რუსეთის მავნე გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლავ განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს, მოიცავს ამა თუ იმ ქვეყნის სუსტ წერტილებზე, კოორდინირებული მოქმედებებით დარტყმას. საქართველოს შემთხვევაში, ერთ-ერთი სუსტი წერტილი ქვეყნის ეკონომიკური სექტორის მოწყვლადი მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჰიბრიდული ომი, მისი სტრატეგიები და დეზინფორმაციული ნარატივები დიდი ხანია დისკუსიის საგანია, საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში რუსული გავლენის კვლევას ჯერ კიდევ აკლია განახლებული, ემპირიული მტკიცებულებები. კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის ბრუნვასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – გარდამავალი დემოკრატიის სისტემის მქონე ქვეყნებში. კონტრდეზინფორმაციული აქტივობები გასცდა მხოლოდ მედიის ჩარჩოებს და აღიარებს ფულსა და ბიზნესს, როგორც მავნე გავლენისა და საშუალებების ძირითად ვექტორებს არაწრფივი/ არასწორხაზოვანი ომის ინსტრუმენტებში.
- უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13,262 ბინა) და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს;
- 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილი საერთო რაოდენობაში, უსწრებს 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა 8 ივლისამდე რუსეთ-საქართველოს შორის არსებობდა პირდაპირი ფრენები და არ იყო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები;
- 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი რუსეთში გაზრდილია 38%-ით, სომხეთში კი — 197%-ით. ექსპერტების აზრით, სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ - და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი;
- 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნილი ჰქონდა რუსეთის 161,032 მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) და 55 იურიდიულ პირს. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 2,87 მილიარდ ლარს, რაც 2,16 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს.