სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 3 მაისი 2023

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს.  თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს[1] მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[2] მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.

 

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გამოტანილია კანონიერების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევით და დასტურდება პოლიტიკური მოტივის/მდგენელის უპირატესობა.[3] ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ ამ შეფასებას. საქმის მონიტორინგიდან გამომდინარე, დგინდება, რომ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ. გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, რომლის  ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი კითხვები.[4] პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.[5] საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც განაჩენი დაუსაბუთებელად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ქმნიდა საფუძველს, ქმედებაში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისთვის.[6]

 

სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ნიკა გვარამია კვლავ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში.[7]

 

ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით.  მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა თითქმის იწურება, ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივრის განხილვა არათუ არ დაწყებულა, სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული.[8]

 

ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.[9] ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.“[10] ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს.[11]  ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად.  ამასთანავე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების  მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.[12] გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.[13] ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც[14] მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით.[15] დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება.

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში[16] ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს.[17] აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს.[18]

 

ამასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები[19] აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.[20]

 

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ,

 

-          საქართველოს უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე;

 

-          საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი

ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

- ადამიანის უფლებათა ცენტრი

- მედიის ინსტიტუტი

- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

- საქართველოს სასამართლოს გუშაგი

- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

- დემოკრატიის მცველები

- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

- ასოციაცია მწვანე ალტერნატივა

- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

- დემოკრატიის ინდექსი - საქართველო (DIG)

- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

- სოციალური სამართლიანობის ცენტრი

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

- უფლებები საქართველო

- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

- საფარი

- სამოქალაქო იდეა (Civic IDEA)

- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი

- არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოგენი"

- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

- იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

- საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge

- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG

- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

- ქალთა ასოციაცია "გვირილა"

- ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა

- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი  - GARB

- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი - JRC

- მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”

- მედიაობმუდსმენი

- ღია სივრცე კავკასია (COS)

- საქართველოს ატლანტიკური საბჭო

- ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისათვის"

 

____ 

 

[1] ე.წ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლომ განაჩენი დაადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი, 16.05.22, ხელმისაწვდომია: https://tcc.court.ge/ka/Decision/e-w---rusTavi-2--is-saqmeze-sasamarTlom-ganacheni-daadgina, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[2] თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება მითვისება ან გაფლანგვის მუხლი (სსკ-ის 182-ე მუხლი მე-2 (ა,დ) და მე-3 (ბ) ნაწილები) გადააკვალიფიცირა სსკ-ის 220-ე მუხლზე, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ასევე დამნაშავედ ცნო ანალოგიური მუხლით ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად  3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნიკა გვარამია დანარჩენ ბრალდებებში სასამართლომ გაამართლა .

 

[3] საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, გვ.121, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[4] კერძოდ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად მას, როგორც ჰოლდინგის დირექტორს  გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი საქმის შედეგის მიმართ.  მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო, რომ საქმე რუსთავი 2-ს ეხებოდა და ზ. გ. ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. შემდგომში აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემაც დააყენა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა. პროცესზე წარმოდგენილი იქნა მოსამართლისა და ზ. გ.-ს ახლო მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემაც არ უარყო. მათ შორის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავი არ აიცილა. მართალია, ამგვარი შემთხვევების დროს კანონი პირდაპირ არ უთითებს სავალდებულო აცილების გარემოებებზე მაგრამ განსაზღვრავს, რომ  მოსამართლე  ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. გარდა ამისა, საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, ამასთანავე მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზემოხსენებული გარემოებები კი აჩენდა ეჭვს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის შესახებ. იხ. საიას განცხადება: ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ-გვერდი, 16.05.22, ხელმისაწვდომია:

https://www.gyla.ge/ge/post/nika-gvaramias-mimart-gamotanili-ganacheni-ukanono-da-politikurad-motivirebulia, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[5] ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 03.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oHbddL, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[6] კერძოდ, კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. იხ. ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი საიას შეფასებით დაუსაბუთებელია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 03.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oHbddL, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[7] ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, რადიო თავისუფლება, 02.11.22, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32111762.html, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[8] ვინ არის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე უზენაესში და რატომ ჭიანურდება  საკასაციო საქმის განხილვის დაწყება, მთავარი არხის ვებ-გვერდი, 27.03.2023, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/117565-vin-aris-nika-gvaramias-sakmis-mosamartle., [განახლებულია: 27.04.2023].

 

[9] სტატუსმეტრი - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ, 2023, ხელმისაწვდომია: https://osgf.ge/statusmetri-rogor-midis-saqartvelo-evrokomisiis-12-pirobis-shesrulebisken/?fbclid=IwAR2-2OkDFgSli9Dyh5AMve0VwXwlnv-6jndQW3KC-5xn5xUNc5wU1wta9bc,  [განახლებულია: 27.04.2023].

 

[10] იქვე, 25. 

 

[11] Georgia: Statement by the Spokesperson on the verdict by the Tbilisi Court of Appeal, in the case of Mr Gvaramia, Delegation of the European Union to the Council of Europe,02.11.2022 avaliable: https://www.eeas.europa.eu/eeas/georgia-statement-spokesperson-verdict-tbilisi-court-appeal-case-mr-gvaramia_en?s=51, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[12] ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა დაფუძნდა, ფორმულას ვებ-გვერდი,  16.02.2023, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/85302, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[13]  "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები პრეზიდენტს მიმართავენ, შეიწყალოს გვარამია, ფორმულას ვებ-გვერდი, 16.06.2022, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/72616, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[14]გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი სახალხო დამცველის შეფასებით წარმოადგენდა კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

[15] სახალხო დამცველის შემოწმების შედეგები ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდი, 08.06.2022, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-shemotsmebis-shedegebi-nika-gvaramias-ganachentan-dakavshirebit,  [განახლებულია: 27.04.2023].

 

[16] U.S. DEPARTMENT of STATE, GEORGIA 2022 HUMAN RIGHTS REPORT, available: https://bit.ly/3HecDCT, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[17] აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გვარამიასა და კეზერაშვილის საქმეებიც მოხვდა, News. On.ge, 20.03.23, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3L8gG57, [განახლებულია: 27.04.2023].

 

[18] US Embassy Tbilisi, Georgia-ის განცხადება, ფეისბუქ-გვერდი, 02.11.2012, ხელმისაწვდომია:

 https://www.facebook.com/usingeo/posts/512203304282941. [განახლებულია:27.04.2023].

 

[19] მათ შორის, “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ (CPJ), „Article 19“, „ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია“ (AEJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია“ (EFJ), Human Rights Watch, ფონდი „სამართალი ჟურნალისტებისთვის“, „ცენზურის ინდექსი“, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), PEN International, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF).

 

[20] საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას თავისუფლებისკენ მოუწოდებენ, ინტერპრესნიუსი, 20.04.23, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3n8H5I2, [განახლებულია: 27.04.2023].

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024