კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გაგზავნილი სადეპუტატო კითხვების მიმოხილვა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 13 მაისი 2021

2020 წელს, ქვეყანაში  COVID 19 პანდემიით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არარაციონალური განკარგვის რისკები. მსგავსი რისკების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სატენდერო პროცედურების გარეშე განხორციელებულმა შესყიდვებმა, საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების მნიშვნელოვანმა ზრდამ და სხვა. აღნიშნული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიან განხორციელებას, რომლის ერთ-ერთ მნიშნელოვან მექანიზმს სადეპუტატო კითხვების გაგზავნის შესაძლებლობა წარმოადგენს.

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა. ვადა განისაზღვრება 15 დღით, თუმცა შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია ვადის 10 დღით გაგრძელება.

 

საქართველოს პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გვერდი, ხელმისაწვდომს ხდის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციას. ამ ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სადეპუტატო კითხვების გვერდი, რომელიც  დეპუტატების მიერ სამთავრობო უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მიღებული პასუხების გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.  

 

სადეპუტატო კითხვების გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის ანალიზის მიხედვით, 2020 წელს საპარლამენტო კონტროლის აღნიშნული მექანიზმით ისარგებლა სულ 34-მა დეპუტატმა, რომლებმაც ჯამში 843 წერილი გააგზავნა საჯარო დაწესებულებებში. 2020 წელს პლატფორმაზე ატვირთული კითხვებიდან 179 უპასუხოდ იყო დატოვებული, ხოლო 25 დღიან მაქსიმალურ ვადას 112 კითხვაზე პასუხმა გადააჭარბა.

 

                                             

 

წყარო: info.parliament.ge

 

2020 წელს გაგზავნილი სადეპუტატო კითხვების უმრავლესობა  საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს ეკუთვნის. მაგალითად, 843 სადეპუტატო კითხვიდან 438 გაგზავნილია „ევროპული საქართველოს” ფრაქციების წარმომადგენლებისგან, ხოლო  148 კითხვა - “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს ეკუთვნოდათ. სადეპუტატო კითხვების პორტალზე განთავსებული დოკუმენტაციის ანალიზის მიხედვით, ინფორმაციის მოთხოვნების  დაკმაყოფილების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს, კითხვის ავტორის პარტიული კუთვნილება. უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების პროცენტული მაჩვენებელი ფრაქციების წევრების მიხედვით 12%-დან 21%-მდე მერყეობს. მაგალითად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გაგზავნილი მოთხოვნების 21%-ია უპასუხოდ დატოვებული, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 19%, ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“ – 26%, ხოლო  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ – 24%.

 



წყარო: info.parliament.ge

 

2020 წელს სადეპუტატო კითხვების უმრავლესობა დაკავშირებული იყო სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციულ ხარჯებთან, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან, საკადრო პოლიტიკასთან და სხვა. საკითხის აქტუალობის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიასთან პირდაპირ  შემხებლობაში იყო სადეპუტატო კითხვების მხოლოდ 3% (29 კითხვა).  აღნიშნული კითხვები შეეხებოდა პანდემიის ფარგლებში გაწეულ ხარჯებს, დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას, ვირუსის გავრცელების სტატისტიკას და სხვა. თითოეულ მათგანზე მიღებული პასუხის ანალიზი წარმოდგენილია ქვემოთ. 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ იყო გაგზავნილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიერ.  

 

ცხრილი 2: COVID-19-თან დაკავშირებული სადეპუტატო კითხვები:

 

 

პანდემიის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ  სადეპუტატო კითხვები

 

პარლამენტის წევრების მიერ პანდემიის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია ეხება სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სადეზინფექციო ღონისძიებების ხარჯებს, საკარანტინო სივრცეებისთვის გაწეულ ხარჯებს, რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ სუბსიდირებულ ავიარეისებს და StopCov ფონდის ხარჯებს. 

 

სადეპუტატო კითხვების პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, უპასუხოდაა დატოვებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის გაგზავნილი კითხვები, რომლებიც  ეხება საკარანტინო სივრცეებზე გაწეულ ხარჯებს და რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ სუბსიდირებულ ავიარეისებს.

 

2020 წლის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის ღონისძიებებში დახარჯული თანხის შესახებ მოთხოვნა გაიგზავნა 12 ქალაქის მერიასთან. მათ შორის 3-მა (თბილისის, ბათუმისა და ფოთის მერიებმა) კითხვა უპასუხოდ დატოვა. დანარჩენი 9 მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავს ღონისძიებებზე სულ დახარჯულია 76,378 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 27,035  ლარი ათვისებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ახალციხის და ზესტაფონის მერიების პასუხის მიხედვით, მსგავსი ღონისძიებები უსასყიდლოდ განახორციელა კერძო კომპანიებმა. 

 

ცხრილი 3: 2020 წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის ღონისძიებებში დახარჯული თანხები:

 

  

 

 

StopCov ფონდში შესული თანხების, მათი შემომწირველების და ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის წერილი თავდაპირველად გაიგზავნა 2020 წლის მაისის თვეში. ფინანსთა სამინისტროს პასუხის მიხედვით, ამ პერიოდისათვის ფონდში შესული იყო 133,583,704.9 ლარი, რომლის ხარჯვა არ იყო დაწყებული. რაც შეეხება, შემომწირველთა ვინაობას, კითხვის ავტორს განემარტა რომ შემომწირველების შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს Stop Cov ფონდში თანხების ჩარიცხვის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას.  მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის პასუხად, კითხვის ავტორს ეცნობა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით, StopCov ფონდი“-ს ასიგნებებიდან (133,500,000 ლარი) გამოყოფილი იქნა 123,692,000 ლარი და ხარჯი შეადგენს 122,759,200 ლარს. 

 

2020 წელს სადეპუტატო კითხვების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გაიგზავნა მოთხოვნა პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამისთვის გამოყოფილი 2 მილიარდი დოლარის წყაროების და დაგეგმილი ხარჯების მიმართულებების შესახებ. მათ შორის, ამ თანხიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნების პასუხად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გაგზავნილია მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში. ამასთან, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის შესახებ განმარტებულია, რომ მიღებულ იქნა ქვეყანაში შაქრის წარმოების ხელშეწყობის გადაწყვეტილება, რაც მოიაზრებს კომბინატისათვის ბუნებრივი აირის შეღავათიან ფასად მიწოდებას. აღნიშნული განპირობებული იყო კრიზისის ფარგლებში შაქრის იმპორტთან არსებული პრობლემებით და მოსალოდნელი  ფასების ზრდით. 

 

პასუხში ნახსენებია, რომ ადგილობრივი წარმოების აღდგენის მიზნით,  „აგარის შაქრის კომბინატს აქვს შესაძლებლობა, რომ გადაამუშაოს და წლის ბოლომდე ბაზარს მიაწოდოს 70 ათასი ტონა შაქარი, რაც მთლიანი მოხმარების ნახევარზე მეტია.“ ... „დახმარება მიმართულია ზოგადად სექტორისადმი, თუმცა ამ ეტაპზე „აგარის შაქარი“ წარმოადგენს ერთადერთ შაქრის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოში. შესაბამისად, ნებისმიერი საწარმო, რომელიც გადაწყვეტს შაქრის წარმოებას, მასზე გავრცელდება იგივე პირობები.“ 

 

დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება

 

კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებების შესახებ სადეპუტატო კითხვა, თავდაპირველად ფინანსთა მინისტრთან გაიგზავნა აპრილის თვეში. მიღებული პასუხის მიხედვით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან საქართველო ელოდა დაახლოებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1 მაისის დამტკიცებული შეთანხმებით საქართველომ 200 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ასევე, 1 მაისს „ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე” 73.1 მილიონი ევროს ოდენობით სესხზე.“ იმავე პროექტისთვის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) გამოყო 100 მილიონი აშშ დოლარი. წერილის თანახმად, 190 მილიონი ევროს ოდენობის შეთანხმება მიღწეული იყო საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის.  ასევე, მთავრობა აპირებდა კერძო სექტორის მხარდასაჭერად, 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების მობილიზებას პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხრიდან.

 

მოგვიანებით, სექტემბრის თვეში, ფინანსთა მინისტრთან კვლავ გაიგზავნა მოთხოვნა წინა წერილში ხსენებული კერძო სექტორის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ. სამინისტროს განმარტებით, მათი ფუნქციების და კომპეტენციის გათვალისწინებით, დონორი ორგანიზაციების მიერ კერძო სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ. ხოლო საბიუჯეტო დახმარების სახით მობილიზებულ იქნა შემდეგი თანხები:

 

- ჩამორიცხულია დაახლოებით 517 მლნ ევრო და 200 მლნ აშშ დოლარი;

 

- გაგზავნილია მოთხოვნები თანხების ჩამოსარიცხად 360 მლნ ევროზე, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ჩამოირიცხოს;

 

- მიმდინარეობს ხელმოწერის პროცედურები 430 მლნ აშშ დოლარზე.



პანდემიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია

 

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადეპუტატო კითხვების ფარგლებში გაგზავნილია მხოლოდ ორი მოთხოვნა. პირველი კითხვა შეეხება 2020 წლის 6 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ზე ჩატარებული ტესტებისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიწოდებულია სრულყოფილი პასუხი.

 

მეორე კითხვით საქართველოს პარლამენტი წევრი ითხოვდა ჯანდაცვის სამინისტროში დაცულ დოკუმენტს (არსებობის პირობებში), სადაც ასახული იყო  კონკრეტული ციფრებით გამოხატული გრძელვადიანი გეგმა ვირუსის რეპროდუქციის ინდიკატორთან დაკავშირებით და ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის პროგნოზის სცენარები სხვადასხვა დაშვებით. ამასთან, დეპუტატს აინტერესებდა, სად გადიოდა ზღვარი (რა მაჩვენებელზე, პარამეტრზე), როდესაც სამინიტრო გასცემს რეკომენდაციას ისევ გამკაცრდეს საგანგებო მდგომარეობის პიროებებში დაწესებული შეზღუდვები.  

 

2 ივლისის პასუხიდან კითხვაზე „კონკრეტული ციფრებით გამოხატული გრძელვადიანი გეგმის შესახებ ვირუსის რეპროდუქციის ინდიკატორთან დაკავშირებით,“ ვიგებთ, რომ საქართველოს ეპიდსიტუაციის ანალიზისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდოლოგიები:

 

- პენსილვანიის COVID-19 Hospital Impact Model for Epidemics; 

 

- ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) მიერ შემუშავებული მათემატიკური მოდელირება 

 

- გრიპების პანდემიისთვის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების FluSurge 2.0 მეთოდი

 

წერილის ავტორს ასევე განემარტა, რომ შეზღუდვითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. მათი სიმკაცრე კი „დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მ.შ. კოვიდ-19-ის გავრცელების შემთხვევების რაოდენობასა და სიმწვავეზე, გავრცელების გეოგრაფიულ არეალზე, კლასტერების რაოდენობაზე, მეორეს მხრივ, ჯანდაცვის სისტემაში არსებული ადამიანურ და ჰოსპიტალურ სიმძლავრეებზე, მეზობელი ქვეყნებში ეპიდსიტუაციაზე და ა.შ.“

 

სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია 

 

2020 წლის ივნისის თვეში საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის აღდგენისთვის შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტისა და დელოიტის ოფისის წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან კობერიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტსრს  მიმართა აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის მოთხოვნით.   

 

ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას პასუხის მიხედვით, ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობდა 2 სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად. აშშ განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები სრულად ფინანსდებოდა აშშ განვითარების სააგენტოს მიერ და აღნიშნული სამუშაოს დასრულება დაგეგმილი იყო 2020 წლის ივლისში. პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების გუნდში შედიან:

 

- ლუის პანიაგა - პროექტის მენეჯერი

- ვორენ ქოუთსი - მონეტარული ეკონომისტი

- სტივენ სიმანსკი - ფისკალური ეკონომისტი

- ჯესიკა მაინო - ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი

- სტივ ლევარნი - ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი

- რონ მაკმორანი - ფისკალური ღონისძიებების მრჩეველი

 

„UNDP-ის მოწვეული ექსპერტების მიერ განსახორციელებელი სამუშაო სრულად ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ და აღნიშნული სამუშაოს დასრულება დაგეგმილია 2020 წლის აგვისტოში.“ მოწვეული ექსპერტები არიან:

 

- ჰა ჯუნ ჩანგი: წამყვანი მკვლევარი. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, განვითარების პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი (კემბრიჯის უნივერსიტეტი).

 

- ქრისტოფერ ქრამერი: მკვლევარი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ექსპორტის წახალისების დარგში

 

- ჯონატან დი ჯონი: მკვლევარი საგადასახდო, საფინანსო და ენერგეტიკის სექტორში

 

- კირილ ზაჩი: დამხმარე მკვლევარი

 

შეფასება

 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გაგზავნილი კითხვების ანალიზი აჩვენებს, რომ საკითხის აქტუალობის მიუხედავად, წინა მოწვევის პარლამენტის წევრთა მხოლოდ მცირე ნაწილი  იყენებდა სადეპუტატო კითხვის დასმის და ამ გზით კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია უმრავლესობის წევრების მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაგზავნილი კითხვების ნულოვანი მაჩვენებელი. 

 

სადეპუტატო კითხვების პორტალზე განთავსებული დოკუმენტაცია, ასევე აჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებები არ ასრულებენ მათზე კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას და არ უზრუნველყოფენ მოთხოვნის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ინფორმირებულობას. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად აზარალებს საპარლამენტო კონტროლის ხარისხს, ისევე როგორც ამცირებს კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ნდობის ხარისხს.    

 

IDFI იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობენ საპარლამენტო კონტროლის ეფექტიან განხორციელებას და აქტიურად გამოიყენებენ ყველა მათ ხელთ არსებულ მექანიზმს, მათ შორის, სადეპუტატო კითხვის დასმის შესაძლებლობას.     

 

 ____

 

 

მასალა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის -კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024