სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებს და სიძულვილის ენას ეხებოდა IDFI-ის მიერ ორგანიზებული 2 დღიანი ტრენინგი, რომელშიც 35-მდე წამყვანი მედია საშუალების და მთავარი პროკურატურის სპიკერი და მენეჯერი პროკურორები მონაწილეობდნენ.
ტრენინგი ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა, და საქართველოს პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა, მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ და პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“მენეჯერმა მარიამ თუთბერიძემ.
ტრენინგის მონაწილეებმა შემდეგ თემებზე იმსჯელეს: რა არის სიძულვილის ენა და როგორია მისი გავლენა ადამიანთა თანასწორობაზე; რა განსხვავებაა სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის; ამ მიმართულებით საქართველოში მოქმედი თვითრეგულაციის მექანიზმები; საერთაშორისო პრაქტიკა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ მედია გაშუქების პრაქტიკული მაგალითები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახე.
„ვფიქრობ, ამ ტრენინგმა პროკურორებსა და ჟურნალისტებს მოგვცა ადეკვატური ცოდნა და შესაძლებლობა უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულნი ადამიანის უფლებების დაცვაზე. გარდა ამისა, აღნიშნულ ტრენინგში პროკურორების და ჟურნალისტების ერთობლივმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო მათ კიდევ უფრო მეტად დაახლოებასა და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.“ – აღნიშნა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ.
OC მედიას ჟურნალისტის შოტა ხინჩას აზრით: „სიძულვილის ენის ირგვლივ შერეულ ფორმატში დისკუსიის ორგანიზება ორივე პროფესიული ჯგუფისთვის – პროკურორებისა და ჟურნალისტებისთვის მომგებიანია, რადგან შესაძლებელი ხდება სხვადასხვა გამოცდილების, გამოწვევების ერთობლივად განხილვა, განსხვავებული პერსპექტივიდან. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრების გაგრძელება მნიშვნელოვანია როგორც მედიის პროფესიული სტანდარტების ამაღლება-განმტკიცებისთვის, ასევე – ინსტიტუციური რეფორმისთვის. ასევე, კარგი იქნებოდა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისა და მოწყვლადი ჯგუფების წევრებს შორის მსგავსი შერეული ფორმატით დისკუსიების და ტრენინგების წარმოება.“
სტუდია მონიტორის ჟურნალისტი ნინო რამიშვილი მიიჩნევს, რომ ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. „პრობლემა, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც აქტუალურია. მისი გავრცელების ერთ-ერთი საშუალება მედიაა, ასეთი ფაქტების შეფასება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღკვეთა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად პროკურატურის პრეროგატივაა. შესაბამისად, ჟურნალისტებისა და პროკურორებისათვის აღნიშნული საკითხის ცოდნა მნიშვნელოვანია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების პრევენციისათვის. ტრენინგის მონაწილეებმა მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას; ეთნიკური, რელიგიური, სექსუალურიშევიწროება, თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაცია, შუღლის გაღვივება და ასე შემდეგ. რადგან საქართველოში განწყობა სხვადასხვა განსხვავებული ნიშნის ჯგუფის ადამიანების მიმართ არც თუ ისე ტოლერანტულია, ამ საკითხების ცოდნა, ვფიქრობ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შემდგომში საზოგადოების განწყობის უკეთესობისკენ შეცვლისათვის.“ – აღნიშნა ნინო რამიშვილმა.
ორდღიან ტრენინგს უძღვებოდნენ: ეკატერინე აღდგომელაშვილი – მრჩეველი გენდერის საკითხებში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. „საინტერესო აღმოჩნდა ერთობლივი ტრენინგის იდეა ჟურნალისტების და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის; ტრენინგის მიმდინარეობისას შესაძლებლობა გვქონდა გვემსჯელა სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოვლენის, მისი გაშუქების და რეაგირების საკითხებზე, რაშიც განსაკუთრებული როლი სწორედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და პროკურორებს ეკისრებათ.“ – განაცხადა ეკა სხილაძემ.
ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.