2014 წლის 6 მარტს IDFI-იმ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა სხვადასხვა სახის კორუფციული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.
2014 წლის 14 მარტს IDFI -იმ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიიღო 2004-2014 წლებში სამსახურის მიერ გამოვლენილი ფინანსური ხასიათის დანაშაულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ სულ გამოვლენილია ფინანსური ხასიათის დარღვევების 9815 შემთხვევა. ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტი დანაშაული გამოვლენილია 2005 წელს – 1863 შემთხვევა, ხოლო ყველაზე ცოტა დარღვევა დაფიქსირდა 2008 წელს – 422 შემთხვევა.
2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური სახის დანაშაულებს შორის ყველაზე დიდი ოდენობა (2155) გამოვლენილია მითვისება ან გაფლანგვის მუხლით. რიგით მეორე გამოვლენილ დანაშაულებს შორის არის გადასახადისათვის თავის არიდება 1709.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტების ყველაზე დიდი მაჩვენებლები ფიქსირდება 2005-2007 წლებში. 2008 წლიდან 2012 წლამდე, წინა სამ წელთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა თითქმის განახევრებულია. 2013 წელს კი დანაშაულის რაოდენობა გარკვეულწილად კვლავ იმატებს და 219-ს შეადგენს.
გადასახადისათვის თავის არიდების რაოდენობრივად ყველაზე მეტი 452 შემთხვევა 2010 წელს გამოვლინდა, მას შემდეგ შეინიშნება კლებადი ტენდენცია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 103 შემთხვევამდე შემცირდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილ ფინანსური ხასიათის დანაშაულებს შორის ერთადერთ დანაშაულს წარმოადგენს ქრთამის აღება, რომლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (56 შემთხვევა) ფიქსირდება 2013 წელს წინა წლებთან შედარებით. 2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ უკვე გამოვლენილია აღნიშული დანაშაულის 8 ფაქტი.
დეტალური ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური ხასიათის დანაშაულების შესახებ დანაშაულის სახეების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
2012 წელს მოხელეების ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ქრთამის აღებისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა 26 პირის მიმართ, ხოლო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ აღნიშნული დანაშაულისთვის დევნა დაწყებულია 1 შემთხევვაში. 2013 წელს აღნიშნული ტიპის დანაშაულისთვის პროკურატურის მიერ დაწყებული სისიხლის სამართლის დევნის ფაქტები გაორმაგებულია.