საქართველოს პროკურატურიდან მიღებული სჯარო ინფორმაციის შესახებ IDFI–ს მიერ გუშინ გავრცელებულ სტატიას დღეს გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა. განცხადებაში ხაზგასმულია რომ 2014 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე დარიცხული ყოველთვიური პრემია საშუალოდ შეადგენდა 2 842 ლარს. ხოლო თანამდებობის პირზე დარიცხული ყველაზე მაღალი ერთჯერადი პრემია შეადგენდა 7 530 ლარს. მიუხედავად ამისა საზოგადოებისთვის კვლავ უცნობი რჩება პროკურატურის თანამდებობის პირების მიერ (ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირებსა და პროკურატურის სხვა თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ არის არც პროაქტიულად გამოქვეყნებული პროკურატურის ვებ–გვერდზე მიუხედავად იმისა, რომ აღნიშული საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
დადებითად უნდა შეფასდეს პროკურატურის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თანამშრომელთა ფინანსური წახალისება პირდაპირ კავშირშია მათ მიერ გაწეულ შრომასთან, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი შემთხვევები, როდესაც გაცემული პრემიის რაოდენობა აღემატება თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.
IDFI მიესალმება პროკურატურის მიერ აღნიშნული განცხადების გავრცელებას და იმედს გამოთქვამს, რომ უწყება მომავალში უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების სრული დაცვით განხორციელებას, მათ შორის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების გზით.