საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 28 თებერვალი 2020

2020 წლის 25 თებერვალს რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 99 წელი შესრულდა. პროექტის „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მეხსიერების კვლევების ხელშეწყობა წარმოადგენს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. შესაბამისად, IDFI-მ საბჭოთა ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმა და ჩაატარა რამდენიმე ღონისძიება. IDFI-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, საბჭოთა წარსულისა და მომიჯნავე დარგების მკვლევრები, ასევე - საკანონმდებლო ორგანოს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები თბილისსა და რეგიონებში.

 

22 თებერვალს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და IDFI-ის ორგანიზებით, გაიმართა სასწავლო ტური კოჯრისა და ტაბახმელას მახლობლად, სადაც 1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკურ წითელ არმიასთან ომის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. სასწავლო ტური თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა. IDFI-ის საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მიმოიხილა ის ისტორიული მოვლენები, რომლებიც  1920-21 წლებში მიმდინარეობდა კავკასიის რეგიონში. ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ, სტუდენტებს და იუნკრებს აჩვენა ის სანგრები, სადაც საბრძოლო მოქმედებები ხორციელდებოდა. სასწავლო ტურის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ იმდროინდელი ქართული ჯარის ისტორიას, ოფიცრების, სამხედროებისა და იუნკრების გმირობებს, დეტალურად განიხილეს 1921 წლის თებერვალში მიმდინარე მოვლენები. ტურის ჩატარებაში აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ აღმოჩენილი თანადგომა და გაწეული დახმარება IDFI-ის ინიციატივის სრულყოფილად შესასრულებლად. აკადემიამ გამოყო ტრანსპორტი მონაწილეებისთვის, ასევე ტურის შემდეგ, კოჯრის სამხედრო ბაზაზე იუნკრებს, სტუდენტებსა და ორგანიზატორებს გაუმასპინძლდა სადილით.

 

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კადეტები

 

24 თებერვალს, IDFI-მ ხაშურის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში IDFI-ს საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და ანალიტიკოსი მეგი ქარცივაძე მოსწავლეებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის, საბჭოთა ეპოქისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ ესაუბრნენ. ლექციის ნაწილი შეეხო საქართველოს ევროპულ კურსს, როგორც ქვეყნის ისტორიულ არჩევანს. ანტონ ვაჭარაძემ დეტალურად უამბო სკოლის მოსწავლეებს, როგორი იყო ურთიერთობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობასა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის. ასევე, მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების იდეებზე საქართველოს დასავლური განვითარების შესახებ და იმ ზიანზე, რაც საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველოს მიადგა. ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა როგორც საბჭოთა რეპრესიებზე, ასევე - პროპაგანდაზე, რის ქვეშაც საქართველომ 70 წლის განმავლობაში იარსება. გარდა საბჭოთა პერიოდისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებს და რუსულ ოკუპაციას. ლექციაზე IDFI-ის წარმომადგენლებმა და მოსწავლეებმა განიხილეს, თუ როგორ ამახინჯებს საქართველოს ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთებს რუსული პროპაგანდა და რა როლს თამაშობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სიტყვის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და არქივების ღიაობა. მოსწავლეები, ასევე, გაეცნენ სხვადასხვა საარქივო დოკუმენტს, როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის, ასევე, სტალინური რეპრესიების შესახებ.

25 თებერვალს,  საზოგადოება "მემორიალის" ინიციატივითა და IDFI-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საარქივო მასალა და ისტორია, რომელიც აღწერდა 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკური, წითელი არმიის შემოსვლას, 1920-იან წლებში განხორციელებულ საბჭოთა ტერორს და კონკრეტული ადამიანების პირად ტრაგედიებს. გამოფენაზე საარქივო მასალა და ფოტოდოკუმენტები წარმოადგინა საზოგადოება  „მემორიალის“ თავმჯდომარემ, გურამ სოსელიამ. „მემორიალის“ საზოგადოებრივ არქივში ინახება: უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ასახავს „სალავკის“ და „ნარიმის“ ბანაკების ქართველ ტყვეებს, ამავე ადამიანების მიერ გადასახლებაში დაბეჭდილი გაზეთები, ოჯახში მოწერილი წერილები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. გურამ სოსელიამ გამოფენის გახსნისას დეტალურად ისაუბრა საარქივო მასალის წარმომავლობასა და შინაარსზე. საუბარი შეეხო 1921 წელს ბოლშევიკური არმიის შემოსვლას საქართველოში, საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა პირად ტრაგედიებსა და ისტორიებს, რომლებიც ნათლად აღწერს საბჭოთა რეჟიმის ბოროტებას. გამოფენა 25 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაში და პარლამენტის თანამშრომლებს, დეპუტატებს და ვიზიტორებს ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ იქ წარმოდგენილ მასალებს.

 

ასევე 25 თებერვალს, IDFI-ის ორგანიზებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ხელოვანთა დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე IDFI-ის საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, მწერალმა ირაკლი მახარაძემ და დრამატურგმა გურამ მეგრელიშვილმა საქართველოს ოკუპაციასა და ძალისმიერი გზით გასაბჭოებაზე ისაუბრეს. შეხვედრას სამტრედიის საჯარო სკოლების 200-მდე მოსწავლე დაესწრო. შეხვედრის დასასრულს გაიმართა წიგნების წამახალისებელი გათამაშება.

 

შეხვედრა მერიის ადმინისტრაციული შენობის ხელოვანთა დარბაზში

 

IDFI განაგრძობს მუშაობას საბჭოთა მეხსიერების კვლევებზე, საბჭოთა ტერორის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რეპრესიების მსხვერპლთა ისტორიების პოპულარიზაციასა და საბჭოთა წარსულის გადააზრებაზე. 2020 წლის საბჭოთა კვირეულის ეგიდით განხორციელებული აქტივობების შედეგად მოხერხდა, რომ ორგანიზაციას ინფორმაცია მიეწოდებინა ფართო აუდიტორიისთვის - როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის თბილისსა და რეგიონებში. IDFI მომავალშიც გეგმავს საგანმანათლებლო ტურების, გამოფენებისა და საჯარო ლექციების ორგანიზებას საბჭოთა წარსულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის უახლესი ტოტალიტარული წარსულის გადასააზრებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების განსავითარებლად.

 

საბჭოთა ოკუპაციის თარიღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული, საჯარო და კერძო სტრუქტურების თანამშრომლების კარგი მაგალითი იყო, რისთვისაც IDFI მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს, საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

 ___


 

აღნიშნული აქტივობები დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024