26 დეკემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა მრგვალი მაგიდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკითხების შესახებ. დისკუსიას ორგანიზება გაუწია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G-3) ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროების, საჯარო დაწესებულებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს რიგით მეხუთე მრგვალი მაგიდა იყო საჯარო პირებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მონაწილეობით OGP-ს საკითხების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შემდგომი განხორციელების პროცესი მიმდინარეობდა USAID-ის მაღალი ჩართულობისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ლიდერობით სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე. (იხილეთ მრგვალი მაგიდის დღის წესრიგი)
მრგვალი მაგიდის ძირითადი განხილვის თემა იყო 2014-2015 წლებისთვის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში. OGP-ს იმ წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც პარტნიორობას ოფიციალურად 2012 წლის აპრილის თვეში შეუერთდნენ, სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი უნდა წარადგინონ 2014 წლის აპრილში.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის პრეზენტაციას 2012-2013 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. რუსუდან მიხელიძემ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა, თავის პრეზენტაციაში დეტალურად განიხილა ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს ჰქონდა აღებული 2012-2013 წლებში OGP-ს ფარგლებში და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად შესრულდა თითოეული მათგანი.
პრეზენტაციის მიხედვით, აღებული თორმეტი ვალდებულებიდან სამი შესრულდა სრულყოფილად, სამი თითქმის სრულად, ხუთი – ნაწილობრივ, და ერთი ამჟამად იმპლემენტაციის პროცესშია. ეს უკანასკნელია ინტეგრირებული სისხლის სამართლის საქმეების მართვის სისტემაში (ICCMS) ანალიტიკური მოდულის ინტეგრაცია, დანაშაულის რუკის შექმნა და „უსაფრთხო უბნის“ პროექტის განხორციელება. სამოქმედო გეგმის შესრულების ყველაზე წარმატებული მაგალითი იყო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წარმატებული იმპლემენტაცია. გიორგი კლდიაშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ეს პროექტი წარადგინა OGP-ს ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში როგორც პროექტი, რომელიც შვიდ სხვა ინიციატივასთან ერთად იყო ნომინირებული გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოზე (Bright Spots Prize). ამ ფაქტს ყურადღება დაეთმო მრგვალი მაგიდის დასაწყისს, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა და რუსუდან მიხელიძემ ისაუბრეს ლონდონის სამიტზე განხილული საკითხების შესახებ.
მრგვალი მაგიდის მეორე ნახევარი მთლიანად დაეთმო შემდეგი ორი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის გარჩევას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკმაოდ წარმატებული იყო წინა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაში, ჯერ კიდევ ბევრი შეიძლება გაკეთდეს პროცესის სწორი დაგეგმვითა და მეტი საჯარო დაწესებულების პროცესში ჩართვით. რუსუდან მიხელიძემ სთხოვა მრგვალ მაგიდაზე მოწვეულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას წაერედგინა ერთი ახალი ვალდებულება, რომელთა ასახვაც საჭიროდ მიიჩნიეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ახალ სამოქმედო გეგმაში.
პირველი საკითხი, რომელიც მონაწილეებმა წამოჭრეს, იყო საჯარო მოხელეების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შექმნილ ვებგვერდზე hr.gov.ge-ზე განთავსებულია ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ საჯარო სამსახურში. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, განსაკუთრებით გამჭვირვალობის სფეროში, რადგან ამჟამად შერჩევის კრიტერიუმები არ არის მთლად ნათელი და ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება პროცესს თვალყური ადევნონ. ერთ-ერთი წინადადება იყო ყველა კანდიდატისათვის ერთიანი საგამოცდო სისტემის შემოღება, მაგრამ მეორე მხრივ აღინიშნა, რომ ყველა თანამდებობას არ აქვს ერთნაირი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ. მონაწილეებმა ასევე ითხოვეს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ისევე როგორც საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს, რადგან ამჟამად საიტზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთა სახელები იდება.
იუსტიციის სახლების კონცეფცია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია საჯარო სერვისების სფეროში. ამ დაწესებულებებმა ბევრად გაამარტივეს სერვისების მიღება, რადგან მომსახურება ხელმისაწვდომი გახადეს ერთიან სივრცეში. სამომავლოდ იგეგმება მოქალაქეებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება და კერძო სექტორის სერვისების ინტეგრაცია, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, დაზღვევა. იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა უკუკავშირის გაუმჯობესების სამომავლო გეგმების შესახებ, თავდაპირველად ტელეფონით და შემდგომში ელექტრონულად, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი მოსაზრებებისა და პრეტენზიების პირდაპირ იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის მიწოდება.
დისკუსიის მონაწილეებმა დასვეს კითხვები რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში იმის შესახებ, რომ კერძო სექტორის ინტეგრაციამ შეიძლება არათანასწორი კონკურენცია შექმნას სხვა ბიზნესებთან. მათ ასევე განიხილეს იმ კომპანიის შერჩევის პრობლემა, რომელიც შესთავაზებს მოქალაქეებს სერვისებს იუსტიციის სახლში. დაწესებულების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შერჩევის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურსის პირობებში ჩატარდება. წამოიჭრა სხვა პრობლემური საკითხებიც, მაგალითად იმის შესაძლებლობა, რომ კერძო ბიზნესის ინტეგრაცია გამოიწვევს ამ კომპანიის თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვას და მათი იუსტიციის სახლის თანამშრომლებით ჩანაცვლებას. ეს საკითხები გეგმების განხორციელების დაწყებამდე უნდა გადაიჭრას.
საქართველოში ღია მმართველობის განვითარების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე სოფელში ე.წ. საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა იყო. ეს დაწესებულებები დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებენ, რასაც იუსტიციის სახლები – სთავაზობენ მოსახლეობას სხვადასხვა სერვისებს ერთ სივრცეში. ამ დროისათვის თორმეტი საპილოტე ცენტრი გაიხსნა, და კიდევ ექვსის გახსნა იგეგმება 2014 წელს. ამას გარდა მოხდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების განახლება თანამედროვე წიგნებითა და ტექნოლოგიებით და მათი პოპულარიზაცია.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ძირითადად ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობასა და ამ მხრივ სამომავლო გეგმების შესახებ. ამჟამად ინფორმაციის თავისუფლება რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას იგი ცალკე საკანონმდებლო აქტად გამოყონ. იუსტიციის სამინისტრო ამას ემხრობა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გაკეთებულა. ამას გარდა საუბარი იყო საზედამხედველო ორგანოს შესახებ, რომელიც მოახდენს ინფორმაციის თავისუფლების საკითხების რეგულირებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ელექტრონული მმართველობის მიმართულებით განვითარებას ისახავს მიზნად და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას გეგმავს ელექტრონულ სისტემაზე მაქსიმალურად გადასვლის მეშვეობით. სამინისტროს ახალ ვებგვერდზე privatization.ge-ზე იქნება განთავსებული სახელმწიფო ქონების სრული სია, რომლის ნახვაც შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა ისაუბრა გეგმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანას ამ დაწესებულების მუშაობის შესახებ. მან ყურადღება დაუთმო სანოტარო აქტების ელექტრონულ ფორმატში მოქცევას, რომლებზეც წვდომა ექნებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ასევე იგეგმება ელექტრონული კონსულტაციების ორგანიზება და ნოტარიუსებისათვის ტრენინგების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებმა მოიწონეს აღნიშნული ინიციატივები, მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ისინი შეიძლება არ არიან იმდენად დაკავშირებულნი ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნებთან და ამგვარად მათი შეტანა სამოქმედო გეგმაში შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი.
დღის ბოლოს მონაწილეებმა წარმოადგინეს იდეები, რომლებიც არ ეხებოდა კონკრეტული დაწესებულებების მიერ აღებულ ვალდებულებებს. ერთ-ერთი შემოთავაზება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროცესში ჩართვა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მთავრობას OGP-ს შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდაში.
გიორგი კლდიაშვილმა, IDFI-ს დირექტორმა ყურადღება გაამახვილა არქივების ღიაობის საკითხზე და აღნიშნა, რომ არქივების, კერძოდ კი საბჭოთა არქივების საკითხი საინტერესოა მოსახლეობისთვის და პირდაპირ კავშირშია ღია მმართველობის პარტნიორობის გამჭვირვალობის პრინციპებთან.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა OGP-ში მეტი დაწესებულების ჩართვა, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროსი, რომლის გარეშე სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია წარმოუდგენელია, რადგან ვალდებულებების განხორციელება ძირითადად ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული. ამგვარად, სამინისტროს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელებისათვის.
დისკუსიის დროს წამოწეულ საკითხთა შორის იყო ელექტრონული მონაცემების დამუშავების კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვას, და ელექტრონული მონაცემების დაარქივების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება.
კიდევ ერთი შემოთავაზება იყო მოქალაქეებისთვის კითხვის დასმა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ღია მმართველობის გაუმჯობესება საქართველოში, და აღნიშნული კითხვის სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელება. საბოლოოდ, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმის ფორმატზე შეთანხმება – იქნება თუ არა ეს ნორმატიული აქტი, რომელსაც დაამტკიცებს მთავრობა.
საბოლოოდ წარმოდგენილი იყო „ღია მმართველობა საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის სახელმძღვანელო წესების პროექტი, რომელიც ეროვნულ დონეზე კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის რეგულაციების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერითა და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების გზით, დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცესის დაცვით.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეთანხმდნენ კიდევ ერთ შეხვედრაზე 15 იანვარს სამოქმედო გეგმის უფრო დეტალურად განსახილველად. იანვრის ბოლოს ღია მმართველობის პარტნიორობა ოფიციალურად გამოაქვეყნებს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დაწერილ ანგარიშს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) ფარგლებში.