საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სტატისტიკა: 2017-2021 წლები

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ღია მმართველობა | ანალიზი 2 ივნისი 2022

საქართველოში ხშირია საგზაო მოძრაობის უხეში დარღვევები. კერძოდ, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თანახმად, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად გზებზე სულ უფრო მეტი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა ფიქსირდება. შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მწვავე აუცილებლობა დგას. დაფიქსირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდა სიკვდილიანობის და დაშავებულთა რაოდენობის კლების პარალელურად შესაძლოა დაკავშირებული იყოს სადაზღვევო კულტურის და პოლიციაზე მიმართვიანობის ზრდასთან.

 

                           

 

დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკაზე დაკვირვებით, თვალსაჩინოა 2020 წელს დაშავებულთა რაოდენობის შემცირება 7,921-დან 6,640-მდე, რისი ერთ-ერთ განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს კოვიდის დროს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად გადაადგილების შემცირებული ინტენსივობა. 

 

 

დამატებით, 2018 წელს დაინერგა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება 12 თვის ვადით ან გამოცდის ხელახლა ჩაბარებამდე. ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს და არ ვრცელდება ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. სტატისტიკაზე პირველადი დაკვირვებით, თვალსაჩინოა 2019 წელს იმ პირების მნიშვნელოვნად მაღალი რაოდენობა, ვისაც დააკლდათ ან გაუნულდათ ქულები მართვის მოწმობაზე, ხოლო 2020 და 2021 წლებში თითქმის განახევრებული რაოდენობა ფიქსირდება.

 

       

 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. შესაბამისად, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამინისტროს მიერ ეფექტიანი პოლიტიკის წარმოებას, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების დადგენაში, ასევე მისი აღსრულების კონტროლსა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში. ასევე, საინტერესოა იდენტიფიცირდეს შესაძლო კავშირები და ტენდენციები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკასა და ისეთ მასშტაბური მოვლენებს შორის, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები, წინასაარჩევნო პერიოდი, პანდემია და ა.შ.

 

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციას, რომელიც აერთიანებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკას. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით ვიდეოჯარიმების რაოდენობასა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოვლენილ სამართალდარღვევებს 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით.

 

ძირითადი მიგნებები:

 

- 2020-2021 წლებში, 2019 წელთან შედარებით, თითქმის განახევრდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც დააკლდათ ან გაუნულდათ ქულები მართვის მოწმობაზე;

 

- 2020 წელს თვალსაჩინოა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობის შემცირება, 7,921-დან 6,640-მდე, რისი ერთ-ერთ განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს კოვიდის დროს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად გადაადგილების შემცირებული ინტენსივობა;

 

- 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობამ 12.7 მილიონი შეადგინა;

 

- 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 7.1 მილიონი ერთეული ვიდეოჯარიმა გამოიწერა, ხოლო მათ შედეგად დარიცხული თანხა დაახლოებით 302 მილიონ ლარს აღწევს;

 

- 2020 წელს ჯარიმების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც პანდემიასთან და მის სამართავად დაწესებულ შეზღუდვებთან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში კონტროლის შემსუბუქებასთან;

 

- საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი სამართალდარღვევა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით თბილისში დაფიქსირდა, ჯამში 6.4 მილიონი დარღვევა; 

 

- საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი ოდენობის (4.2 მილიონი) ვიდეოჯარიმა თბილისში დაფიქსირდა, რომელმაც ჯამში 160 მილიონი ლარი შეადგინა;

 

- გამოწერილ საჯარიმო ქვითრებს შორის ვიდეო ჯარიმების წილი ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს, ვიდეო-ჯარიმები მთლიანი რაოდენობის 18.4%-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს 75%-ს აღწევდა;

 

- ჯარიმების საერთო რაოდენობის კლების ტენდენციასთან თანხვედრაში არ არის 125 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა, რომლის დაფიქსირება მეტწილად ხდება ავტომატურად, ვიდეოკამერების მეშვეობით.

 

დასკვნა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკაზე დაკვირვების შედეგად, თვალსაჩინო ხდება რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია.

 

2020-2021 წლებში ფიქსირდება გამოწერილი საჯარიმო ქვითრების საერთო რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, Რაც ნაწილობრივ შესაძლოა უკავშირდებოდეს პანდემიის და დაწესებული შეზღუდვების შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ზოგად შემცირებას. თუმცა არსებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული ტენდენცია არ ვრცელდება 125 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოწერილ ჯარიმებზე (დაშვებული სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბება), რომელთა რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 2020-2021 წლებში. სიჩქარის გადაჭარბების გამოვლენა ძირითადად ხორციელდება გარე სამეთვალყურეო ვიდეო კამერების საშუალებით. შესაბამისად, უფრო მცირეა მიკერძოების ალბათობა. აღნიშნული გარემოება აჩენს ეჭვებს, რომ 2020-2021 წლების პერიოდში ჯარიმების საერთო რაოდენობა შემცირდა საპატრულო კონტროლის სელექციური შემსუბუქების საფუძველზე, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს საპარლამენტო, შემდგომ კი ადგილობრივი არჩევნებს.

 

 

/public/upload/Analysis/1234214323.pdf

 

 

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023