ფარული მიყურადება საქართველოში - კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი 18 სექტემბერი 2020

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიების არსებობა არსებითად მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. ეს არის პიროვნების უფლება, მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან.[1]

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ არის აბსოლუტური. ის შეიძლება შეიზღუდოს კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.[2]

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.[3]

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას წარმოადგენს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა. ფარული მეთოდების გამოყენება თავისთავად არ ეწინააღმდეგება თანამედროვე სახელმწიფოს პრინციპებს, ვინაიდან  უსაფრთხოების ინტერესები გარკვეულწილად მოითხოვს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვას კანონით დადგენილ ფარგლებში და ფორმით. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, არსებითად მნიშვნელოვანია პროცედურული დაცვითი მექანიზმებისა და სათანადო კონტროლის არსებობა, რაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

 

წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს გამოძიებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ფარული მეთოდების გამოყენების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოსა და არსებულ ხარვეზებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და შეფასებებს, ასევე სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ ტენდენციებს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. არსებული სამართლებრივი მოწესრიგება კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარ გარანტიებს.

 

- პრობლემად რჩება „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერი, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩარევის უფლებამოსილებას ანიჭებს.

 

- ნდობის ჯგუფს, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნია კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კონტროლის დადგენილი წესი არის ბუნდოვანი და არ იძლევა სააგენტოს საქმიანობის საფუძვლიანად შემოწმების შესაძლებლობას.

 

- 2016 წლიდან 2020 წლის პირველი და მეორე კვარტლის ჩათვლით მონაცემებით, სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სასამართლოების მიერ განხილული შუამდგომლობების რიცხვი ჯამში იყო 3 467. თბილისში შუამდგომლობების მატების ტენდენცია 2016 წლიდან გრძელდება და 2019 წელს უმაღლესი ნიშნული - 669 დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.6%-ით აღემატება.

 

- 2019 წელს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჯამში  7084 შუამდგომლობა შევიდა.

 

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შესულმა შუამდგომლობებმა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 26.3%-ით დაიკლო. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, მცირედით დაიწია შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტულმა მაჩვენებელმაც. 2018 წელს აღნიშნულ საკითხზე შემოსული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კოეფიციენტი გახლდათ 95.7%, ხოლო 2019 წელს - 94.6%.

 

- 2019 წლის მონაცემების მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით შევიდა საქართველოს მასშტაბით არსებული შუამდგომლობების 49%, რაც თითქმის უტოლდება  სხვა დანარჩენ საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების ჯამს და მიუთითებს, რომ ამ შუამდგომლობების უდიდესი ნაწილი თავს იყრის თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი მცირედით იკლებს: 2017 წელს დაფიქსირდა 91%, 2018 წელს - 88%, ხოლო 2019 წელს - 84%. 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში - 91%, თუმცა წლის ბოლომდე დაკმაყოფილების კოეფიციენტი შეიძლება ბევრჯერ შეიცვალოს.

 

- 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობების რიცხვმა მცირედით დაიკლო 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, თუმცა ის თითქმის ორჯერ აღემატება 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

 

- საგულისხმოა, რომ თაღლითობასთან დაკავშირებით ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე შუამდგომლობების რაოდენობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. 2019 წელს შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა გაიზარდა ასევე განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით, თუმცა საგრძნობლად, 61.4%-ით შემცირდა ყაჩაღობასთან, ხოლო 36%-ით - ქურდული სამყაროს წევრობასთან და კანონიერ ქურდობასთან მიმართებით.

 

- 2016 წლიდან 2020 წლის 1-ლი და მე-2 კვარტლის ჩათვლით, ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე შემოსული შუამდგომლობების ჯამური მაჩვენებლის 66.2% მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოზე, ხოლო დანარჩენი 33.8% გადანაწილებულია სხვა დანარჩენ 23 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე. მოცემული სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში თავს იყრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებული შუამდგომლობების უდიდესი ნაწილი.

 

 

დასკვნა

 

თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს ადამიანის პირადი ავტონომიის პატივისცემას, მასში სახელმწიფოსა და კერძო პირების ჩარევის მინიმუმამდე შემცირებას.  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ძირითადი მიზანია, დაიცვას ინდივიდი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული თვითნებური ჩარევისგან.[4]

სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებები, მათ შორის, მათი სიცოცხლე, ფიზიკური ხელშეუხებლობა და აშ. შესაბამისად, დანაშაულის თავიდან აცილება და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფოს ორგანული და მნიშვნელოვანი ფუნქციაა. თუმცა, ამ ფუნქციის შესრულებისას საკმაოდ დიდია თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი. რაც უფრო ფართო და ბუნდოვანი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული სამართალდამცავ ორგანოებს და რაც უფრო ნაკლებია ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე სამართლებრივი კონტროლი, ეს რისკი მით უფრო მაღალია. თვითნებობისა და უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ფარული ღონისძიებების გამოყენება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მხრიდან გარეშე კონტროლს დაექვემდებაროს.

 

რაც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკას, სტატისტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ 2019 წელს ფარულ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე შუამდგომლობების წარდგენის მზარდი ტენდენცია შეჩერდა და წინა წელთან შედარებით განხილულ/დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვი შემცირდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც აღემატება 2017 წელს განხილულ და დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვს, ხოლო უშუალოდ ფარულ მიყურადებისა და ჩაწერის კუთხით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ სტაბილურად იკლებს. ჯერჯერობით, ამ ტენდენციის საპირისპიროდ მეტყველებს 2020 წლის 6 თვის მონაცემები, სადაც შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტულობა საკმაოდ მაღალია (91%), თუმცა წლის ბოლომდე სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

 

არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, სამწუხაროდ, არ არსებობს განცდა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებებით პირადი ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნის პროპორციულად ხორციელდება. ხელისუფლების მიმართ ნდობის ნაკლებობა განპირობებულია მისივე უმოქმედობით აღმოფხვრას არსებული ხარვეზები, რის აუცილებლობაზეც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს.

 

____

[1]ქეთევან ერემაძე, „თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში“, გვ. 163.

[2]საქართველოს კონსტიტუცია, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი.

[3]ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი  8.

[4]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/484 საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 15.

 

 

/public/upload/Rule_of_Law/secret_surveillance_in_georgia-GEO.pdf

 

 

 

/public/upload/Rule_of_Law/secret_surveillance_in_georgia-one-pager-geo.PDF

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024