უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 21 ოქტომბერი 2019

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადაუვადო დანიშვნის წესით შეიცვალა და პარლამენტის წინაშე მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა.[1] შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო და 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა იმ 20 კანდიდატის სია, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად.[2] კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შერჩევის პროცესი ქართულმა მედიამ საკმაოდ ფართოდ გააშუქა.

 

მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესს კრიტიკა მოჰყვა იმის მიუხედავად, რომ დადებითი შეფასება დაიმსახურა გასაუბრებების საჯაროობამ. ეუთომ/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა შერჩევის პროცესი შემდეგნაირად შეაფასა: „საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა.“[3] კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ასევე გააკრიტიკა პროცესი და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა სიის იმგვარად ფორმირებას, „რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.“[4]

 

რა იცის საზოგადოებამ ამ პროცესის შესახებ საქართველოში, როგორია მათი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისა და სასამართლო სისტემის ინსტიტუტების შესახებ? 2019 წლის 5-დან 11 სექტემბრამდე ჩატარებული სატელეფონო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა გაყოფილია სასამართლო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით, დიდ ნაწილს არ სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ, არ ენდობა მას და ასევე უმეტესად არ სმენია შერჩეული კანდიდატების შესახებ.

 

საზოგადოება გაყოფილია ნდობის კუთხით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ. მათ პასუხებში მსგავსი ტენდენცია შეინიშნება. მოსახლეობის მსგავსი წილი (46-47%) ენდობა მათ, ხოლო 42-47% ამ ინსტიტუტებსა და სისტემას არ ენდობა.

 

 

 

საქართველოში საზოგადოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხშიც გაყოფილია. მოსახლეობის უმრავლესობას (54%) სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ. თუმცა, მათი დამოკიდებულება უარყოფითისკენ იხრება. მათი ნახევარზე მეტი (53%), ვისაც სმენია მოსამართლეთა შერჩევის შესახებ, ამ პროცესს არ ენდობა. ამის მსგავსად, მათი თითქმის ნახევარი (48%), ვისაც სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის შესახებ, ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი მიუკერძოებლად არ წარიმართა.

 

 

 

სატელეფონო გამოკითხვაში რესპონდენტებს სთხოვეს, გაეზიარებინათ პირველი ასოციაცია, რაც ახსენდებოდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ უმრავლესობამ (64%) არანაირი ასოციაცია არ დაასახელა - კითხვაზე მათი პასუხი იყო „არ ვიცი“. დასახელებულ პასუხებში ფიგურირებდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი  და ნეიტრალური ასოციაციები. თუმცა, უარყოფითი ასოციაციები სჭარბობდა. საერთო ჯამში, რესპონდენტთა 3%-მა დაასახელა დადებითი ასოციაცია, 20%-მა - უარყოფითი, ხოლო პასუხების 10% ნეიტრალური იყო. სამი ყველაზე ხშირად დასახელებული ასოციაცია იყო: „მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ“ (6%), „დაუცველობა“ (3%) და „უნდობლობა“ (2%). დადებით ასოციაციებს შორის იყო „იმედი“ (1%), „პროცესი კარგი მიმართულებით მიდის“ (0.6%) და „სამართლიანი სასამართლო“ (0.2%). უარყოფით ასოციაციებად, მათ შორის, დასახელდა: „უარყოფითი დამოკიდებულება“ (2%), „უსამართლობა“ (1%), „კლანი“ (1%).

 

შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია 20 კანდიდატი პარლამენტში წარსადგენად. სატელეფონო გამოკითხვაში რესპონდენტებს თითოეულ კანდიდატზე ჰკითხეს, მათი აზრით, უნდა დაინიშნოს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (60%-ზე მეტს კანდიდატების უმეტესობის შემთხვევაში) არ სმენია ამ ადამიანების შესახებ. სამი კანდიდატი, რომლის შემთხვევაშიც მოსახლეობის 10% ან მეტი ამბობს, რომ უნდა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, არის: საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე (14%), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (13%) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე (10%).

 

საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეხუთედი (19%) ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში ამ 20 კანდიდატის დანიშვნით საქართველოში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება. მოსახლეობის იგივე წილის (19%) თქმით, საქართველოში მართლმსაჯულება გაუარესდება და ერთ მესამედზე ნაკლები (29%) მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულება ისეთივე დარჩება, როგორიც ამჟამადაა.

 

შერჩევის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და მის მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ქართულენოვანი სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 1%-მა დაასახელა აღნიშნული პროცესი ზაფხულში მიმდინარე მოვლენებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად. ხუთი ყველაზე ხშირად დასახელებული მოვლენა იყო:

 

- ლარის გაუფასურება;

 

- 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა;

 

- საოკუპაციო ხაზის გადმოწევა;

 

- საპროტესტო აქციები „სირცხვილია“ და; 

 

- გავრილოვის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში.

 

მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა ზაფხულში განვითარებული ვერცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვერ დაასახელა, არჩია, ეთქვა „არ ვიცი“ ან საერთოდ უარი განეცხადებინა პასუხზე. რესპონდენტებმა ამ კითხვას არარელევანტური პასუხებიც გასცეს, მაგალითად, „კარგი ამინდები“ ან „უწყლობა/უდენობა“ და ა.შ.

 

 

 

ამრიგად, საქართველოს მოსახლეობა მეტ-ნაკლებად თანაბრადაა გაყოფილი მათ შორის, ვინც ენდობა ან არ ენდობა სასამართლო ინსტიტუტებს. მოსახლეობის ნახევარზე მეტს სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ. თუმცა, მცირე ნაწილი ასახელებს ამას ზაფხულში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენათა შორის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ მათი დამოკიდებულება, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ,  უარყოფითისკენ იხრება. მოსახლეობას უჭირს კონკრეტული კანდიდატების შემთხვევაში იმის თქმა, უნდა დაინიშნონ თუ არა ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ და მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ არ სმენია ამ ადამიანების შესახებ ან არ იცის, უნდა დაინიშნონ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თუ არა.

 

შენიშვნა: ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია სატელეფონო გამოკითხვას ეფუძნება. ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „CRRC-საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). სტატიაში არსებული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად „CRRC-საქართველომ“ 2019 წლის 5-11 სექტემბერს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა ფარგლებში. გამოიკითხა 867 მოქალაქე; მონაცემები საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია; ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.2%-ის ტოლია.

 

 

[1] 2017 წელს მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2018 წლის 16 დეკემბერს შევიდა. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში კი ცვლილებები 2019 წლის 1-ლ მაისს შევიდა. https://www.osce.org/ka/odihr/429491?download=true

 

[2] შერჩევის პროცესი მოიცავდა 49 კანდიდატთან გასაუბრებას, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

[3] https://www.osce.org/ka/odihr/430001

 

[4] http://www.coalition.ge/index.php?article_id=215&clang=0

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023