5-6 მაისს განათლების მულტიმედიის ცენტრში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და კომპანია SECURE-მა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩაატარეს ტრენინგის კურსი ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე სახელწოდებით “უსაფრთხოება დღეს!“.
ტრენინგ კურსი მიზნად ისახავდა ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, ინფორმაციული უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას და შესაბამისი ზომების პროაქტიულად მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია დღევანდელ რეალობაში.
ტრენინგს უძღვებოდნენ კომპანია SECURE-ის დამფუძნებლები გიორგი გვასალია და გირშელ ჭოხონელიძე, რომლებმაც განიხილეს ინტერნეტ უსაფრთხოებასთან, პერსონალურ მონაცემებსა და მათ დაცვასთან, სოციალურ ინჟინერიასთან, ანონიმურობასთან, კონფიდენციალურობასთან, ინფორმაციის მოგროვებასა და თვალთვალთან დაკავშირებული საკითხები.
ტრენინგები ჩატარდა დისკუსიის ფორმატში, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და ტრენერებისგან მიეღოთ კომპეტენტური პასუხები და რჩევები. ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ IDFI-ისა და SECURE-ის ერთობლივი სერტიფიკატი.
ტრენინგების სერია გრძელდება და იგეგმება მსგავსი კურსების ჩატარება მასმედიის წარმომადგენლების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. თითოეული კურსის თემატიკა შერჩეული იქნება სამიზნე ჯგუფის პროფესიული საქმიანობისა და მათთვის აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართებზე: info@idfi.ge ან info@secure.ge