სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 11 ოქტომბერი 2019

საბჭოთა კავშირის სათავეში იოსებ სტალინის მოსვლის შემდეგ დაიწყო საბჭოთა სკოლებისა და განათლების სისტემის სწრაფი რეფორმირება. საბჭოთა ქვეყანა დაარსებიდან ცდილობდა შეექმნა ცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც დაეფუძნებოდა მარქსისტულ პრინციპებს  და კომუნისტური იდეალებით აღზრდიდა ახალ საბჭოთა მოქალაქეებს. სტალინის პერიოდში ამ პროცესებმა სრულიად ახალ მასშტაბებს მიაღწია და ის, ისევე როგორც ბევრი სხვა სფერო, ტოტალიტარული კონტროლის ქვეშ მოექცა.

 

1920-იანი წლების ბოლოს სტალინმა  გამოაცხადა ე. წ. „კორენიზაციის“ პოლიტიკა[1], რაც ნიშნავდა ლოკალური, არარუსული ეთნიკური იდენტობების მიზანმიმართულ განვითარებას. 1932-1933 წლების შემდეგ კომპარტიამ უგულებელყო ეს პოლიტიკა და მოგვიანებით მის აქტიურ მონაწილეებს რეპრესიებიც კი მოუწყო. ამის შემდეგ კორენიზაცია შეცვალა „ხალხთა შორის მეგობრობის“ პრინციპზე დამყარებულმა რუსიფიკაციის პოლიტიკამ, რაც საგანმანათლებლო პროცესზეც აისახა. ეს გულისხმობდა იმას, რომ საბჭოთა ხელისუფლება, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა საბჭოთა რესპუბლიკებში ტიტულარული ეროვნებების[2] ეთნონაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას ეთნიკური უმცირესობების შევიწროების ხარჯზე, მეორე მხრივ კი, რუსულ ნაციონალიზმსა და კულტურას განიხილავდა როგორც სხვა დანარჩენ ეროვნებებზე ზემდგომსა და უპირატესს.[3]სკოლებში საბჭოთა კავშირის პატრიოტების აღზრდის მიზნით და ამ პრინციპების გათვალისწინებით, შეიქმნა სტანდარტიზებული კურიკულუმები, სახელმძღვანელოები და მკაცრად განისაზღვრა მოსწავლის ყოფა-ქცევის წესები. ხშირ შემთხვევაში სტალინი პირადად იყო ჩართული სახელმძღვანელოებისა და კურიკულუმების შექმნასა და შესწორებაში. შედეგად, საბჭოთა სკოლა ჩამოყალიბდა პოლიტიზებულ ინსტიტუტად, რომელიც აქტიურად ახორციელებდა სტალინიზმის პროპაგანდას.[4]

 

სტალინური ტერორი და მასობრივი კონტროლი სრულფასოვნად ვრცელდებოდა სკოლებზეც. ცენტრალური კომიტეტი განათლების სახალხო კომისარიატთან ერთად აქტიურად უწევდა მონიტორინგს სკოლაში მიმდინარე პროცესებს, არსებულ მდგომარეობას, დისციპლინურ, შინაარსობრივ თუ სხვა ტიპის გადაცდომებს. როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დააკმაყოფილებდა სისტემის მოთხოვნებს, პასუხისმგებლობა მასწავლებლებს ან მშობლებს ეკისრებოდათ.[5] საქართველოს ცენტრალური კომიტეტის („ცეკას“) განსაკუთრებული სექტორის 1937 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოხსენებითი ბარათები ცხადყოფს, თუ როგორ აისახებოდა 1930-იანი წლების საბჭოთა პოლიტიკა ქართულ სკოლებზე და როგორ მიმდინარეობდა მასობრივი კონტროლი მოსწავლეებზე, მათ მშობლებსა და მასწავლებლებზე.

 

საარქივო დოკუმენტებში მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თბილისის სკოლებში გამოვლინდა „ანტისაბჭოური, კონტრრევოლუციური განწყობები მოსწავლეთა შორის“. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, 1937 წლის 19 ნოემბერს, თბილისის მე-14 სკოლის მოსწავლეებმა, ანდრია ბუაჩიძემ (რეპრესირებული „ხალხის მტრის“ შვილი), რადიონ ქორქიამ, სიქინჭილაშვილმა (რეპრესირებული „ხალხის მტრის“ სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი ლექტორის, არტემ სიკინჭილაშვილის შვილი), კვირკველიამ, ახვლედიანმა (ასევე რეპრესირებული „ხალხის მტრის“, საქპურვაჭრობის „Грузхлебторг“ ყოფილი თანამშრომლის შვილი) და ჭავჭანიძემ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ „უმაღლესი ორგანოს არჩევნები“ და მოეწყოთ  „მოსწავლეთა მინისტრთა კაბინეტის ინსცენირება“. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, იმისათვის, რომ მათი არჩევნები არ დამსგავსებოდა სსრკ-ის არჩევნებს, ქორქიას რჩევით, გამოიყენეს ინგლისის არჩევნების მოდელი. მათი პროექტის მიხედვით, იმავე წლის 22 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო პრეზიდენტის არჩევნები და უნდა შექმნილიყო ორი პალატა: ერთი - „მოჩხუბრების“ პალატა, რომელშიც შედიოდნენ მოსწავლეები, რომელთაც უყვარდათ ჩხუბი, მეორე - „სუფთასისხლიანების“ პალატა, რომელშიც მოიაზრებოდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც კარგად სწავლობდნენ. პალატის წევრი ხდებოდა მოსწავლე, რომელიც, სულ მცირე, 5 ხმას მიიღებდა. თითოეულ ამომრჩეველს ეკუთვნოდა ორი ბიულეტენი. ასევე, პროექტი ითვალისწინებდა  ფიზკულტურისა და სპორტის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, კლასის სტუმარმასპინძლობისა და საკითხთა ორგანიზების მინისტრების არჩევას. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს შერჩეული ჰქონდათ გერბი და სხვა სიმბოლოები და მათ მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, ყველანაირი საქმისწარმოება უნდა მომხდარიყო ქართულ ენაზე, რაც, როგორც ჩანს, „ანტისაბჭოური, კონტრრევოლუციური“ განწყობების მანიშნებელი იყო ხელისუფლებისთვის. ამის გამო, წარმოდგენილ დოკუმენტებში დეტალურადაა შესწავლილი ამავე სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების კავშირი კომუნისტურ პარტიასთან, მათი ოჯახის წევრების საქმიანობა, მათ შორის რეპრესირებულთა რაოდენობა (ასე მაგალითად: მეორე კლასში 33-დან 9 მოსწავლის დედ-მამა, მერვე კლასში 40-დან 6-ის, მეხუთე კლასში 80-დან 8 მოსწავლის მშობლები იყვნენ რეპრესირებულები, სულ მთელ სკოლაში 600 მოსწავლიდან 46-ის მშობელი) და მოსწავლეების ჩართულობა კომკავშირის საქმიანობაში. განსაკუთრებით იყო ხაზგასმული ის ფაქტი, რომ 7 მასწავლებლის ქმარი ან ახლო ნათესავი ასევე რეპრესირებულნი იყვნენ და ეს მასწავლებლები უშუალოდ მუშაობდნენ პირველ და მეორეკლასელებთან[6].


საქართველოს შსს არქივი, ფონდი N14, აღწერა N11,ყუთი N17, საქმე N148
 

სამივე მოსწავლის მშობელი გასამართლებული და დახვრეტილი იყო სტალინური სიებით. აღნიშნული სიები მოსკოვიდან, სტალინის უშუალო ხელმოწერით ეგზავნებოდა ადგილობრივ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, სადაც შემდეგ იმართებოდა ფსევდო სასამართლო პროცესი. სასამართლოზე განაჩენი გამოჰქონდა განსაკუთრებულ სამეულს, ე.წ. „ტროიკას“ და ხშირად ისინი რამდენიმე წუთში იღებდნენ საბედისწერო გადაწყვეტილებას. სიკინჭილაშვილის მამა, არტემ სიკინჭილაშვილი ცხოვრობდა თბილისში, ენგელსის (დღევანდელი ლადო ასათიანის) ქუჩის 28-ე ნომერში და იყო ვენეროლოგიის ინსტიტუტის ექიმი. სიკინჭილაშვილის შესახებ დოკუმენტებში ნახსენებია, რომ ის მსახურობდა მენშევიკების არმიაში, ხოლო ადრე დაპატიმრებული იყო ხელუხლებელი ფონდის საწყობიდან კოკაინის ქურდობისთვის[7].

 

ანდრია ბუაჩიძის მამა, ანდრია გრიგოლის ძე ბუაჩიძე იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი, სასოფლო-სამეურნეო კათედრის დოცენტი. მას ბრალად დაედო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კონტრრევოლუციური, ძირგამომთხრელი და გადაბირებითი სამუშაოს ორგანიზება. სხდომის ოქმის თანახმად ბუაჩიძე აფერხებდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პროცესს, აფერხებდა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებას, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობაში, სტუდენტთა უზრუნველყოფას სტაბილური სასწავლო პროგრამებით, გეგმებითა და სახელმძღვანელოებით. მანვე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა სამი სხვა ადამიანი[8].


შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის სხდომის ოქმი, ანდრია ბუაჩიძის დახვრეტის შესახებ 
დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში
 

მოსწავლე ახვლედიანის მამა, გიორგი კონსტანტინეს ძე ახვლედიანი იყო აზნაური, ყოფილი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი და თბილისის პურვაჭრობის სამმართველოს საქმეთა მმართველი. მის საბრალდებო ოქმში ვკითხულობთ: „იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა 1935 წელს ტერორისტმა კიღურაძემ საქართველოს კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტის მდივან ამხ. ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განსახორციელებლად. მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ცენტრის დავალებით მოსალოდნელი ომის დროს უნდა მოეწამლა წყალი ნატახტარის წყალგაყვანილობაში. ამისთვის ემზადებოდა და გადაიბირა ორი ადამიანი“.[9]


შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის სხდომის ოქმი, გიორგი ახვლედიანის დახვრეტის შესახებ 
დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში
 


გიორგი ახვლედიანის განაჩენის სისრულეში მოყვანის აქტი

დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში
 


გიორგი კონსტანტინეს ძე ახვლედიანი

ფოტო საოჯახო არქივიდან
 

სამივე შემთხვევაში, სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსწავლეების მამები იმ მომენტისთვის პატიმრობაში იმყოფებიან. დოკუმენტებიდან კი დგინდება, რომ ორი მათგანი, სიკინჭილაშვილი და ახვლედიანი უკვე დახვრიტეს და ამის შესახებ ოჯახის წევრებს და სკოლას ინფორმაცია არ აქვთ. მსგავსი ფაქტი არაა გასაკვირი, რადგან ზოგჯერ ოჯახებს მათი წევრის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ განუცხადებდნენ ხოლმე და მიზეზად, ძირითადად, ასახელებდნენ ამა თუ იმ დაავადებას. მაგალითად, ანდრია ბუაჩიძის სიკვდილი ოჯახს მხოლოდ 1942 წლის 26 დეკემბერს აცნობეს და მიზეზად დაასახელეს გულის სკლეროზი.

 

სტალინის სიკვდილისა შემდეგ, 1957 წელს, სიკინჭილაშვილისა და ბუაჩიძის საქმეები სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გადასინჯა და გააუქმა მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

 

მოსწავლეთა საქმესთან დაკავშირებით, „ცეკას“ მიმოხილული აქვს თბილისის მე-14 სკოლის სხვა მოსწავლეების ყოფა-ქცევა წარსულში: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსწავლე შენგელიამ საკუთარ თანაკლასელს "ფაშისტი" უწოდა, რის შემდეგაც მის ჩანთაზე და დაფაზე ფაშისტური სიმბოლო დახატა. დამატებით ხაზგასმულია ისიც, რომ ამავე კლასის დამრიგებელი იყო კაპტავაძე, რომლის ქმარიც გადასახლებული იყო, როგორც ხალხის მტერი. ასევე, პიონერ გურამ ქვილაძის ჩვენებაზე დაყრდნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბუაჩიძემ ჰიტლერი შეაქო და თქვა, რომ მის შესახებ მამის ბიბლიოთეკაში წაიკითხა. გარდა ამისა, ბუაჩიძე დადანაშაულებულია ახვლედიანის სახლში ნიკოლაი ეჟოვის პორტრეტის ჩამოხევაში. პიონერ ქობულოვთან საუბრისას ბუაჩიძემ შეიტყო, რომ ქობულოვის დედა პარტიის წევრი იყო, მამა კი – უპარტიო და მას ურჩია, რომ მამა არ შესულიყო პარტიაში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ცეკა“ ასკვნის, რომ „სკოლაში აშკარად არადამაკმაყოფილებლადაა გატარებული პოლიტიკურ-აღმზრდელობითი სამუშაო მასწავლებლების აღრეული კოლექტივისა და კონკრეტულ კლასებში ხალხის მტრებთან გათანაბრებული პირების შვილების დიდი რაოდენობის გამო“.[10]

 

გარდა მე-14 სკოლისა, დოკუმენტებში საუბარია თბილისის კიროვის რაიონის სკოლებზე. 43-ე სკოლაზე, რომლის მოსწავლე პოპოვმაც სტალინის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნის შეძენისას იკითხა „За такую гадость платить 2 рубля?“. ამავე სკოლის მოსწავლე ალშიბაია დადანაშაულებულია სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პლაკატზე წარწერის – „голосуйте все за Вовку“ გაკეთებაში, მე-9 კლასის მოსწავლე შოსტაკზე კი წერია, რომ მან ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის დანახვისას თქვა: „Какая идиотская рожа”. 97-ე სკოლის შესახებ აღნიშნულია, რომ მე-8 კლასის მოსწავლემ, ირანის მოქალაქე მირ-ფატტახ აღა ზადემ საპირფარეშოში ტროცკისტული წარწერები გააკეთა. რამდენიმე სკოლაში დაბალკლასელებმა კი სკოლის დაფაზე, რვეულებსა და მერხებზე ფაშისტური გერბები დახატეს. 28-ე სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეზე კი მოყვანილია ინფორმაცია, რომ ისინი საზღვარზე არალეგალურად გადაპარვას აპირებდნენ იმის რწმენით, რომ საზღვარგარეთ უკეთესი საცხოვრებელი პირობებია. ამ ჯგუფში სხვა პირებთან ერთად შედიოდნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, დიმიტრი არაყიშვილის ორი ვაჟიშვილი და მოხსენების თანახმად, სწორედ მათ ბინაში იმართებოდა შეკრებები.


დიმიტრი არაყიშვილი ოჯახთან ერთად. დოკუმენტში საუბარია კომპოზიტორის უმცროს ვაჟიშვილებზე, შოთა და გიორგი არაყიშვილებზე. ფოტო საოჯახო არქივიდან

„ცეკას“ მოხსენებით ბარათებში „ანტისაბჭოური, კონტრრევოლუციური განწყობების“ შემდეგ დეტალურადაა მიმოხილული დისციპლინური გადაცდომები  (მაგალითად, აღნიშნულია, რომ 97-ე სკოლაში მოსწავლე გაკვეთილებზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა) და დანაშაულები (რამდენიმე სკოლის მოსწავლე დადანაშაულებულია ქურდობაში). ყოველივე ზემოთ თქმული „გადაცდომების“ ასახსნელად კი მასალებში მოყვანილია სტატისტიკური ანალიზი იმისა, თუ კონკრეტულ სკოლებში რამდენი ბავშვის მშობელია რეპრესირებული და გაანალიზებულია ამ ბავშვების ყოფა-ქცევა. იქვე აღნიშნულია, რომ, როგორც წესი, „რეპრესირებულთა შვილები კარგად სწავლობენ, რის გამოც მათ დამრიგებლებს ყურადღება გადააქვთ ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებიდან, როგორიცაა მათი პოლიტიკურ-მორალური მდგომარეობა“.[11]

 

იმის გამო, რომ მოსწავლეების „გადაცდომებზე“ ძირითადად პასუხისმგებლობა მასწავლებლებსა და მშობლებს ეკისრებოდათ, ამავე დოკუმენტებში მიმოხილულია სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მასწავლებლის ოჯახის წევრი იყო აღნიშნულ სკოლებში რეპრესირებული, რამდენი მასწავლებელია კომუნისტური პარტიის წევრი და, ამასთანავე, მოყვანილია სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც მასწავლებლებმა გამოავლინეს „ანტისაბჭოური, კონტრრევოლუციური“ განწყობები. მაგალითად, აღნიშნულია, რომ ერთ-ერთმა პედაგოგმა მოსწავლეებს უთხრა, რომ ნაშრომი „ლენინიზმის საკითხები“ დაწერა არა სტალინმა, არამედ – ბუხარინმა და ზინოვიევმა. ამასთანავე, დოკუმენტებში განხილულია ამავე სკოლების დირექტორების არა მარტო პოლიტიკური შეხედულებები და ყოფა-ქცევა, არამედ ისიც, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ რეპრესირებულ პირებთან.

 

„ცეკას“ ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც კომკავშირის საქმიანობა ზემოთ აღნიშნულ სკოლებში. წარმოდგენილ მასალებში საუბარია ამავე დაწესებულებებში კომკავშირელების რაოდენობაზე და აღნიშნულია, რომ გარდა მათი სიმცირისა, , ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით და რომ პიონერები სხვა დანარჩენ მოსწავლეებზე ცუდად სწავლობენ. ამის გამო, კომკავშირი დადანაშაულებულია იმაში, რომ არასათანადოდ მუშაობს კონკრეტულ სკოლებში. საბოლოოდ კი „ცეკა“ ასკვნის, რომ ზემოთ მოყვანილი გადაცდომები თბილისის სკოლებში არის ამ დაწესებულებში არასათანადო პარტიული მუშაობისა და კონტროლის ნაკლებობის შედეგი.[12]


საქართველოს შსს არქივი, ფონდი N14, აღწერა N11, ყუთი N15, საქმე N134
 

წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მასშტაბებს აღწევდა 1937-1938 წლებში სტალინური ტერორი და მასობრივი კონტროლი. კომუნისტური პარტიის ყურადღების მიღმა არ რჩებოდა ისეთი მცირე მასშტაბის მოვლენებიც კი, როგორიც იყო თბილისის ერთი რიგითი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის მიერ დაფაზე კომუნისტური იდეალებისთვის შეუფერებელი წარწერის გაკეთება. განათლების სტალინური რეფორმების ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა საგანმანათლებლო სისტემის მაქსიმალურ ცენტრალიზებასა და სახელმწიფო პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას, უნდა აღმოფხვრილიყო ყოველივე, რაც შეუთავსებელი იქნებოდა სტალინიზმთან. 1920-იან წლებში გატარებული „კორენიზაციის“ პოლიტიკის შედეგად და იმის გამოც, რომ ჯერ კიდევ არ იყო დიდი დრო გასული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვიდან[13], საზოგადოებაში კვლავაც არსებობდა ეროვნული თავისუფლების სენტიმენტები. ამის გამოვლენადაც შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მე-14 სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული „მოსწავლეთა სამინისტროს“ პროტოკოლის მიხედვით საქმისწარმოება მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა მომხდარიყო. სტალინის ეპოქაში ამ ფაქტმა ცენტრალური კომიტეტის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რადგან ეს შეუთავსებელი იყო რუსიფიკაციის კურსთან. ამასთანავე, „ცეკამ“ უყურადღებოდ არ დატოვა სკოლის მოსწავლის ნეგატიური რეპლიკა ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის შესახებაც, რადგან სტალინისვე „ხალხთა შორის მეგობრობის“ პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ტიტულარული ეროვნებების საკითხს, ხდებოდა მათი კულტურის პროპაგანდა სსრკ-ის მასშტაბით და მათი დაკავშირება რუსეთთან, როგორც შემაკავშირებელ ცენტრთან[14], რაც, ერთი მხრივ, იწვევდა ეთნონაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას ტიტულარულ ეროვნებებში, ეთნიკურ უმცირესობებში კი – განსაკუთრებულ უკმაყოფილებას. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ეროვნული პოეტების პოპულარიზაციაც – აქტიურად ითარგმნებოდა სხვადასხვა ენაზე პუშკინი, შევჩენკო, რუსთაველი და სხვა მწერლები. შეიძლება სწორედ ამის გამო მიიჩნია „ცეკამ“ გადაცდომად ნიკოლოზ ბარათაშვილის შეურაცხყოფა სკოლის მოსწავლის მიერ. საბოლოო ჯამში კი, ეს ყოველივე დადიოდა სტალინიზმის პროპაგანდამდე სკოლის მოსწავლეებს შორის და მათ ტოტალურ კონტროლამდე მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად. წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები ადასტურებს იმას, რომ მოსწავლეების ისევე, როგორც მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრების, ყოველდღიურობა მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან და მცირე „გადაცდომებიც“ კი არ რჩებოდა კომუნისტური პარტიის მახვილი მზერის მიღმა. განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული რეპრესირებულების შვილებზე: ერთი მხრივ, მათ მიერ მიღწეული წარმატებებსა და კარგად სწავლაზე კეთდებოდა აქცენტი, მეორე მხრივ კი, რამდენიმეჯერ აღინიშნა კომკავშირელთა არასახარბიელო მოსწრება. საზოგადოებაში ღრმად ჩანერგილი ზიზღი არამარტო ზოგჯერ სრულიად უდანაშაულოდ რეპრესირებული მოქალაქეების, არამედ მათი მცირეწლოვანი შვილების მიმართაც კი კიდევ ერთხელ ადასტურებს სტალინური ტერორის ბოროტების მასშტაბს.

 


[1] George Liber, ‘Korenizatsiia: Restructuring Soviet Nationality Policy in the 1920s’, Ethnic and Racial Studies, 14, 1991, 1, pp. 15-23.

[2] ტიტულარულ ეროვნებებში იგულისხმებოდა კონკრეტულ საბჭოთა რესპუბლიკებში დომინანტური ეთნიკური ჯგუფი: საქართველოში - ქართველები, სომხეთში - სომხები და ა.შ.

[3] Terry Martin, The Affirmative Action Empire: Nations and Nationalism in the Soviet Union, 1923-1939, Ithaca and London: Cornell University Press, 2001.

[4] David Brandenberger, National Bolshevism: Stalinist Mass Culture and the Formation of Modern Russian National Identity, Cambridge, Mass. and London: Harvard University Press, 2002.

[5] Larry Eugene Holmes, ‘School and Schooling under Stalin’ in Educational Reform in Post-Soviet Russia: Legacies and Prospects, Psychology Press, 2005, pp. 56-101.

[6] საქართველოს შსს არქივი, ფონდი N14, აღწერა N11,ყუთი N17, საქმე N148; საქართველოს შსს არქივი, ფონდი N14, აღწერა N11,ყუთი N19, საქმე N174.

[7]წყარო: სტალინური სიები - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=3970

[8]წყარო: სტალინური სიები - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=444

[9]წყარო: სტალინური სიები - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=8165

[10]საქართველოს შსს არქივი, ფონდი N14, აღწერა N11, ყუთი N15, საქმე N134.

[11]Ibid.

[12]Ibid.

[13]ბოლშევიკებმა 1921 წელს მოახდინეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია, ქართული ნაციონალიზმის განვითარება კი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ქვეშ იყო დაწყებული, რამაც საბოლოო სახე სწორედ პირველი რესპუბლიკის ფარგლებში მიიღო.  

[14]ამის ნათელი მაგალითია 1936 წლიდან მოსკოვში გამართული ე. წ. „ეროვნული კულტურის კვირეულები“, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა რესპუბლიკების დელეგაციები სტუმრობდნენ მოსკოვს და იმართებოდა მათი კულტურის დღეები. ქართული დელეგაცია რუსეთში 1937 წელს ჩავიდა და დიდი ზარ-ზეიმით ჩაატარა ქართული მწერლობის, მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების სხვა დარგების პრეზენტაცია. ამ ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად გაისმა  ისეთი ეპითეტები საქართველოს მიმართ, როგორიცაა „Солнечная Грузия“. ამავე წელს ივანე ჯავახიშვილს დაევალა „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის იუბილეს მოწყობა ეროვნულ მუზეუმში, შალვა ნუცუბიძეს კი – „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა რუსულად. შემთხვევითი არ იყო, რომ ეროვნული კულტურის კვირეულები მოსკოვში იმართებოდა, რადგან  სწორედ რუსეთი ითვლებოდა საბჭოთა რესპუბლიკებისა და მათი კულტურების ცენტრად, ისევე როგორც საბჭოთა ხალხის „წამყვან ძალად“, რომელიც წინ უნდა გაძღოლოდა მათ კომუნიზმის მშენებლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის: Martin, The Affirmative Action Empire; Gerhard Simon, Nationalism and Policy Toward the Nationalities in the Soviet Union, Boulder, San Francisco, Oxford: Westview Press, 1991, pp. 135-172.

 

ბიბლიოგრაფია:

Brandenberger, D., National Bolshevism: Stalinist Mass Culture and the Formation of Modern Russian National Identity, Cambridge, Mass. and London: Harvard University Press, 2002.

Holmes, L. E., ‘School and Schooling under Stalin’ in Educational Reform in Post-Soviet Russia: Legacies and Prospects, Psychology Press, 2005, pp. 56-101.

Liber, G., ‘Korenizatsiia: Restructuring Soviet Nationality Policy in the 1920s’, Ethnic and Racial Studies, 14, 1991, 1, pp. 15-23.

Martin, T., The Affirmative Action Empire: Nations and Nationalism in the Soviet Union,

1923-1939, Ithaca and London: Cornell University Press, 2001.

საქართველოს შსს არქივი, ფონდი N14, აღწერა N11, ყუთი N17, საქმე N148.

საქართველოს შსს არქივი, ფონდი N14, აღწერა N11, ყუთი N19, საქმე N174.

საქართველოს შსს არქივი, ფონდი N14, აღწერა N11, ყუთი N15, საქმე N134.

Simon, G., Nationalism and Policy Toward the Nationalities in the Soviet Union, Boulder, San Francisco, Oxford: Westview Press, 1991, pp. 135-172.

სტალინური სიები, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=26&t=dict&w1=%E1%83%90

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024