მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „რ.ბ.ჯ.“-ს სანქცირება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო. განცხადება ეყრდნობა IDFI-ს მიერ აღნიშნული ავტორიზებული პირის პროგრამების მონიტორინგს, რომლის შედეგების მიხედვით შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ ხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი სახელმწიფო ტელევიზიის - ORT-ს პირველი არხის პროგრამების გავრცელება ღია საეთერო ციფრული ქსელით. მაუწყებლებისთვის კანონის და მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნები ცალსახადაა დადგენილი და სწორედ ამ დარღვევებზე რეაგირების თხოვნით წარედგინა განცხადება მარეგულირებელ კომისიას. აღნიშნული მაუწყებლის კონტენტი რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის „ORT“-ს პროგრამების ქართულ ვერსიას წარმოადგენს და ეკრანზეც ასახულია რუსეთის პირველი არხის ლოგო და წარწერა - „გასართობი“, ასევე საცდელი მაუწყებლობა.
აღნიშნული მაუწყებლის პროგრამები, ციფრული საეთერო მაუწყებლობის ქსელით, რამდენიმე საათით, 2015 წლის ივლისში გავრცელდა, თუმცა, კომისიის ჩარევის შედეგად, მაუწყებლობა შეწყდა. რიგი დარღვევების გამო კომისიის მიერ აღნიშნული მაუწყებლის მიმართ, კანონის და ავტორიზაციის პირობების დარღვევის გამო 2015 წლის ივლისში მოხდა სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება. კომისიამ აღმოაჩინა, რომ შპს „რ.ბ.ჯ.“ რუსული სახელმწიფო პირველი არხის კონტენტის ტრანსლირებას ახდენდა და 2015 წლის 3 ივლისს გაფრთხილებულ იქნა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451-ე მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
საქმის წარმოებას საფუძვლად დაედო კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც, აღმოჩნდა, რომ შპს „სტერეო +“-ის მულტიპლექსორში ჩართული იყო შპს „რ.ბ.ჯ“. (ტელეკომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობაზე ავტორიზაცია 2015 წლის 5 მარტს გაიარა). ტელეკომპანია გადასცემდა რუსულენოვან პროგრამებს, რუსეთის სახელმწიფო არხის (ОРТ) ლოგოთი და წარწერით - „Грузия“. სამაუწყებლო არხ „ОРТ“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.1tv.com) გამოქვეყნებული პროგრამების თანმიმდევრობა შპს „რ.ბ.ჯ“–ს მიერ გავრცელებული სიგნალის იდენტური იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა სამსახურეობრივ ბარათში მიუთითა მაუწყებლის ვალდებულება საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით გადაცემების წარმოების შესახებ, კომისიამ შპს „რ.ბ.ჯ“ მხოლოდ 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო დაასანქცირა, რომელიც გულისხმობს ტელეპროგრამის წინასწარ გამოქვეყნებას და კომისიისთვის ტელერადიო პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, რაც შპს „რ.ბ.ჯ“-ს არ ჰქონდა შესრულებული.
სანქცირების შემდეგ შპს „რ.ბ.ჯ”-იმ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ კომისიას მიმართა და მოითხოვა საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემების ნაცვლად ავტორიზაცია მხოლოდ გასართობ გადაცემებზე. 2015 წლის 18 აგვისტოს წერილობით მოთხოვნის საფუძველზე შეიცვლა მაუწყებლობის თემატიკა და ის კინო-სერიალები/გასართობი გადაცემებით განისაზღვრა. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით შპს „რ.ბ.ჯ”-ს დაევლა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მოთხოვნების დაცვა.
მიუხედავად გაფრთხილებისა, აღნიშნული მაუწყებლის მხრიდან დარღვევები კვლავ იჩენს თავს და ვფიქრობთ, აუცილებელია მათზე შესაბამისი რეაგირება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არხი და მისი პროგრამები იქმნება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო „საზოგადოებრივი“ არხის მიერ რუსულ ენაზე და შემდგომ ხმოვანდება ქართულად. რუსეთის ფედერაციის პირველი არხის ინტერნეტ გვერდის მონაცემებთან და საქართველოში ავტორიზებული არხის და ОРТ-ს პროგრამებთან შედარებით, ეს გარემოება ცალსახად დგინდება.
კონტენტის იდენტურობის გარდა, არანაკლებ საინტერესოა ამ ტელევიზიის დაფინანსების საკითხიც, რადგან ტელევიზია ფუნქციონირებს, ხოლო მათ მიერ დეკლარირებულია ნულოვანი შემოსავლები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (451-ე მუხლი) ტელევიზიამ მარეგულირებელს უნდა წარუდგინოს, როგორც განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე მონაცემები განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის შესახებ. კანონის შესაბამისად ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ გამჭვირვალე უნდა იყოს, ასევე ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა შესახებ ქონებრივი დეკლარაციის სახით. ცალსახაა, რომ მარეგულირებელ კომისიაში დაფინანსების შესახებ დეკლარირებისას მითითებული წყაროების შესახებ მონაცემები არასწორია, რადგან ორი თვის მონაცემებით ფიქსირდება ნულოვანი შემოსავლები და გაურკვეველია საიდან ხდება თუნდაც კონტენტის გახმოვანების და აგრეგაციის, ასევე მისი ტრანსლირების 22 000 ლარზე მეტი ხარჯების დაფინანსება.
შპს „რ.ბ.ჯ.“ საქართველოში 2015 წლის 17 თებერვალს გიორგი ჯაფარიძემ დააფუძნა. დირექტორად კი გია ტოგონიძე დანიშნა. ტოგონიძე და ჯაფარიძე პროდიუსერ ბიძინა ბარათაშვილთან ერთად მანამდე ერთად ფლობდნენ „ჯითივი სტუდიას“, დირექტორის პოსტს აქაც გია ტოგონიძე იკავებს.
დაფუძნებიდან ერთი თვის შემდეგ, შპს „რ.ბ.ჯ.-მ საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა და შპს „სტერეო +“-ის კუთვნილ ციფრულ საეთერო მაუწყებლობის მულტიპლექსით გავრცელდა მთელ საქართველოზე. შესაბამისად, მისი მიღება უფასოდ, ანტენით იყო შესაძლებელი.
ივნისში კომპანიის დამფუძნებელი შეიცვალა - გიორგი ჯაფარიძემ საკუთარი წილის 90% რუსეთის მოქალაქე, ოლგა მილიაევას გადასცა, 10% კი საქართველოს მოქალაქე ირაკლი ადამიას. ოლგა მილიაევა საქართველოში დაიბადა, თუმცა, მოსკოვში მოღვაწეობს და იქვე ხელმძღვანელობს კომპანიას "ДОМИНАНТА". კომპანიის დირექტორის პოსტზე კვლავ გია ტოგონიძე დარჩა.
IDFI-მ ჩათვალა, რომ გარდა ზემოთ მითითებული დარღვევებისა, სახეზეა პროგრამების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულებასთან დაკავშირებული დარღვევაც, გარდა ამისა, შპს „რ.ბ.ჯ“-ს არ აქვს საკუთარი ვებგვერდი, რომელზე ვალდებულებაც ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით ეკისრება.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დარღვევებისა, გაურკვეველია ავტორიზაციის ვალდებულებების შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ წარდგენილი პროგრამული კონცეფციის პირობებთან შესაბამისობა, რადგან რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის - ОРТ-ს კონტენტი გადაიცემა იმგვარად, რომ შეუძლებელია მოხდეს სარედაქციო კონტროლის განხორციელება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა) მაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.
არსებული რეალობის პირობებში, როდესაც თავად არხი არ აწარმოებს კონტენტს და მხოლოდ ახმოვანებს მას ქართულ ენაზე, გაურკვეველია როგორ შეასრულებს ის კანონით დადგენილ (მუხლი 52) ჯეროვანი სიზუსტის, შესწორების და უარყოფის ვალდებულებებს? ცალსახაა, რომ იმ კონტენტზე, რომელიც მას არ ეკუთვნის მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ასევე გაურკვეველია, დაინტერესებული მხარის საწყისი განცხადების გაკეთების, მათ შორის, ფაქტის მოყვანის შემდეგ, მაუწყებლის განცხადებაში მოცემულ მცდარ ფაქტს თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შეასწორებს ან უარყოფს თუ არა პირი. გაურკვეველია, როგორ დაიცავს “რ.ბ.ჯ.” მაუწყებლობის შესახებ კანონით და საქართველოში მოქმედი ქცევის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან მისი კონტენტი ნათარგმნია ქართულად და მორგებულია რუსეთის რეალობასა და რეგულაციებს.