ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს ვერ პასუხობს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | სტატია 4 ნოემბერი 2020

2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავალდებულო ხდება პირბადის ღია სივრცეში გამოყენება.[1] ამავე დღეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება,[2] რომლითაც სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას და გადაადგილებისას. დადგენილების თანახმად, ამ წესის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.[3]

 

Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმების კონსტიტუციურობაზე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს,[4] თუმცა პირბადის ტარების წესში შეტანილმა ბოლო ცვლილებამ პირის დაჯარიმების კონსტიტუციურობის და კანონიერების სრულად განსხვავებული პრობლემა წარმოშვა.

 

კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ცალკე სამართალდარღვევა გაითვალისწინა, საიდანაც ცხადად იკითხება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლი არ ითხოვს პირბადის ტარებას ღია სივრცეში და არც აკრძალული ქმედების შინაარსის გაფართოების უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას.[5] უფრო კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტმა სამართალდარღვევად მიიჩნია პირბადის ტარების წესის დარღვევა „დახურულ საჯარო სივრცეში“, „საზოგადოებრივ ტრანსპორტში“ და „ტაქსით“ გადაადგილებისას. ამ მუხლის საფუძველზე, მთავრობამ შესაძლოა დააზუსტოს მხოლოდ ტექნიკური დეტალები, მაგალითად, რა არის პირბადე, როგორ უნდა ეკეთოს იგი ადამიანს, რა შემთხვევაში უნდა ეკეთოს დახურულ საჯარო სივრცეში და ა.შ.

 

საქართველოს მთავრობა გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას. კერძოდ, მან ექსკლუზიურად ამ ცვლილების მიღებისათვის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს დროებით მოაწესრიგოს საკითხი, თუ იგი არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო აქტით (კანონით).[6] როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უკვე აწესრიგებს პირბადის ტარების წესს და ადგენს კიდევაც მისი გამოყენების ვალდებულებას. რეალურად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტულად ჩამოყალიბებულ შემადგენლობაში, რაც არ უნდა ჩაითვალოს მოუწესრიგებელი საკითხის დროებით რეგულირებად. კანონმდებლობის ამგვარი განმარტება, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამართლებრივ უსაფრთხოებას და არაერთ ძირითად უფლებას.

 

საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გაზარდა საკუთარი უფლებამოსილება და უხეშად შეიჭრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ კომპეტენციაში. ამგვარი ქმედება ამკვიდრებს დემოკრატიული მმართველობისთვის საფრთხის შემცველ პრეცედენტს და არღვევს, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს.

 

_____

 

[1] იხ. საქართველოს მთავრობის განცხადება.

[2] საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის N660 დადგენილება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ვებგვერდი, 3/11/2020.

[3] საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის დადგენილება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5.

[4] იხ. IDFI-ის ანალიზი „Covid-19 და პასუხისმგებლობის ზომები: კონსტიტუციურობის სისტემური პრობლემა“.

[5] იხ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლი. ამ ნორმას, ამავე კოდექსის 4210 მუხლისგან განსხვავებით, რომელიც საკარანტინო ღონისძიებებს მიემართება, არ აქვს ღია შემადგენლობა და ადგენს აკრძალული ქმედების შინაარსს.

[6] ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების შემტანი ნორმის ცვლილების სამართლებრივ საფუძვლად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი. ამ ნორმის თანახმად „საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით.“.

 

 

 

მასალა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024