დავის შეჯამება საქმეზე IDFI კრიზისების მართვის საბჭოს წინააღმდეგ

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 17 ნოემბერი 2015

2015 წლის 17 აგვისტოს IDFI-იმ მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს და მოითხოვა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემები 2014-2015 წლებში თანამდებობის პირებსა (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) და სხვა თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით, პრემიებისა და დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტები, თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების (CV) შესახებ ინფორმაცია, აპარატის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ და სხვა (სულ 18 პუნქტი). 

 

აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი მიმდინარე წლის 21 აგვისტოს მივიღეთ, თუმცა არასრულყოფილი სახით. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ უარი განაცხადა მოეწოდებინა ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ სახელებისა და გვარების მითითებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპზე აპელირებით უარი გვეთქვა 2015 წელს დასაქმებულ თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების (CV) შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზეც. არასრულყოფილი სახით მოგვეწოდა ასევე მონაცემები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უწყების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები.

 

 

2015 წლის 4 სექტემბერს IDFI-მ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა საბჭოს ქმედება. ინსტიტუტის მოთხოვნას კრიზისების მართვის საბჭოს მიერ ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემა წარმოადგენდა.

 


მოცემულ დავასთან დაკავშირებით 2015 წლის 28 სექტემბერს ჩატარდა ზეპირი მოსმენა. აღნიშნულ სხდომაზე IDFI-ს წარმომადგენლების მიერ წარდგენილ იქნა სასამართლოს ძალაში შესული არაერთი გადაწყვეტილება მსგავს დავაზე (მაგ.: IDFI vs საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, IDFI vs სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) რომლებიც ცალსახად ადგენდნენ ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულებას დეტალური სახით სახელებისა და გვარების მითითებით გაეცათ ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ. საბჭოს წარმომდგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა სრულყოფილი სახით მოეწოდებინათ ის ინფომრაცია, რომელიც არ იყო საიდუმლოების შემცველი. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა IDFI-ს ადმინისტრაციული საჩივარი. შედეგად საბჭომ სრულყოფილი სახით მოგვაწოდა ინფორმაცია 2014-2015 წლებში თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების, თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების, ისევე როგორც, შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის დარიცხული შრომის ანაზღაურების შესახებ. რაც შეეხება სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს, აღნიშნული ინფორმაცია მოგვეწოდა ჯამური სახით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს მითითებით ის იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი. ქვევით ჩვენ წარმოვადგენთ მიღებული მონაცემების მცირე ანალიზს.

 

 

- პრემიები და დანამატები


აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საბჭოში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია მოგვეწოდა ჯამური სახით თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მითითების გარეშე:

 


უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ საბჭოს მიერ სრულყოფილი სახით მოგვეწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ. კერძოდ გვეცნობა, რომ თანამდებობის პირებზე 2014-2015 წლების განმავლობაში არ დარიცხულა პრემია.

 

რაც შეეხება სახელფასო დანამატებს ისინი ყოველთვიურად გაიცემოდა თანამდებობის პირებზე და მათი ოდენობა 3050 ლარიდან 4 775 ლარამდე მერყეობდა. მაგალითად მინდია ჯანელიძეს -სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანსა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - ყოველთვიურად ერიცხებოდა დანამატი 4 775 ლარის ოდენობით; გიორგი ზედელაშვილს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს - 3 050 ლარი; ალექსანდრე ჭიკაიძეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეს - 3 050 ლარი. აღსანიშნავია, რომ კრიზისების მართვის საბჭოს მოქმედი საშტატო ნუსხის თანახმად უწყების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 2 900 ლარიდან 3 200 ლარამდე მერყეობს. შედეგად, მაგალითად კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის ალექსანდრე ჭიკაიძის ყოველთვიური შემოსავალი მისი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან (2015 წლის 17 ივნისიდან) წერილის მიღების მომენტამდე (2015 წლის 3 ნოემბერამდე) პერიოდისთვის 5 975 ლარს შეადგენდა. საბჭოს მდივნის - მინდია ჯანელიძის ყოველთვიური შემოსავალი - 7 975 ლარს, პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის კი - 6000 ლარს. როგორც მოცემული თანამდებობის პირების მაგალითიდან ირკვევა, მათზე ყოველთვიურად გაიცემოდა სახელფასო დანამატი, რომელიც აღემატებოდა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.

 


მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლებზე 2014-2015 წლების განმავლობაში პრემია მხოლოდ ერთხელ 2014 წლის დეკემბრის თვეში ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით არის გაცემული და ის 76 900 ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება საბჭოს თანამშრომლებზე გაცემულ სახელფასო დანამატებს, ის საბჭოს თანამშრომლებს სისტემატიურად ერიცხებოდათ და 2014 წელს ჯამში 938 670 ლარი, ხოლო 2015 წელს კი 589 325 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ოდენობით დანამატი გაიცა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში 77 500 და 78 100 ლარის ოდენობით.

 


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ბრძანებით IDFI-ის უარი ეთქვა ისეთი ინფორმაციის მიღებაზე, როგორიცაა 2014-2015 წლებში თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები. საბჭოს პოზიციის თანახმად მოცემული დოკუმენტები შესაძლებელია ყოფილიყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი.

 

 

- თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია


აღსანიშნავია, რომ კრიზისების მართვის საბჭომ თავდაპირველად უარი განაცხადა თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის (cv) მოწოდებაზე. აღნიშნულის საფუძვლად საბჭო პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპზე მიუთითებდა. მიუხედავად აღნიშნულისა მისასალმებელია, ის ფაქტი რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემდეგ საბჭოს მიერ გათვითცნობიერებულ იქნა თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის ღია საჯარო ხასიათი და სრულყოფილი სახით მოგვეწოდა 2015 წელს დასაქმებულ თანამდებობის პირთა კერძოდ - კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეების ალექსანდრე ჭიკაიძის, კახა ოქროჯანაშვილისა და ლევან ღირსიაშვილის CV-ები.

 

- შტატგარეშე მოსამსახურეები


შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ მოგვეწოდა შემდეგი ინფორმაცია: კრიზისების მართვის საბჭოში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია 15 შტატგარეშე მოსამსახურის პოზიცია, საიდანაც მიმდინარე დროისთვის დაკავებულია 5 პოზიცია. აღსანიშნავია, რომ არასრული სახით მოგვეწოდა ინფორმაცია შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების შესახებ და გვეცნობა რომ ის 500-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება. ამასთან საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შტატგარეშე მოსამსახურეებს2014 წლის ბოლოს მიღებული აქვთ სადღესასწაულო პრემია შრომის ანაზღაურების 100 %-ის ოდენობით. შტატგარეშე მოსამსახურეებზე 2014-2015 წლების განმავლობაში არ დარიცხული სახელფასო დანამატი.

 

 

- წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები


აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მოგვეწოდა დეტალური სახით თითოეული ღონისძიებისა და მასზე გაწეული ხარჯების მითითებით. საბჭოს პოზიციის თანახმად აღნიშნული შესაძლებელია ყოფილიყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი. საბჭოსგან მიღებული ჯამური ინფორმაციის თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გაფორმებული აქვს 12 ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 11 710 ლარი, მოცემული დროისთვის გახარჯულია 4 855.34 ლარი.

 

მსგავსი სახით მოგვეწოდა ინფორმაცია აპარატის მიერ დახარჯული სამივლინებო ხარჯების შესახებაც და გვეცნობა, რომ ის27 870 ლარს შეადგენდა, სიდანაც 1 097 ლარი დახარჯულ იქნა ქვეყნის შიგნით, ხოლო 26 773 ლარი კი - მივლინებაზე ქვეყნის გარეთ.

 

 

- გადაუდებელი აუცილებლობით განხორცილებული შესყიდვები


აღსანიშნავია, რომ აპარატის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მოგვეწოდა სრულყოფილი სახით ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენამდე. მიღებული ინფორმაციის თანახმად საბჭოს განხორცილებული აქვს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:


1) საოფისე ფართის დასუფთავების სახელმწიფო შესყიდვა- 3 122.10 ლარი
2) 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურების დროს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მოსამსახურეებისათვის სპეციალური ტანსაცმლისა და ბათინკების სახელწიფო შესყიდვა-9 901 ლარი.

 

 

- გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა


აღსანიშნავია, რომ სრულყოფილი სახით მოგვეწოდა ასევე ინფორმაცია 2014-2015 წლების განმავლობაში კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობისა და მიზეზების შესახებ. კერძოდ, გვეცნობა, რომ 2015 წლის ივნისში განხორციელებული რეორგანიზაციისას, თანამდებობიდან განთავისუფლდა საბჭოს აპარატის ერთი მოსამსახურე.

 


2014-2015 წლების განმავლობაში უწყების მიერ არ განხორციელებულა ისეთი სახის ქმედებები, როგორიცაა ავტომობილების შესყიდვა ან მათი ჩანაცვლება იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ასევე საბჭოს აპარატს არ გაუწევია ხარჯი „როუმინგულ“ მომსახურებაზე და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. უწყებას არ განუხორციელებია მიმოწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ამასთან კრიზისების მართვის საბჭოს საშტატო ნუსხით არ არის გათვალიწინებული მდივნის მრჩევლის თანამდებობა.

 


დასკვნა


უპირველესყოვლისა დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ კრიზისების მართვის საბჭოს მიერ სრულყოფილი სახით იქნა მოწოდებული ჩვენი წერილით მოთხოვნილი მთელი რიგი ინფორმაცია. შედეგად თავიდან იქნა აცილებული პროცესის სასამართლოში წარმართვის აუცილებლობა და მასთან დაკავშირებული გრძელვადიანი პროცედურები. აღნიშნული განსაკურებით მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა თანამდებობის პირთა პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისთვის. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიტიურად უნდა შეფასდეს კრიზისების მართვის საბჭოს მიერ IDFI-ის არგუმენტაციის გაზიარება და აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემა.

 


მიუხედავად აღნიშნულისა, პრობლემურია ის, რომ მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით საბჭოს უარი დაეფუძნა იმ არგუმენტაციას, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შესაძლებელია ყოფილიყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი. უდავოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება არ გასცეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, თუმცა აღნიშული უნდა იყოს დაფუძნებული არა ვარაუდზე იმის შესახებ, რომ მონაცემები შესაძლებელია იყოს საიდუმლოების შემცველი არამედ უნდა იყოს დასაბუთებული და სასურველია მიეთითოს ის აქტი და თარიღი რომლითაც მოხდა ინფორმაციის დასაიდუმლოება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024