ბიუროკრატიის ზრდა საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 დეკემბერი 2015

ავტორი: ლევან ალაფიშვილი

 

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

საქართველოში სახელმწიფოებრიობის, საჯარო სამსახურისა და ბიუროკრატიის ფორმირების პროცესი ერთნაირად რთული და წინააღმდეგობრივი, გამოწვევებითა და შეცდომებით აღსავსე აღმოჩნდა. მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილებისა და რეფორმის დაწყებისა, დღმდე, ქვეყნის მმართველმა ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ შეძლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და სტაბილური საჯარო სამსახურის შექმნა. ამას აქვს თავისი განმაპირობებელი გარემობებები: მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, უმუშევრობის მაღალი დონე და პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე. უფრო ფართოდ კი პრობლემა ინსტიტუციონალიზმის, ინსტიტუციური დემოკრატიის პირობებში სისტემის ფორმირების, განახლებისა და მართვის გამოცდილებისა და ცოდნის დეფიციტია. დეფიციტი სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორშიც. არის სხვა, დამატებითი ფაქტორებიც, ისეთები როგორიცაა მაგალითად სამოქალაქო აქტივობისა და კულტურის დაბალი დონე, პოლიტიკურად მოტივირებული ან სუბიექტური გადაწყვეტილებების სიჭარბე. მარტივ მაგალითზე რომ აღვწეროთ: თუკი მიზანი არის უმუშევრობის შემცირება (დასაქმების პრობლემის მოგვარება) საჯარო სექტორში დასაქმების გზით, მაშინ სექტორში დასაქმების ზრდის ტემპი გასაგები გახდება, მაგრამ ეს არ არის სწორი და მისაღები. სახელმწიფომ სხვადასხვა გადაწყვეტილებებით თუ პროექტებით უნდა შექმნას გარემო, რომელშიც სამუშაო ადგილებს ქმნის არასახელმწიფო სექტორი, ხოლო საჯარო სამსახური არის მცირე, მობილური, სტაბილური, პროფესიული, ეფექტური, ოპერატიული და ნეიტრალური. განზოგადებული დასკვნა ასეთია: მართვისას სწორედ იდენტიფიცირებული და პრიორიტიზებული პრობლემების, აგრეთვე მკაფიო და მიღწევადი მიზნების არქონა განაპირობებს საჯარო მმართველობის არაეფექტურობას, ხარჯებისა და ბიუროკრატიის ზრდას.

 

ამერიკის ხაზინის მდივანი ჯეკ ლიუ ამბობს „ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ციფრების ერთობლიობა, ეს არის ჩვენი ღირებულებებისა და მისწრაფებების გამოხატულება“. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდა და ზრდის ტემპი ამ თვალსაზრისით სამწუხარო რეალობას წარმოგვიდგენს. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონებით, 2012 წელს საჯარო სამსახურში[1] დასაქმებული იყო 101 017 მოხელე, 2013 წელს - 103 665, 2014 წელს - 104 878, ხოლო 2015 წელს, - სავარაუდოდ 116 562 მოხელე[2].

 

თუკი ერთობლიობაში წარმოვიდგენთ საჯარო სექტორის ყველაზე დიდ ნაწილში (საჯარო სამსახური და სსიპ-ები) დასაქმებულთა რიცხოვნობას და ქვეყნის მთლიანი სამუშაო ძალისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების სტატისტიკას, ასეთ სურათს დავინახავთ: ყოველი მე-6 დასაქმებული და ყოველი მე-3 დაქირავებული საჯარო სექტორშია და მათი სახელფასო უზრუნველყოფა 2014 წლის მონაცემებით შეადგენს 2 მილიარდ 422 მილიონ ლარს. სტატისტის სამსახურის მონაცემების მიხედვით სამუშაო ძალა (აქტიური მოსახლეობა) - 1 991 000 ადამიანია, დასაქმებული მოსახლეობა - 1 745 200 ადამიანი, ხოლო დაქირავებით მომუშავე - 692 300 ადამიანი[3]. საბიუჯეტო კანონებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით კი ამ 692 300 ადამიანში უდიდესი წილი სწორედ საჯარო სექტორში დასაქმებულებს უკავიათ, იგი დაახლოებით 320 000-ს მიაღწევს (280 602 - საჯარო სამსახურში[4] და სსიპ-ებში[5], დაახლოებით 13 000 მუნიციპალიტეტებში[6]. საჯარო არასამეწარმეო იურიდიულ პირებში, სსიპ-ებსა და საჯარო საწარმოებში დასაქმებულთა ერთიანი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოა აქ დასაქმებულთა რიცხოვნობა 20 000-ს აღწევდეს). მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობამ 356 539-ს მიაღწია[7]. თუკი დასახელებულ 320 ათასს 3-ზე გავამრავლებთ (ერთად მცხოვრებნი და ოჯახის წევრები) მივიღებთ ადამიანთა შთამბეჭდავ რიცხოვნობას, რომელიც საჯარო სამსახურზეა დამოკიდებული. ეკონომიკა სადაც ყველაზე დიდი დამსაქმებელი საჯარო სექტორია, არ არის განვითარებაზე ორიენტირებული, განვითარების დაგეგმვაც კი შეუძლებელია. საჯარო სექტორი არ უშვებს პროდუქციას (დამატებულ ღირებულებას), ფინანსური თვალსაზრისით იგი მხოლოდ მომხმარებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუროკრატიის ზრდა იწვევს მათი შენახვის ხარჯების ზრდას და გადასახადის გადამხდელების ტვირთის სიმძიმის ზრდას.

 

ბიუროკრატიის ზრდა აისახება ბიუჯეტში, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამული წესით რომ იმართებოდეს თავისთავად გამორიცხავს ბიუროკრატიის დაუსაბუთებელ და გაუმართლებელ ზრდას. 2010 წლის 1 იანვრიდან, საბიუჯეტო კოდექსის[8] ამოქმედებას მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები და რეფორმები უნდა მოჰყოლოდა საჯარო მმართველობაში, რაც თავისთავად განაპირობებდა ბიუროკრატიის რიცხოვნობის შემცირება-ოპტიმიზაცია. მხედველობაში მას ის გარემოება, რომ სწორედ 2010 წლის დასაწყისიდან უნდა დაწყებულიყო პრობრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლა. პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლას საჯარო მოწინააღმდეგენი არ ჰყოლია და ყველა პოლიტიკოსი თუ მაღალჩინოსანი მოხელე ადასტურებდა მზადყოფნა გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები მისდამი დაქვემდებარებულ ინსტიტუტში. 2010 წლის 10 მარტს მთავრობამ სპეციალური #284 განკარგულებაც[9] კი გამოსცა, რომლითაც განისაზღვრა პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმა, ღონისძიებები და პასუხისმგებელი უწყებები. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ბიუჯეტი სრულად პროგრამული სახით უნდა შეედგინათ შემდეგ დაწესებულებებს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, თვითმმართველ ქალაქ თბილისს, თელავის მუნიციპალიტეტს და ხაშურის მუნიციპალიტეტს. ამავე განკარგულებით განისაზღვრა, რომ მინიმუმ ერთი პრიორიტეტისთვის (ანუ არასრულად/ნაწილობრივ პროგრამული) პროგრამულად მომზადებული ბიუჯეტი უნდა შედგინა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმს, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს, თვითმმართველ ქალაქ რუსთავს და თვითმმართველ ქალაქ ფოთს. 2012 წლიდან საქართველოს საბიუჯეტო სისტემა, მისი ცენტრალური ნაწილი და მსხვილი მუნიციპალური ბიუჯეტები პროგრამულ ბიუჯეტირებაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. საბიუჯეტო კოდექსით ანუ კანონით და მთავრობის დასახელებული განკარგულებით განსაზღვრული ვალდებულებები არ შესრულდა, რიგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროექტების მხოლოდ სათაურში იკითხებოდა პროგრამულობა. მოგვიანებით მთავრობას მიუწია კურიოზული და უხერხული გადაწყვეტილების მიღება. 2012 წლის 21 თებერვალს, ანუ როდესაც უკვე დასრულებული იყო 2011 საბიუჯეტო წელი და როდესაც მხარჯავ დაწესებულებებს უკვე დარღვეული ჰქონდათ ამ წლის ბიუჯეტის პროგრამულად მომზადების ვალდებულება, მთავრობამ გამოსცა #303 განკარგულება[10], რომლითაც ცვლილებები შეიტანა 2010 წელს მიღებულ #284 განკარგულებაში და მოახდინა დარღვეული ვალდებულებების „ლეგალიზაცია“. ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს კანონისადმი და პროგრამული ბიუჯეტისადმი დამოკიდებულებას. უფრო სამწუხარო ის, არის ასეთი მიდგომა კვლავაც გრძელდება. პროგრამული ბიუჯეტი არის საჯარო ფინანსების ეფექტურად გამოყენებით პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება. საჯარო ფინანსების ეფექტურად გამოყენება კი პირველ რიგში ნიშნავს პრობლემის გადასაწყვეტისთვის საჭირო ადამიანური რესურსის (ბიუროკრატიის) ობიექტურ, დასაბუთებულ განსაზღვრას და ზრდის მიმართულებით სუბიექტური გადაწყვეტილებების გამორიცხვას.

 

თავისთავად პროგრამული ბიუჯეტირებაც არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად. პრობლემა უფრო მასშტაბურია და სისტემური ხასიათისაა - საჯარო პოლიტიკის რეფორმის გარეშე, შეუძლებელია პროგრამულ ბიუჯეტირებაზე საუბარი და შესაბამისად, ბიუროკრატიის ზრდის პრობლემაც ვერ გადაწყდება. პროგრამული ბიუჯეტი ხომ სტრატეგიული და პროგრამული პოლიტიკის დოკუმენტების, ამ დოკუმენტებით განსაზღვრული მიზნების მიღწევის საშუალებაა.

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე მთავრობამ წარმოადგინა პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგია[11], რომელშიც აღნიშნულია:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს ცალკეული დოკუმენტების შემუშავების აუცილებლობას, ის არ უზრუნველყოფს პოლიტიკის დაგეგმვის სისტემურ და თანმიმდევრულ მუშაობას, კერძოდ გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • არ არსებობს რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკის დაგეგმვის ყველა სფეროსა და ეტაპს, რაც უნდა მოიცავდეს ანალიზს, დაგეგმვას, ანგარიშგებას, მონიტორინგსა და შეფასებას;
  • არ არის ცხადად მოცემული თუ რა კავშირია არსებულ დაგეგმვის ინსტრუმენტებს შორის, როგორია მათი იერარქია და ურთიერთმიმართება.

 

აღნიშნული პრობლემის იდენტიფიკაცია-აღიარების კვალობაზე გაუგებარია, რომ მთავრობა მის მოგვარებაზე ზრუნვას იწყებს არა დაუყოვნებლივ, არამედ მხოლოდ 2016 წელს, როდესაც მთავრობას და პარლამენტს ეწურებათ ვადა, როდასაც დიდ დროს დაიკავებს წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც დაბალია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტიტუტების ლეგიტიმაცია რათა წამოიწყოს რეფორმები.

 

საყურადღებოა, რომ მთავრობა პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგიაში აღიარებს ცოტა ხნის წინ დაშვებულ, სისტემური ხასიათის შეცდომას. მთავრობამ 2014 წლის #400 დადგენილებით დაამტკიცა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020"[12], რომელსაც უნდა დაფუძნებოდა საბიუჯეტო პროექციები და სახელმწიფო, ავტონომიური და მუნიციპალური ბიუჯეტები. ეს ნიშნავს, რომ საქართველო 2020 წარმოდგენილი იყო როგორც ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი. პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგიაში კი საქართველო 2020 განხილულია, როგორც მხოლოდ სექტორული სტრატეგია და აღნიშნულია: „ერთ-ერთ სექტორულ სტრატეგიას წარმოადგენს „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“, (...) თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინიტროს ვებგვერდზე იგი მოიხსენება, როგორც „ქვეყნის განვითარების სტრატეგია“ და ზოგადად, მთავრობის მიერ აღნიშნული დოკუმენტი განიხილება როგორც ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი სტრატეგიული დოკუმენტი“[13]. იმავე, პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგიაში „საქართველო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“-ზე მსჯელობას მთავრობა ასეთი მსჯელობით ამთავრებს: „უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის მიზნებიდან გამომდინარე, მასში გაწერილი ღონისძიებები არ ასახავს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს აღებული. ამდენად, აღიშნული დოკუმენტი თავისი შინაარსიდან გამომდინარე ქვეყნის განვითარების სტრატეგიად არ შეიძლება ჩაითვალოს იმ მიზეზით, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას არ გულისხმობს. შესაბამისად დოკუმენტს, რომელსაც ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ვუწოდებთ ეკონომიკასთან ერთად უნდა მოიცადეს საზოგადოების მოღვაწეობის ყველა სფეროს“[14].

 

სისტემური თვალსაზრისით წინააღმდეგობრივია ცენტრალურ დონეზე რეგიონული და დარგობრივი სტრატეგიების გაუმიჯნაობა, რაც განაპირობებს პარალელიზმს, ინსტიტუციურ კონფლიქტს, ორმაგ ბიუროკრატიულ ხარჯებს და პასუხისმგებლობის დაბალ ხარისხს, რაც საბოლოოდ აისახება განვითარებაზე ორიენტირებული რეგიონული პროექტების ხარისხზე, შესაბამისად ადგილზე მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. 2015 წლის 11 თებერვალს საქართველოს მთავრობის #167 განკარგულებით დამტკიცდა „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია“[15]. ეს დოკუმენტი თავისი შინაარსით და განმახორციელებელი სამინისტროს პროფილის გათვალისწინებით უდიდესწილად დარგობრივი ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტი უნდა იყოს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სტრატეგიით განსაზღვრული ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა რეგიონული და დარგობრივი განვითარება - დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებად განსაზღვრულია რეგიონებისთვის სოფლის განვითარებისა და პრიორიტეტულ დარგებში ინვესტირების გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. სტრატეგიაში (ღონისძიება 3.4.1.) აღნიშნულია: „სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის შედეგად, შეიმუშავებს სოფლის განვითარების პოლიტიკას, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თავისებურებები.“ თუკი თვითმმართველობის რეფორმასა და რეგიონული განვითარების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, გაურკველი რჩება სოფლის განვითარების პოლიტიკა, როგორ უნდა დაიგეგმოს და წარმართოს მუნიციპალური (თვითმმართველობის) ან რეგიონული კონტექტის გარეშე, ამასთანავე სახეზეა პარალელიზმისა თუ ინსტიტუციური კონფლიქტის მაღალი რისკი, იმ პირობებში როდესაც პასუხისმგებლობის ხარისხი მკვეთრად შემცირდება.

 

და ბოლოს, უახლესი პრაქტიკული მაგალითი, გადაწყვეტილება რომელიც წარმოაჩენს წინააღმდეგობრიობას, ერთიანი სისტემური ხედვის დაბალ უნარს ცენტრალურ დონეზე და შეუძლია ბიუროკრატიის ზრდის სტიმულირება. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგიითა და მისი სამოქმედო გეგმით მთავრობა 2016 წლის განმავლობაში გეგმავს პოლიტიკის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციის მომზადებას და მთავრობისთვის წარდგენას (ანუ ერთიანი სისტემის მოწესრიგებას), მთავრობაში შემავალმა ერთ-ერთმა ინსტიტუტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციაზე[16] მიმდინარე წლის 26 ნოემბერს წარმოადგინა კანონპროექტი "რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და დაგეგმვის შესახებ". მაშინ როცა მთავრობა გეგმავს და საჯაროდ აცხადებს სისტემის ერთიან მოწესრიგების საჭიროებასა და დაწყებას, იმავე მთავრობის სტრუქტურა გეგმავს და ამზადებს სისტემის ნაწილის, ერთი მიმართულების საკანონდებლო მოწესრიგებას. კანონპროექტში „საქართველო 2020“ მოხსენიებულია როგორც სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ყველა სხვა ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური სტრატეგიული და პროგრამული დოკუმენტი. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგიის დოკუმენტში „საქართველო 2020“ არ/აღარ არის განხილული როგორც განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, იგი მხოლოდ სექტორულ სტრატეგიად მოიხსენიება, რომელსაც სამოქმედო გეგმაც კი არ აქვს.

 

საგანგებოდ არ ვიმსჯელებთ, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დამატებით ფუნქციებს ანიჭებს გუბერნატორებს და ნიველირებულია თვითმმართველობების ჩართულობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როგორიცაა რეგიონის შექმნა თუ სტრატეგიული და პროგრამული დოკუმენტების შემუშავება. კანონპროექტებით გათვალისწინებულია დღეს არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების, გუბერნატორთან არსებულ ადმინისტრაციულ ორგანოდ ტრანსფორმაცია, რასაც სავარაუდოა რომ მოჰყვება ბიუროკრატიისა და ადმინისტრირების ხარჯების ზრდა. გარდა ამისა, კანონპროექტებით გათვალისწინებულია გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების მონაწილეობით რეგიონის განვითარების სააგენტოების (არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით) შექმნა, რასაც ბუნებრივია მოჰყვება დასაქმებულთა და მათი შენახვის ხარჯების ზრდა.

 

 

შენიშვნები:

[1] მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საჯარო/სახელმწიფო საწარმოებისა და საჯარო/სახელმწიფო არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომელთა გარეშე.

[2] http://mof.ge/4562

[3] http://geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo

[4] http://www.mof.ge/images/File/biujetis_cvlileba/noemberi2/TAVI_VI.pdf

[5] http://www.mof.ge/images/File/biuj2014_12tve/TAVI_VII.pdf

[6]http://www.transparency.ge/blog/adgilobrivi-tvitmmartvelobis-reporma-akhali-gamotsveva-sakartvelostvis?page=2http://netgazeti.ge/2014/01/29/27541/

[7] http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=770

[8] https://matsne.gov.ge/ka/document/view/91006?publication=0

[9]მთავრობის #284 განკარგულება „პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ http://mof.ge/show_law.aspx?id=545http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=181&info_id=30605

[10]მთავრობის #303 განკარგულება „პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2294599

[11]პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგია. გვ.: 6 http://gov.ge/files/423_49306_882810_Policy_Planning_Reform_Strategy_PDF.pdf

[12]საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის #400 დადგენილება https://matsne.gov.ge/ka/document/view/2373855http://mof.ge/images/File/saqartvelo_2020.pdf

[13] პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგია. გვ.:9 http://gov.ge/files/423_49306_882810_Policy_Planning_Reform_Strategy_PDF.pdf

[14] პოლიტიკის დაგეგმვის რეფორმის სტრატეგია. გვ.:10 http://gov.ge/files/423_49306_882810_Policy_Planning_Reform_Strategy_PDF.pdf

[15] საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის #167 განკარგულება "საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ" https://matsne.gov.ge/ka/document/view/2733545

[16] http://nala.ge/news/657

 

  

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024