ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 20 დეკემბერი 2022

ავტორები: სოფო გელავა, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბორატორიის ხელმძღვანელი

ანტონ ვაჭარაძე, მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო ოპერაციები და მეთოდები საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა. თვით ტერმინი „დეზინფორმაცია“ სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ლექსიკონიდანაა და ინფორმაციის განზრახ დამახინჯებასა და გავრცელებას ნიშნავს. დეზინფორმაცია საბჭოთა კავშირის „აქტიური ღონისძიებების“ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, „აქტიური ღონისძიებები“ კი ღონისძიებათა ერთობლიობა იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მოტყუებითა და ფარული/საიდუმლო მოქმედებებით პოლიტიკურ განწყობებსა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას.  

 

დეზინფორმაციის ფორმირება და გავრცელება საბჭოთა კავშირს პოლიტიკის დონეზე ჰქონდა აყვანილი. კგბ-ს შიგნით ფუნქციონირებდა „დეპარტამენტი ა“, რომელიც „აქტიური ღონისძიებების“ განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი. სტანისლავ ლევჩენკო, კგბ-ს ყოფილი აგენტი, ამბობდა, რომ ტრადიციულ შპიონაჟთან ერთად, „აქტიური ღონისძიებები“, მათ შორის დეზინფორმაციის კამპანიების შექმნა, თითოეული რეზიდენტი აგენტის მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

 

აღნიშნული ბლოგი ეფუძნება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბის“ ერთობლივ კვლევას, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა გაზეთ „კომუნისტის“ ათწლიანი პერიოდი (1970 წლიდან 1980 წლის შუა პერიოდამდე) ნარატივისა და დისკურსის ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით. 1970-იანი წლების არჩევა განაპირობა იმან, რომ აღნიშნულ პერიოდში მოხდა საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ძვრები, რომლებსაც სსრკ აქტიურად აშუქებდა. მათ შორისაა ანტისაომარი გამოსვლები ამერიკაში და აშშ-ის მიერ ვიეტნამიდან ჯარების გაყვანა; ირანის შაჰის ჩამოგდება და ისლამური რესპუბლიკის დაარსება; ომი ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის; საბჭოთა ჯარების შეყვანა ავღანეთში და მრავალი სხვა. სსრკ-ის მიერ ზუსტად ამ საერთაშორისო ამბების გაშუქებისას იკვეთება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საბჭოური მეთოდოლოგია, რომლითაც, ერთი მხრივ, ცდილობდა დასავლეთის დემონიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი რეჟიმის გამყარებას. მსგავსი ტიპის ნარატივები დღემდე გამოიყენება თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსებში ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად და გასამყარებლად. 

 

ბლოგში მოყვანილია პარალელები საბჭოთა კავშირის პროპაგანდასა და რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო ოპერაციებს შორის, როგორც თემებისა და ნარატივების დონეზე, ისე პროპაგანდის გავრცელების მეთოდების კუთხით.

 

დასავლეთი: სივრცე, სადაც ცხოვრება რთულია

 

დასავლეთის საბჭოური პორტრეტი არასტაბილურობის, ქაოსისა და არაჰუმანურობის ხატსახედ არის წარმოდგენილი. დასავლეთის ქვეყნების, ძირითადად, აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა უმუშევრობის კუთხით საინტერესო ნარატივებითაა აღწერილი: მაგალითად, ის, რომ ჩრდილოეთის ინდუსტრიული შტატები იცლება და მოსახლეობა ნაკლებად განვითარებულ სამხრეთში მიგრირებს... ის, რომ ლონდონში 1975 წლის მანძილზე 2,263 გაფიცვა გაიმართა. იმავე ბრიტანეთის შემთხვევაში, „კომუნისტი“ 1976 წლის 3 აგვისტოს წერდა, რომ ლონდონის რამდენიმე ათასი მოწაფიდან მხოლოდ ⅓ შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, ხოლო დანარჩენები მილიონნახევრიან უმუშევართა არმიას შეუერთდებიან.

 

გაზეთი “კომუნისტი”, 1975 წლის 6 ნოემბრის ნომერი

 

1975 წლის 8 ივნისის ნომერში რუბრიკა „მსოფლიოს ქალაქებში“ სან-ფრანცისკოს მიეძღვნა. სტატიაში ვკითხულობთ: „ქალაქის გარეგნული მომხიბვლელობის მიღმა ათიათასობით ამერიკელის სიდუხჭირესა და ხვალინდელი დღის უიმედობას დაუსადგურებია. ქალაქის ქუჩებში არც თუ იშვიათად ნახავთ ასეთ სურათს. ამ ამერიკელ უმუშევარს დილიდან დაღამებამდე უხდება გიტარის დაკვრა, რათა ორიოდე გროში იშოვოს და ქრონიკულ შიმშილს თავი დააღწიოს.“

 

გაზეთი „კომუნისტი“, 1975 წლის 8 ივნისის ნომერი

 

დასავლეთის, როგორც არასაიმედო სივრცის, იმიჯის გაძლიერებას, რომელსაც მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის უნარი არ შესწევს, თანამედროვე კრემლიც ცდილობს. წლებია, რუსული დეზინფორმაცია ამტკიცებს, რომ დასავლეთში მოქალაქეები სიდუხჭირეში ცხოვრობენ და ზამთარში საკვებსა და გათბობას შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. ეს გზავნილი კიდევ უფრო გაძლიერდა უკრაინაში რუსეთის ხელახალი ინტერვენციის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შემდეგ.

 

ბრიტანელებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება სითბოსა და საკვებს შორის

 

35 მილიონ ევროპელზე მეტი იძულებულია, ამ ზამთარს არჩევანი საკვებსა და გათბობას შორის გააკეთოს

 

 

დასავლეთს სურს დესტაბილიზაცია და ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში

 

ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის პროექტ EU vs. Disinfo-ს დეზინფორმაციის ბაზაში აშშ-ის სხვა ქვეყნებში ჩარევის შესახებ ასობით დეზინფორმაციის შემთხვევაა აღრიცხული. როგორც წესი, ამ გზავნილს დღეს რუსეთი იმ ქვეყნების დისკრედიტაციისთვის იყენებს, რომლებსაც კვლავ საკუთარი გავლენის ორბიტის ქვეშ მოიაზრებს. მაგალითად, საქართველოსა და უკრაინაზე წლებია ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ეს ქვეყნები რეალურად სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ არიან და მათ, სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატები მართავს. თუმცა, ცხადია, ამ გზავნილის სამიზნე თავად ამერიკის შეერთებული შტატებიცაა, რომელიც რუსეთის ხედვაში წარმოდგენილია, როგორც აგრესორი სახელმწიფო.

 

ამ გზავნილის საწყისებს ჩვენ საბჭოთა პრესაშიც ვხედავთ. 1977 წლის 20 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „სხვათა საქმეებში ჩარევა შეუწყნარებელია“. ავტორის მტკიცებით, აშშ „ადამიანის უფლებათა დაცვის“ მოტივით სსრკ-ს საქმეებში ჩარევას ცდილობს: „საბჭოთა მხარე ვერ შეურიგდება იმის ცდებს, რომ „ადამიანის უფლებათა დაცვის“ მოჩმახული საბაბით ერეოდნენ მის საშინაო საქმეებში,  საკითხებში, რომლებიც სახელმწიფოთა საშინაო კომპეტენციას შეადგენს.“ თანამედროვე პერსპექტივიდან ეს განცხადება ირონიულიც კია, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ რუსეთი ახდენს სხვა ქვეყნებში სამხედრო ინტერვენციებს რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების დაცვის საბაბით. ამავე შინაარსით არაერთი სტატია გამოქვეყნდა კვიპროსის კრიზისის თემის გარშემოც, რომლებშიც ამტკიცებდნენ, რომ დესტაბილიზაციას და კვიპროსის შიდა საქმეებში ჩარევას აშშ და ნატო ახორციელებს. 1973 წლის 23 იანვრის ნომერში ვკითხულობთ: ნატოს წრეებმა ადგილობრივ რეაქციასთან ერთად 1963 წელს კუნძულზე გამოიწვიეს შეიარაღებული შეტაკებანი ბერძნებსა და თურქებს შორის იმ იმედით, რომ ასეთ ვითარებაში დაამხობდნენ პრეზიდენტ მაკარიოსს, გათიშავდნენ ქვეყანას და მოსპობდნენ დამოუკიდებელ კვიპროსის სახელმწიფოს.“

 

გაზეთი „კომუნისტი”, 1975 წლის 22 თებერვლის ნომერი

 

ამრიგად, დასავლური სამყაროს, როგორც განხეთქილების შემომტანად და კონფლიქტის წამახალისებელ აქტორად წარმოდგენა დამახასიათებელი იყო 1970-იანი წლების საბჭოთა პრესისთვის. 

 

სსრკ – მშვიდობისმყოფელი, დასავლეთი (ნატო) – პროვოკატორი

 

როგორც ცნობილია, 1970-იანი წლები détente, ანუ გადატვირთვის პოლიტიკით ხასიათდებოდა. საბჭოთა პრესაში არაერთი სტატია იბეჭდებოდა შეიარაღების კონტროლისა და აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ. როგორც წესი, საბჭოთა პრესა მშვიდობის მთავარ ინიციატორად საბჭოთა კავშირს წარმოაჩენდა. ამის პარალელურად კი, იბეჭდებოდა კრიტიკული სტატიები ნატოს გეგმებისა და ნატოს წვრთნების შესახებ. იქმნებოდა დიქოტომია, რომ მაშინ, როდესაც სსრკ-ს მშვიდობა სურს, ნატო მდგომარეობის ესკალაციას ახდენს, ხოლო ნატოს სამხედრო წვრთნები პროვოკაციად იყო შეფასებული.

 

 

გაზეთი 1კომუნისტი”, 1975 წლის 1 მაისის ნომერი

 

თანამედროვე კრემლის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებით არის ის, რომ რუსეთს მშვიდობა სურდა, ხოლო დასავლეთისა და უკრაინის ქმედებებმა მას „რადიკალური გადაწყვეტილებებისკენ“ უბიძგა. ასე ხსნიდა პუტინი 2022 წლის 21 თებერვალს დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას, ასევე 24 თებერვალს სამხედრო ინტერვენციას. თუ დღეს რუსეთი ნატო-ს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთად 1970-იან წლებში ნატოს ხმელთაშუა ზღვაში წარმოებული წვრთნები და ესპანეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები იყო წარმოჩენილი. 1973 წლის 14 ივნისის ნომერში ვკითხულობთ: „ჩრდილოეთ ატლანტიკის კავშირის სამხედრო წრეები გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს. აქედან ახლოა სოციალისტური ევროპა და აქედანვე შესაძლებლად მიაჩნიათ გააფართოონ პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო ექსპანსია ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.“

 

„ერთიანი დასავლეთი“

 

გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებზე თვალსაჩინო იყო ნარატივი, რომ დასავლეთი დაყოფილია. ამ გზავნილის მიზანი იყო, რომ დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარედ წარმოეჩინა. ხშირი იყო სტატიები დასავლურ ქვეყნებში განხეთქილებების შესახებ. გვხვდებოდა პუბლიკაციები სათაურებით „ერთიანი ევროპა, რომელსაც არ აქვს ერთიანი იდეები“, „ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში კვლავ უთანხმოებაა“ და სხვ.

„დაყოფილი”, „ფრაგმენტირებული” დასავლეთის იმიჯი დღევანდელი რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს მესიჯი განსაკუთრებით გააქტიურდა ბრექსიტის შემდეგ, როდესაც რუსული პროპაგანდა ცდილობდა, ევროკავშირი სუსტ და დაშლილ სივრცედ წარმოეჩინა.

 

პროპაგანდის მთავარი სამიზნეები

 

„კომუნისტის“ პროპაგანდის მთავარი სამიზნე ათწლეულის მანძილზე იყო აშშ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა რასობრივ საკითხს, რომელსაც ჰყავდა რამდენიმე მთავარი პერსონაჟი. 1970–72 წლებში კომუნისტის ფურცლებზე ერთი–ერთი განხილვადი თემა იყო „შავი პანტერების“ წევრის, ანჯელა დევისის დაპატიმრება, რომელსაც 18-თვიანი პატიმრობის განმავლობაში ათეულობით სტატია, ლექსი, პანეგირიკი, საქებარი წერილი და ა.შ. ეძღვნებოდა. სხვათა შორის, ანჯელა დევისი თანამედროვე რუსული პროპაგანდისტული მედიების ხშირი სტუმარია და რასიზმზე საუბრობს  Russia Today-სთან, Tass-თან და სხვა პლატფორმებიდან.

 

აშშ-ს პოლიტიკური ცხოვრებიდან გაზეთი აკრიტიკებდა ორპარტიულობას და ნაკლულად მიიჩნევდა საარჩევნო სისტემასაც იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ერთპარტიული არჩევნები ტარდებოდა. აშშ-ის არჩევნები დღესაც რჩება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ სამიზნედ. მაგალითად, რუსეთის საინფორმაციო გავლენის ოპერაციები განსაკუთრებით აქტიური იყო აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. რუსული წყაროებიდან ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის არჩევნები არ იყო თავისუფალი და ის მასობრივად გაყალბდა, ასევე ვრცელდებოდა შეთქმულების თეორია, თითქოს 2020 წლის არჩევნები დემოკრატებმა მიიტაცეს და შედეგები ნამდვილი არ იყო.

 

აშშ-ის სახით „მთავარი მეტოქის“ გარდა, გაზეთი აქტიურად აშუქებდა ისრაელს, ხშირად ებრაელებს ფაშისტებად და სიონისტებად მოიხსენიებდა და არაბების ჩაგვრაზე ამახვილებდა ყურადღებას. გაზეთი უამრავ კარიკატურას უძღვნიდა ამ საკითხს.

 

ანტისემიტური განწყობის საჩვენებლად გამოირჩევა „კომუნისტის“ 1972 წლის 7 სექტემბრის სტატია მიუნხენის ტერორისტული აქტის შესახებ. 1970-იანი წლების ამ გამორჩეულ ტრაგიკულ მოვლენას დასავლური სამყაროს მოსახლეობა, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. 20-საათიან ტერორს ისრაელის სპორტული დელეგაციის 11 წარმომადგენლისა და დასავლეთ გერმანელი პოლიციელის სიკვდილი მოჰყვა. „კომუნისტი“ კი მოვლენას მცირე სვეტში, მშრალად განიხილავდა და მოიხსენიებდა როგორც „ინციდენტს ოლიმპიურ სოფელში”.

 

გაზეთი „კომუნისტი“, 1972 წლის 7 სექტემბრის ნომერი

 

 

პროპაგანდის მეთოდები

 

გაზეთ „კომუნისტის“ ანალიზიდან ჩანს, რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთის დემონიზების მიზნით პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა. ეს მეთოდები კვლავ გამოიყენება დღეს რუსეთის მიერ ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით.

 

ყველაზე თვალსაჩინო მეთოდები, რომლებსაც საბჭოთა პროპაგანდა მიმართავდა, გულისხმობდა გაზვიადებას, ინფორმაციის შერჩევითად გაშუქებასა და დემონიზებას. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პროპაგანდა მეტწილად, ფაქტობრივად, სწორ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს, თუმცა ინფორმაცია აგებული იყო ისე, რომ მკითხველს დასავლეთის შესახებ მხოლოდ ნეგატიური წარმოდგენა ექმნებოდა. საბჭოთა პროპაგანდა ძირითად აქცენტს აკეთებდა 1970-იანი წლების ეკონომიკურ კრიზისსა და დოლარის კურსის გაუფასურებაზე, კრიმინალის ცალკეულ შემთხვევებზე. თუმცა, როგორც ჩეხოსლოვაკიის დაზვერვის სამსახურის აგენტმა, ლადისლავ ბიტმანმა თქვა New York Times-სთან ინტერვიუში, „ყველაზე წარმატებული ასეთი სახის ოპერაცია [აქტიური ღონისძიებები] უნდა შეიცავდეს სიმართლის ელემენტს, რომ დეზინფორმაციას მთლიანობაში ფართო მიმღებლობა ჰქონდეს.“

 

კაპიტალისტურ ქვეყნებს გაზეთ „კომუნისტში“ მიძღვნილი ჰქონდა ცალკე რუბრიკაც, რომელსაც „კაპიტალის ქვეყნებში“ ერქვა. სწორედ აქ იწერებოდა ინფორმაცია უმუშევრობის, ინფლაციის, კრიმინალისა და სხვა ნეგატიური ამბების შესახებ. დასავლეთის შესახებ ინფორმაცია შერჩევითად იყო წარმოდგენილი სწორედ იმ განზოგადებული სურათის დასახატად, თითქოს კაპიტალისტური ქვეყნები სიდუხჭირისა და კრიმინალის ბუდე იყო. ამის პარალელურად, იქვე იბეჭდებოდა რუბრიკა „სოციალისტურ ქვეყნებში“, რომელშიც, ცხადია, მხოლოდ დადებითი ინფორმაცია იყო წარმოდგენილი. ამით, საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა, რომ სოციალისტური ქვეყნები ერთადერთ უსაფრთხო ადგილად წარმოეჩინა.

 

გაზეთი „კომუნისტი”, 1975 წლის 1 იანვრის ნომერი

 

მეთოდების კუთხით აღსანიშნავია ე. წ. whataboutism-ი, ანუ ფაქტობრივი გადაბრალება. ეს ტექნიკა გულისხმობს რთულ ან კრიტიკულ კითხვაზე თავის არიდებას კონტრბრალდებით ან მოწინააღმდეგესთან სხვა საკითხზე შებრუნებული შეკითხვით. მაგალითად, საბჭოთა პრესაში გვხვდებოდა არაერთი სტატია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობაზე, ბრალს სდებდა აშშ-ს ჯაშუშობაში. 1975 წლის 15 მარტის სტატიაში „სერვისი დამბეზღებელთათვის” ავტორი ამბობს, რომ ისრაელი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც დამბეზღებელთათვის სატელეფონო სამსახური შექმნა. ასევე, „ვოთებაუთიზმის” კლასიკური შემთხვევაა შეიარაღების საკითხის გაშუქება. ამ პერიოდში შეინიშნება ამერიკის და დასავლეთის მილიტარისტული ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის სიმრავლე ტერმინით – „გამალებული შეიარაღება”. საბჭოთა კავშირი კი, ავღანეთში აქტიური ომის მიუხედავად, კვლავ „მშვიდობისმყოფლის სტატუსს“ ინარჩუნებს.

 

აგრეთვე გამორჩეული მეთოდი იყო წყაროდ დასავლური პრესის გამოყენება. უცხოეთის ამბების დიდი ნაწილი საბჭოთა პრესაში სწორედ დასავლურ პრესას ეყრდნობოდა. თუმცა, ეს ამბები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია სრულად არ იყო გადმოთარგმნილი ან პირველწყაროდან ტენდენციურად იყო აღებული. დასავლური წყაროების დამოწმება თანამედროვე რუსული დეზინფორმაციისთვისაც დამახასიათებელი ტექნიკაა. ამით რუსეთი ცდილობს სანდოობისა და ლეგიტიმაციის მოპოვებას, რათა მანიპულაციურად გავრცელებული ინფორმაცია მკითხველისთვის უფრო დამაჯერებელი ჩანდეს.

 

საბჭოთა პროპაგანდა დასავლური ქვეყნების კომუნისტურ პარტიებსაც იყენებდა. სტატიები აგებული იყო ისე, თითქოს კაპიტალისტურ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ დასავლეთის მიმართ, თუმცა, სინამდვილეში განცხადებებს კომუნისტური და სოციალისტური პარტიების წევრები აკეთებდნენ.

 

დასკვნა

 

საბჭოთა კავშირში „რკინის ფარდის“ მიღმა არსებულ ვითარებასა და, ზოგადად, დასავლეთის ხატსახეზე იქმნებოდა არაერთი ნარატივი თუ ვიზუალური პროდუქტი, რომელიც პრესის საშუალებით ვრცელდებოდა. ნარატივების მრავალფეროვნების Მიუხედავად, ერთმნიშვნელოვანი იყო მათი შინაარსი და მთავარი სათქმელი – დასავლეთში ცხოვრება უარესი იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირში.

 

თანამედროვე პროპაგანდისტულ ნარატივებთან პარალელებმა კი გვაჩვენა, რომ დღევანდელი რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდა საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს. იდენტურია არა მხოლოდ გზავნილები, ხშირად პროპაგანდის მეთოდებიც კი. განსხვავება იმ თანამედროვე ტექნიკებშია, რომლებსაც კრემლი დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების გასავრცელებლად იყენებს, მათ შორისაა სოციალური მედია, ყალბი ანგარიშებისა და არაავთენტური ქსელების, ასევე ბოტნეტების გამოყენება და სხვა.

 

შენიშვნა: ბლოგი წარმოადგენს კვლევის ერთ ფრაგმენტს. სრული კვლევა გამოქვეყნდება IDFI-ისა და საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბის ვებგვერდებზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024