ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიები დაგეგმილია გაიცეს ხელფასის 300%-ის, ხოლო აპარატის თანამშრომლებისათვის - ხელფასის 200%-ის ოდენობით.
დღესვე განცხადება გააკეთა აგრეთვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუროს ბოლო სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 300%–იანი პრემიიდან 100% (რომელიც 50 000 ლარამდე შეადგენს) ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გარდა ფონდის საცხოვრებელი სახლის ერთწლიანი იჯარის თანხას დაფარავს. თანხის მეორე ნაწილი, მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს მოხმარდებათ (საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯია“–ს წარმომადგენლობა).
2013 წლის განმავლობაში საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაცია ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა 2013 წლის დეკემბრის თვეში, რომლის მიხედვითაც მათი პრემიებით წახალისება ხდებოდა ყოველთვიურად, თუმცა არ აღემატებოდა ხელფასის 100% -ს.
გვინდა წარმოგიდგინოთ იმ თანხების ოდენობა, რომელსაც საკრებულოს წევრები მიიღებენ ხელფასის 300 % ოდენობით პრემიის გაცემის შემთხვევაში:
ჩვენთვის გაუგებარია, რა არის საფუძველი ქ. თბილისის საკრებულოში დაგეგმილი ასეთი დიდი ოდენობის პრემიების გაცემისა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჯერად, საკრებულოს „მრავალპარტიული ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილება“ თანამდებობის პირების ხელფასის 300 %-ით დაჯილდოებაზე განპირობებული შეიძლება იყოს თვითმართველობის არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებასთან და მოქმედი საკრებულოს წევრების უფლებამოსილების მოახლოებულ შეწყვეტასთან. ეს კი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და დაუსაბუთებულ განკარგვაზე მიგვანიშნებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ გაცემული 300 % პრემიის ნაწილი გადაერიცხებათ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და ქალთა დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდებს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მაღალი საპრემიო თანხების გაცემა შემდგომი ქველმოქმედების დასაბუთებით არ წარმოადგენს ქალაქის ბიუჯეტის განკარგვის მართებულ და სამართლებრივ გზას.
აქვე გვინდა შეგახსენოთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია მიუსაფართა თავშესაფრების დაფინანსების საკითხზე, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: იმ შემთხვევაში თუ თბილისის საკრებულო გასული წლის მანძილზე არ შეიძენდა მხოლოდ 5 ახალ ავტომანქანას, ან საშუალოდ 4 თვის მანძილზე არ გასცემდა პრემიებს თანამდებობის პირებზე, გაწეული ეკონომიის შედეგად დაზოგილი თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ თბილისის 210 მოქალაქეს წლის ყველაზე ცივი 4 თვე უსაფრთხოდ გაეტარებინა. ვფიქრობთ, რომ საბიუჯეტო სახსრების რაციონალური განკარგვის პირობებში, შესაძლებელია მოხდეს არა მხოლოდ ფულადი სახსრების ეკონომია, არამედ საზოგადოებრივი პრიორიტეტების გათვალისწინებაც და რიგ შემთხვევებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც კი.
იმედს გამოვთქვამთ, ქალაქ თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ქალაქის და მისი მოსახლეობის წინაშე მდგარი რეალური პრობლემების მოგვარებაზე ვიდრე საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე გაუმჯობესებაზე.