GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 11 ივლისი 2024

შესავალი

 

2024 წლის 9 ივლისს ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეფასების მეხუთე რაუნდის ფარგლებში გამოაქვეყნა საქართველოს შესაბამისობის შეფასების ანგარიში. ანგარიში დამტკიცდა 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში გამართულ GRECO-ს 96-ე პლენარული სხდომის მიერ და დაეფუძნა როგორც 2023 წლის 19-23 ივნისს GRECO-ს შემფასებელი ჯგუფის ვიზიტის შედეგებს თბილისში, აგრეთვე სხვა წყაროებისგან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისგან, მიღებულ ინფორმაციას (პარ. 11).

 

ანგარიში მიმოიხილავს აღმასრულებელი ხელისუფლების, მაღალი თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების, კორუფციის რისკის შემცირებისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მექანიზმების ეფექტიანობას საქართველოში. ამ მიმართულებით ანგარიში გამოკვეთს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ჯამში, შესასრულებლად 27 რეკომენდაციას გასცემს.

 

რაც შეეხება წინა (მეოთხე) რაუნდის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებსა და მათი შესრულების მდგომარეობას, GRECO-მ საქართველოს განუსაზღვრა 16 რეკომენდაცია. შესაბამისობის პროცედურის წინა ეტაპებზე რვა რეკომენდაცია დამაკმაყოფილებლად შესრულდა ან დამაკმაყოფილებელი წესით დარეგულირდა, ექვსი რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა, ხოლო ორი რეკომენდაცია არ შესრულდა (GRECO-ს მეოთხე რაუნდის ანგარიში, პარ. 5.). წინა რაუნდის რეკომენდაციების შესახებ, შეგიძლიათ ასევე იხილოთ  IDFI-ს ანალიზი.

 

რაც შეეხება მეხუთე რაუნდის ფარგლებში გაცემულ ახალ რეკომენდაციებს და მეხუთე რაუნდის ფარგლებში გამოქვეყნებულ შეფასების ანგარიშს, ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში გამოკვეთილი გამოწვევებისა და თანმდევი რეკომენდაციების ნაწილი, განსაკუთრებით ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, მნიშვნელოვნად ეხმიანება IDFI-ს მიგნებებსა და რეკომენდაციებს. წინამდებარე ანალიზში მიმოხილული იქნება GRECO-ს სწორედ ეს შეფასებები, აგრეთვე წარმოდგენილი იქნება მე-5 რაუნდის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა.

 

ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა 

 

GRECO-ს ანგარიში აფასებს ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციურ ჩარჩოს, ანგარიშვალდებულების მექანიზმებსა და მისი დამოუკიდებლობის გარანტიებს. მართალია, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიურო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ინსტიტუტია და ის მხოლოდ 2023 წლის სექტემბრიდანაა აღჭურვილი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის, მამხილებელთა დაცვისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგის ფუნქციებით და ჯერ კიდევ ნაადრევია იმ როლის შეფასება, რომელსაც ბიურო შეასრულებს არსებულ ინსტიტუციურ ანტიკორუფციულ სისტემაში (პარ. 67), თუმცა ანგარიშში მკაფიოდაა გამოკვეთილი, რომ ბიუროს დამოუკიდებლობის მიმართ არსებობს სერიოზული ხარვეზები. ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება ბიუროს დამოუკიდებლობის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ბიუროს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება პრემიერ-მინისტრის მიერ. ანგარიში მითითებას აკეთებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომლის მოთხოვნაც იყო, რომ გატარდეს დამატებითი ცვლილებები ბიუროს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით, ხელმძღვანელის დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით (პარ. 68) (საუბარია, ბიუროს უფროსის დანიშვნაზე არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პარლამენტის მიერ, კვალიფიციური უმრავლესობით). დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხი მოითხოვს დამატებით ყურადღებას, განსაკუთრებით ბიუროსთვის მინიჭებული ფუნქციების გათვალისწინებით და ამ ფუნქციების შესრულებისთვის ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის კრიტიკული საჭიროების გამო (პარ. 68).

 

მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილში, GRECO-ს რეკომენდაციები პასუხობს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო გამოწვევას, რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც ვენეციის კომისიის 2023 წლის 18 დეკემბრის დასკვნაში, აგრეთვე წარმოადგენს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-7 ნაბიჯის შესრულების გზაზე გადასაჭრელ ერთ-ერთ მთავარ საკითხს. უნდა აღინიშნოს, რომ GRECO-ს ამ ანგარიშის მიღების შემდგომ, 2024 წლის 29 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები. ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი უკავშირებს და მის მთავარ მიზნად გაცხადებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული მე-7 ნაბიჯის შესრულება, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულების გზით.

 

მართალია მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით გადაიჭრა ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების ნაწილი, მათ შორის მოიხსნა ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულება ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, გაიზარდა ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიები, თუმცა ცვლილებები არ შეეხო ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის წესს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღებით დაასრულა ბიუროს ინსტიტუციური რეფორმირების პროცესი და ამ ეტაპზე სხვა ცვლილებების მიღება მმართველი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას.

 

შესაბამისად, ამ მიმართულებით GRECO-ს რეკომენდაციაა, რომ (i) გადაიხედოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლებრივი ჩარჩო უფრო მეტი ოპერატიული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; და (ii) ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსებით, რათა ეფექტურად შეასრულოს თავისი ამოცანები, განსაკუთრებით უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებთან მიმართებით (პარ. 69).

 

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სუბიექტების წრის გაფართოება

 

GRECO-ს ანგარიში აგრეთვე მიმოიხილავს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კუთხით ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობას. ამ კუთხით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონის მიხედვით, თანამდებობის პირები არ არიან ვალდებულნი, დეკლარაციაში შეიტანონ ახლო ნათესავების (გარდა მეუღლისა, არასრულწლოვანი შვილისა ან გერისა) ქონება, თუ ისინი არ ცხოვრობენ ამ პირთან ერთად მუდმივად. ანგარიშის მიხედვით, ეს ხარვეზი გამოიყენება დეკლარაციის მოთხოვნების გვერდის ავლის მიზნით, მაგალითად, ქონების გადაცემით პარტნიორზე, რომელიც განზრახ არ არის რეგისტრირებული იმავე მისამართზე. კანონი არ განმარტავს, უნდა შეიცავდეს თუ არა ქონებრივი დეკლარაციები ოჯახის წევრების ფინანსურ ინფორმაციას, მიუხედავად მათი ოფიციალური რეგისტრაციის მისამართისა (პარ. 144).

 

ქონებრივი დეკლარაციების მიმართულებით GRECO გასცემს შემდეგ რეკომენდაციას: (i) გაფართოვდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის სისტემა და გავრცელდეს ყველა იმ პირზე, რომლებიც ასრულებენ უმაღლეს აღმასრულებელ ფუნქციებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ყველა მრჩეველზე; (ii) დაზუსტდეს ოჯახის წევრების ცნება, რომელთა ფინანსური ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი ასეთ დეკლარაციებში; და (iii) მაღალი აღმასრულებელი თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გაფართოვდეს საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის საანგარიშო პერიოდში დანიშვნამდე და უფლებამოსილების დასრულების შემდგომ მიღებული ანაზღაურებადი სამუშაოს შესახებ (პარ. 146).

 

უნდა აღინიშნოს, რომ ქონებრივი დეკლარაციების სუბიექტების წრის გაფართოებისა და ოჯახის წევრის ცნების გავრცობა ევროკომისიის მიერაც არის დასახელებული (გვ. 8) ერთ-ერთ გამოწვევად. შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებების მიღების რეკომენდაციით საქართველოს პარლამენტს IDFI-მაც მიმართა 2022 წელს, ევროკომისიის 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების ფარგლებში. თუმცა, ეს რეკომენდაცია მმართველი პარტიის მიერ უგულებელყოფილ იქნა და ბოლოს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებშიც არ არის ასახული.

 

კორუფციული დანაშაულების გამოძიება

 

ანგარიში აგრეთვე მიმოიხილავს კორუფციული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხს. აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით საგამოძიებო უფლებამოსილებებით აღჭურვილ მთავარ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო. ანგარიში გამოკვეთს იმ ხარვეზებს და გამოწვევებს, რაც დგას საქართველოში, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიების მიმართულებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს კორუფციული დანაშაულების გამოძიების რთული სისტემა (პარ. 160). “მიუხედავად იმისა, რომ საერთო კონსენსუსი მიღწეულია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში წვრილმანი კორუფცია აღმოფხვრილია, ადგილზე შეხვედრის დროს თანამოსაუბრეები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის თაობაზე, რომ არსებული სისტემა ეფექტურად არ იძიებს და არ დევნის მაღალი დონის თანამდებობის პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კორუფციულ დანაშაულთა ჩადენაში.” - აღნიშნულია ანგარიშში (პარ. 160).

 

ამგვარ პირობებში, GRECO რეკომენდაციას უწევს კორუფციულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირთა მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკაში უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რათა გარანტირებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის კეთილსინდისიერება (პარ. 161).

 

მაღალი დონის კორუფციის სპეციფიკის გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისთვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საგამოძიებო, სისხლისსამართლებრივი დევნის, თუ მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი უწყების შექმნა, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი კორუფციული დანაშაულების გამოძიებაზე, იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია/მოთხოვნა. ევროკავშირის 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების ფარგლებში, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდა, თუმცა მნიშვნელოვანი კრიტიკა დაიმსახურა საგამოძიებო უფლებამოსილების მისთვის მიუნიჭებლობამ. ამის კრიტიკულ აუცილებლობას IDFI აფიქსირებდა როგორც საჯარო დოკუმენტებში, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე მიმდინარე საპარლამენტო განხილვების ფარგლებში. შემდგომში, ეს რეკომენდაცია მკაფიოდ გამოკვეთა ვენეციის კომისიის დასკვნით და იქცა ევროკავშირის მე-7 ნაბიჯის შესრულების ერთ-ერთ საკვანძო მოთხოვნად. დღეის მდგომარეობით, კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს კვლავ არ გააჩნია.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 

GRECO-ს ანგარიში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად გამოკვეთს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით უკანასკნელი წლების განმავლობაში გაუარესებულ მდგომარეობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართალია, საზოგადოების უფლება, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებისგან, გათვალისწინებულია კონსტიტუციით. თუმცა, შეშფოთებაა გამოხატული, რომ სინამდვილეში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ძალიან გართულებულია (პარ. 83). GRECO-ს მიერ ჩატარებულმა გასაუბრებებმა გამოკვეთა, რომ ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობა და ხშირად ირღვეოდა ინფორმაციის თავისუფლების უფლება (პარ. 83). ანგარიშმა გამოკვეთა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო ინფორმაციის გამჟღავნების არათანაბარი პრაქტიკა. - “ზოგიერთი სამინისტრო საკმაოდ ღიაა, ზოგი კი (დასახელდა კულტურის სამინისტრო) იშვიათად თუ პასუხობს მოთხოვნებს ინფორმაციის გაცემაზე. უფრო მეტიც, აღმასრულებელი ხელისუფლება აშკარად არ ჩქარობს საჯარო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გამჟღავნებას.” (პარ. 84).

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის მიმოხილვისას ანგარიში მითითებას აკეთებს IDFI-ს 2022 წლის ანგარიშზე (პარ. 81) - “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022”, რომელმაც გამოკვეთა, რომ 2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24 პროცენტით შემცირდა და 58% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით არსებული მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება და საჯარო დაწესებულებების, განსაკუთრებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სისტემური უკანონობისა და ინფორმაციის არამართლზომიერი დახურვის მზარდი ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის შემდგომაც და კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება (იხ. IDFI-ს 2023 წლის 8 ივნისის კვლევა “საჯარო ინფორმაციის მკვეთრად გაუარესებული ხელმისაწვდომობა”).

 

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შემცირების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად GRECO-ს ანგარიში ასახელებს იმას, რომ არ არსებობს სპეციალური დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელებასა და საჩივრების მიღებას, ხოლო სასამართლოს გზით უფლების დაცვა, გაჭიანურებული ვადების გამო, არაეფექტიანია (პარ. 82). ამ მხრივ, ანგარიში მიუთითებს  საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშზე (პარ. 82), რომელიც, თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობაზე მსჯელობისას, მათ შორის, ეყრდნობა IDFI-ს კვლევას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, GRECO იძლევა რეკომენდაციას (i) გატარდეს დამატებითი ზომები ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე პროაქტიული გამჭვირვალობის გასაძლიერებლად; და (ii) უზრუნველყოფილ იქნას, რომ შესაბამისი უფლებამოსილებითა და რესურსებით აღჭურვილი დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმი იყოს გარანტი ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელებისა.

 

დამატებით, GRECO სპეციფიკურად გამოყოფს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს მიკუთვნებული ინფორმაციის ტიპს - პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მრჩევლების შესახებ ინფორმაციას. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ GRECO მიუთითებს IDFI-ს 2021 წლის ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია, რომ მრავალი წელია, IDFI-ის მიერ საჯარო დაწესებულებებისადმი გაგზავნილ მოთხოვნებს შორის მრჩევლებთან დაკავშირებული ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელია (პარ. 39). ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად, აღნიშნული დაწესებულებები, პერსონალური მონაცემთა დაცვაზე მიუთითებენ. GRECO ამ საფუძველთან დაკავშირებით სპეციფიკურად აღნიშნავს, რომ “გამოითქვა შეშფოთება… ხელისუფლების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის წესების, როგორც გამჭვირვალობის მოთხოვნებისგან თავის არიდების საფარად გამოყენების თაობაზე” (პარ. 85). აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით, GRECO დამოუკიდებელ რეკომენდაციას გასცემს: “მთავრობის ყველა მრჩევლის სახელები, გვარები და ფუნქციები უნდა გასაჯაროვდეს და იყოს ადვილად ხელმისაწვდომი.”(პარ. 40)

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ანგარიში ცალკე გამოყოფს სამართალდამცავი სისტემის, კონკრეტულად კი პოლიციის გამჭვირვალობის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ანგარიშში ნახსენებია, რომ თანამოსაუბრეები, მათ შორის ჟურნალისტები, აღნიშნავდნენ, რომ მათ მუშაობა სულ უფრო უჭირდათ, რადგან პოლიციის საქმიანობაზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხშირად შეუძლებელი იყო ან განზრახ ფერხდებოდა. ამ კუთხით, ცალკე რეკომენდაციად გამოიყო, რომ გადაიხედოს პოლიციაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოქმედი სისტემა, რათა ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საგამოძიებო პროცესებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.

 

გარდა ზემოთდასახელებულისა, GRECO-მ შეფასების მეხუთე რაუნდის ფარგლებში საქართველოს შესასრულებლად განუსაზღვრა არაერთი სხვა რეკომენდაციაც ღია მმართველობის, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების, საჯარო მმართველობის რეფორმის, საჯარო სამსახურის ეთიკის, საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის,  უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირების ლობისტებთან და სხვა მესამე მხარეებთან ურთიერთობის დარეგულირების, აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებისთვის საჩუქრების მიღების, დეკლარირებისა და აღრიცხვის წესების დახვეწისა და სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს უმაღლესი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ გაცემული რეკომენდაცია. GRECO აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს წესები, რომლებიც მოითხოვს კეთილსინდისიერების შემოწმებას მინისტრებისა და მინისტრების მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნამდე, რათა გამოვლინდეს და იმართოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის რისკები მთავრობაში მოსვლამდე (პარ. 32.) 

 

GRECO-ს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებისთვის საქართველოს ხელისუფლებას განესაზღვრა ვადა, კერძოდ ანგარიშის მიღებიდან 18 თვე (პარ. 10). ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს ანგარიში ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომელთა შეფასებაც მოხდება GRECO-ს შესაბამისობის სპეციალური პროცედურის მეშვეობით (პარ. 294). მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს რეფორმების გზას და დაყოვნების გარეშე დაიწოს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული პროცესი.

 

 

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024