1 თებერვალს გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე თავმჯდომარემ 2016 წელს განსახორციელებელი საკანონმდებლო საქმიანობა მიმოიხილა. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა 2015 წელს საკანონმდებლო ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა (იხილეთ, სუნიტა კაიმალი საქართველოს OGP-ის წარმატებულ მაგალითს უწოდებს, IDFI-ის ხელმძღვანელთა შეხვედრა კოსტა-რიკის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან). ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტზე საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციულ ჯგუფს ჩემპიონთა ჯილდო გადაეცა.
დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჯილდო საქართველოს პარლამენტის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ღია მმართველობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა" ფარგლებში, რომელიც განახორციელა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციულმა ჯგუფმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016, რომელიც 18 ვალდებულებას მოიცავს და ღია მმართველობის პარტნიორობის ოთხ ძირითად პრინციპს ემყარება: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგიები და ინოვაცია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა: ,,ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ შარშან პარლამენტის საკანონმდებლო ღიაობის და გამჭვირვალობისთვის. ამ საკითხში, მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონებიც კი გავხდით. მართლა სერიოზული აღიარება იყო პარლამენტში გაწეული საქმიანობის. ეს იყო პარლამენტის წევრების და არასამთავრობო სექტორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. ამას სჭირდება განვითარება. დეკემბრის ბოლო დღეებში ჩვენ შევქმენით უკვე მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც ამ თემებზე იმუშავებს. საბჭოს სხდომები ძალიან მალე გაიმართება, იმიტომ რომ გვაქვს სამოქმედო გეგმა, ძალიან ამბიციური პუნქტებია იქ და გვექნება ამ მიმართულებით ძალიან კარგი ინიციატივები.“
მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის (IDFI) ინიციატივას წარმოადგენს, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი შესრულებული ვალდებულებაა. მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნის მიზნით 2015 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით (76 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი) მიიღო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ემატება ,,უ2“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქმნის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს.
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის თანახმად, საპარლამენტო საბჭოსთან დაარსდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიზანი იქნება საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერა.
ამჟამად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.