, რომლის საშუალებითაც ფერმერებს, მოსავლის განადგურების შემთხვევაში, საშუალება ეძლევათ,  მიიღონ ანაზღაურება, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვევის პირობები ბევრი ბენეფიციარისთვის მისაღები არ არის, პროექტის ბენეფიცართაგან მხოლოდ 3 სარგებლობს აგროდაზღვევით. 

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არასაკმარისი ფინანსებია, რის გამოც ბენეფიციარები ვერ ახერხებენ სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებას, კომუნალური პრობლემების მოგვარებას, საკმარისი მუშახელის დაქირავებას, საჭირო ინვენტარის შეძენასა და მაღაზიათა ქსელებში პროდუქციის განთავსებას. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციართა ნაწილს სამეწარმეო საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ნედლეულის შესყიდვა უწევს, წინააღმდეგობას აწყდება  არასტაბილური (გაზრდილი) საბაზრო ფასის გამო და, შესაბამისად,  ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობის ნედლეულისა თუ მასალის შეძენას, რაც, თავის მხრივ, აისახება ბაზარზე კონკურენტუნარიანობასა და წლიურ შემოსავალზე. 

 

ოკუპაციის ფონზე, ერთ-ერთი უჩვეულო პრობლემაა წინააღმდეგობები საგრანტო ინსტიტუტებთან  – კომპანიის სახელისა (მაგ.: „-20%“) და სამეწარმეო საქმიანობის ანტისაოკუპაციო თემატიკის გამო. აღნიშნული მიზეზით არ დაფინანსდა  ერთ-ერთი ბენეფიციარი საჭირო დანადგარის შესაძენად, რის გამოც მოუწია სამეწარმეო საქმიანობის დროებით შეჩერება.

 

ფერმერთა პრობლემების იდენტიფიცირებისას 2020 წელს დაწყებულ პანდემიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არამარტო ქვეყნის შიგნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის, არამედ ექსპორტის მხრივაც. ფერმერთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ პანდემია უარყოფითად აისახა პროდუქციის მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვის კუთხით. მოთხოვნის მკვეთრად შემცირებამ კი წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის პრობლემები წარმოშვა ქვეყნის შიგნით. ამას ემატება 2022 წლის თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც ექსპორტს ვერ ახორციელებს უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებში მეწარმეთა გარკვეული კატეგორია, მათ შორის, პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი.

 

მაღაზიათა ქსელებში პროდუქციის განთავსებისას წარმოქნილ პრობლემათა შორის უმთავრესი დაბრკოლება მაღალი გადასახადია, რასაც დამატებით ართულებს კონსიგნაციის პირობები და დაგვიანებული ანგარიშსწორება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფერმერები  ონლაინ-გაყიდვებსა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებას  ანიჭებენ უპირატესობას.

 

ბენეფიციართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჭიროა პროდუქციის ცნობადობის გაზრდა,  რათა შემდგომში მათ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდოს და მიეცეთ გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობა. სამეწარმეო საქმიანობის უკეთ წარმართვისა და ხარჯების შემცირების წინაპირობად ნაწილი საჭირო დანადგარების შეძენას ასახელებს. ფიქრობენ, რომ ასევე აუცილებელია ხარისხის სერთიფიკატი, ლოჯისტიკის გამარტივებული პირობები, შემცირებული გადასახადები, ექსპორტის განხორციელებაში ხელშეწყობა და ბრენდირება. 

 

ბენეფიციართა აზრით, იმისთვის, რომ უარი თქვან საზღვარგარეთიდან  შემოტანილ პროდუქციაზე, საქართველოს უნდა გააჩნდეს ძლიერი სოფლის მეურნეობა. მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი ხარისხის უზრუნველყოფითა და ფინანსური მხარდაჭერით ხელს შეუწყობს მათი კონკურენტული უპირატესობის გაზრდასა და ახალ ბაზარზე შესვლის პოტენციალს. 

 

IDFI-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების პროექტის მთავარი მიზანი იქნება, გაზრდილი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოვლენით, ბაზრის წვდომის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებთან ერთად, შეამციროს სწრაფვა და ნოსტალგია რუსული ბაზრის მიმართ და ხელი შეუწყოს შიდა ქართლის რეგიონში ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლებში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ზრდასა და პოპულარიზაციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023