„მსოფლიო სამართლის პროექტის“ კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მთელს მსოფლიოში ძირითადი წყაროა სხვადასხვა ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გასაცნობად. ინდექსი ეფუძნება სამართლებრივ ექსპერტებთან, საზოგადოებასთან, პრაქტიკოს იურისტებთან განხორციელებულ კვლევებს და სანდო წყაროა მრავალი ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირისთვის.
IDFI-ის მიერ მომზადებული ნაშრომის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის მაჩვენებლების განხილვა 2020 წლის მდგომარეობით, მისი შედარება წინა წლების მაჩვენებლებთან, პრობლემური მიმართულებების გამოვლენა და იმ ტენდენციების ჩვენება, რაც კანონის უზენაესობის ინდექსით შეფასების შედეგად გახდა შესაძლებელი.
ძირითადი მიგნებები
- 2020 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა 0,60 ქულით არის შეფასებული (მაქსიმალური 1 ქულა). საქართველო 42-ე ადგილს იკავებს შეფასებულ 128 ქვეყანას შორის. მოცემული მაჩვენებლებით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 0,01 ქულითა და 1 პოზიციით გაუარესდა.
- კანონის უზენაესობის ინდექსით შეფასებულ კრიტერიუმთა შორის საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპონენტში მიიღო.
- ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კრიტერიუმებში აქვს. ამასთან, მიუხედავად კორუფციის არარსებობის ინდიკატორის მაღალი შეფასებისა, წინა წლებთან შედარებით, ამ მიმართულებით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.
- საქართველომ წინა წლებთან შედარებით წესრიგისა და უსაფრთხოების, სარეგულაციო აღსრულებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებების გარდა, ყველა კრიტერიუმში დაბალი შეფასებები მიიღო. სამწუხაროდ, 8 კრიტერიუმიდან არც ერთი მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. წესრიგისა და უსაფრთხოების, სარეგულაციო აღსრულებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კრიტერიუმებში საქართველომ მეტ-ნაკლებად სტაბილურად შეინარჩუნა წინა წლებში მიღებული შეფასებები.
- წესრიგისა და უსაფრთხოების კრიტერიუმის გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიციამ წინა წელთან შედარებით 5 ადგილით წინ გადმოინაცვლა. რეგიონულ რეიტინგში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს 14 ქვეყანას შორის. 2017-2018 წლებთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გლობალურ და რეგიონულ რეიტინგში 2-2 ადგილით გაუარესდა.
- კორუფციის არარსებობის კრიტერიუმში 2012-2020 წლების შეფასებებს შორის საქართველოს ყველაზე ცუდი შეფასება 2020 წელს აქვს. მიუხედავად ამისა, რეგიონულ რეიტინგში ის კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა, გლობალურ რეიტინგში მისი პოზიცია 3 ადგილით გაუარესდა.
- კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსით 2020 წელს ყველაზე დაბალი შეფასება საკანონმდებლო ორგანოში კორუფციის არარსებობის ინდიკატორმა მიიღო.
- ფუნდამენტური უფლებების დაცვის კრიტერიუმში საქართველოს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0,01 ქულით გაუარესებულია. ყველაზე მაღალი შეფასება სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებას აქვს.
- ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით პრობლემად რჩება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და დასაქმებულთა უფლებების მიმართულებები, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად გაუარესებულია.
- ღია მმართველობის ინდიკატორებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება ინფორმაციის თავისუფლების და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით აქვს, თუმცა, წინა წლებთან შედარებით ამ მიმართულებებით მდგომარეობა გაუარესებულია.
- საქართველომ ღია მმართველობის კრიტერიუმში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება 2020 წელს მიიღო და 2017-2018 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გლობალურ რეიტინგში 2 ადგილით გაუარესდა.
- სარეგულაციო აღსრულების მიმართულებით საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ის 2017-2018 წლებში მიღებულ შეფასებას კვლავ ჩამოუვარდება. ყველაზე პრობლემურ მიმართულებებს პროცესის დაუსაბუთებელი გაჭიანურების არარსებობა და სამართლიანი ადმინისტრაციული პროცესის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
- მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კუთხით 2020 წელს საქართველომ წინა წელთან შედარებით 0,02 ქულით დაბალი შეფასება მიიღო. გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიციამ 7 ადგილით უკან გადაინაცვლა. თუმცა, რეგიონულ რეიტინგში ის კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს.
- მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის ექვსივე ინდიკატორის მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია.
- სამოქალაქო მართლმსაჯულების კრიტერიუმში წინა წლებით შედარებით საქართველოს 2020 წელს ყველაზე დაბალი შეფასება აქვს. ყველაზე პრობლემურ მიმართულებას პროცესის დაუსაბუთებელი გაჭიანურება წარმოადგენს. რეგიონულ რეიტინგში საქართველომ პირველი პოზიციიდან (2015 წლის მდგომარეობით) მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულება სხვა კრიტერიუმებთან შედარებით ყველაზე დაბალი ქულით არის შეფასებული. თუმცა, წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღნიშნული კრიტერიუმი უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში სტაბილურად დაბალ შეფასებებს იღებს.
/public/upload/Rule_of_Law/Index.pdf
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.