როგორ ვებრძოლოთ კორუფციას შესყიდვებში: გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის პროექტი

სიახლეები | ბლოგპოსტები 4 დეკემბერი 2017

წყარო: The Global Anticorruption Blog

 

ავტორი: რიჩარდ მესიკი

 

 

კორუფციასთან მებრძოლებისთვის სახელმწიფო შესყიდვები საყურადღებოა ორი მიზეზის გამო: 1.სახელმწიფო შესყიდვები რთული სფეროა; და 2. სფეროში ხშირია კორუფციული გარიგებები. ეს უკანასკნელი განაპირობებს სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელობას ანტიკორუფციული პოლიტიკისთვის, ხოლო პირველი მიზეზი ართულებს სფეროში ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიკორუფციული საქმიანობით არიან დაკავებულნი, უწევთ შესყიდვების მარეგულირებელ კანონებთან, რეგულაციებთან, სტანდარტულ სატენდერო დოკუმენტაციასა და პრაქტიკასთან შეჭიდება. სფეროს სირთულიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მხოლოდ აწარმოონ კამპანია და მოუწოდონ სახელმწიფო სტრუქტურებს უზრუნველყონ მეტი გამჭვირვალობა და მეტად მკაცრი სასჯელი კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში.

 

 

თუმცა, თუ ოდესმე გიცდიათ მთავრობა დაგერწმუნებინათ ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეტარებინა, გეცოდინებათ, რომ „ეშმაკი დეტალებშია“. სახელმწიფო შესყიდვების სიღრმისეული ცოდნის გარეშე, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები „გამჭვირვალობის“ გასაუმჯობესებლად ან კანონის დამრღვევთა „დასასჯელად“ შეიძლება მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევა გახდეს. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან გადაწყვიტეს ერთობლივად შეექმნათ პროექტი - „გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი“, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზის დეტალების შესწავლის საშუალებას იძლევა, რათა მეტად საფუძვლიანი და დასაბუთებული შეთავაზებები შემუშავდეს ამ სახელმწიფოებში შესყიდვების სფეროში კორუფციის აღმოსაფხვრელად.

 

პროექტს ხელმძღვანელობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „ფონდი ღია საზოგადოების ევრაზიის პროგრამის“ მხარდაჭერით (რომლისთვისაც ამჟამად სხვა პროექტზე ვმუშაობ). პროექტის მონაწილე თითოეულ ქვეყანაში ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საგულდაგულოდ ამოწმებს ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების კანონსა და წესებს 64 ინდიკატორის საშუალებით, რათა დაადგინონ რამდენად უზრუნველყოფს კანონმდებლობა:

 

1. ერთგვაროვნებას

2. ეფექტიანობას

3. გამჭვირვალობას

4. ანგარიშვალდებულებას

5. კონკურენტუნარიანობას

 

თითოეულ ინდიკატორს ენიჭება მაქსიმუმ ერთი ქულა. მაგალითად, ერთ-ერთი ინდიკატორი აფასებს საჩივრების წარდგენის მექანიზმის არსებობას, რაც შესყიდვებში კორუფციის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ ქვეყანას არ გააჩნია მსგავსი მექანიზმი, მას ენიჭება 0 ქულა, თუ მხოლოდ შესყიდვის მონაწილეებს შეუძლიათ გასაჩივრება - 0.25 ქულა, თუ უშუალოდ მონაწილეების გარდა სხვა პოტენციურ მიმწოდებლებსაც აქვთ გასაჩივრების საშუალება - 0.75, ხოლო, იმ შემთხვეაში, თუ საზოგადოების ნებისმიერ წევრს აქვს გასაჩივრების საშუალება - 1 ქულა.

 

1-დან 100-მდე ქულების აგრეგირება და სტანდარტიზაცია ექვსი ქვეყნის ერთმანეთთან შედარების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების შვიდი ინდიკატორის ქულების დაჯამებით შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

მოლდოვა - 100
საქართველო - 71
უკრაინა - 70
აზერბაიჯანი - 62
სომხეთი - 40
ბელარუსი - 27

 

რასაკვირველია, ერთია, გქონდეს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებასა და კეთილსინდისიერებას სახელმწიფო შესყიდვებში, ხოლო მეორე საკითხია, თუ როგორ სრულდება კანონის ჩანაწერები პრაქტიკაში. შესაბამისად, სამართლებრივ შეფასებას მოჰყვება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის აღსრულების შეფასება. ორივე ერთად აღრმავებს არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და მათ რეკომენდაციებს მეტად ანგარიშგასაწევს ხდის.

 

მაგალითად, სომხეთში სამოქალაქო საზოგადოებამ 36 რეკომენდაციის შემუშავება შეძლო შესყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების საბოლოო ბენეფიციარების გამჟღავნების მოთხოვნა. რეკომენდაციების უმეტესობა მიღებულია ან მიღების პროცესშია. შესაბამისად, ზემოთმოყვანილი სომხეთის დაბალი ქულა ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების მხრივ აუცილებლად გაიზრდება, როდესაც მისი კანონმდებლობის მორიგი შეფასება ჩატარდება.

 

პროექტის გუნდისთვის რეკომენდაციების გაკეთების შესაძლებლობა რომ მქონდეს, სამს გამოვყოფდი:
პირველ რიგში, კანონმდებლობის შეფასებებში უნდა ჩანდეს, რომელი ინდიკატორი რომელ ძირითად ღირებულებას (Benchmark) შეესაბამება.


მეორე, სასურველია, მეთოდოლოგია გაფართოვდეს და ინდიკატორებად დაემატოს პრევენციული ზომები სახელმწიფო შესყიდვებში. ერთი-ერთი ასეთი ინდიკატორი შეიძლება იყოს შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის შიდა ანტიკორუფციული პროგრამის არსებობა. მეორე ინდიკატორი შეიძლება იყოს მსოფლიო ბანკის პრაქტიკის მსგავსი, როდესაც შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტები თანხმობას აცხადებენ აუდიტის ჩატარებაზე, როდესაც ხელშეკრულებას აფორმებენ.


მესამე რეკომენდაცია იქნება მეტი მაჩვენებლების დამატება ხელშეკრულებების მართვის/შესრულების ნაწილში. ეს არის ის სფერო, სადაც, როგორც წესი, ყველაზე მეტი კორუფცია ხდება.

 

თუმცა, ეს მხოლოდ მცირე შენიშვნებია იმ მოდელისთვის, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეიძლება დაიკავონ წამყვანი როლი საჯარო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. TPPR პროექტის ლიდერები იმედოვნებენ, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან ქსელს.

 

ბევრ ქვეყანაში, არა მხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, კორუფციასთან ბრძოლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მოითხოვს არა მხოლოდ სერიოზულ ადვოკატირებას შესყიდვების რეჟიმების რეფორმირებისთვის, არამედ ტექნიკური ცოდნის გაღრმავებას, რათა ეს მოთხოვნები დამაჯერებლად იყოს წარდგენილი და შესრულებული. გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის პროექტი მსგავსი მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია.

 

რიჩარდ მესიკი სამართლისა და ანტიკორუფციული საკითხების საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც სხვადასხვა დროს კონსულტაციას უწევდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, განვითარების სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. რიჩარდ მესიკი ასევე იყო აშშ-ში პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, კომპანიებისა და კორპორაციების მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024