რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვები (მარტი-ივლისი)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 30 სექტემბერი 2022

 

ძირითადი მიგნებები:

 

- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის  პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს.

 

- 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.

 

- 2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა.

 

- 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში დაფიქსირებული 2032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის, ამავე პერიოდში დაკმაყოფილილებული განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 32,6%-ს შეადგენს.

 

- ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კანონით უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ბინადრობის ნებართვა შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. საფუძვლის მიხედვით, დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი ტიპის ნებართვები:

 

-შრომითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად;

 

-სასწავლო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;

 

-ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით - გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;

 

-საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

 

-მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;

 

-საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მის ოჯახის წევრებზე.

 

-დროებითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;

 

-მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

-სპეციალური ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული; ასევე, უცხოელზე, რომელზეც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; ან უცხოელზე,  რომელის გაძევებაც ვერ მოხერხდა და შესაბამისად გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და დროებითი საიდენტიფიციო მოწმობის მიღებიდან გასულია 5  წელი;

   

საქართველოში მუდმივის ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:

 

- მუდმივი ცხოვრების ნებართვა - გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

 

- უვადო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ან 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. 

 

(ოჯახის წევრებად მიიჩნევიან საქართველოში საინვესტიციიო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის  მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის მშობელი);

 

უკრაინაში რუსთის შეჭრის შემდეგ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შედეგად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოსვლა კვლავ გრძელდება. IDFI პერიოდულად სწავლობს და აქვეყნებს საზღვრის კვეთის სტატისტიკას, პარალელურად ორგანიზაციამ გაანალიზა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების კუთხით არსებული ტენდენციებიც.

 

2022 წლის 5 აგვისტოს IDFI-იმ საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, გამოითხოვა 2019-2022 წლების პირველი მარტიდან პირველ აგვისტომდე (თვეების მიხედვით) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების და ბინადრობის ნებართვების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკა.  Სააგენტომ აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი IDFI-ს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ, 1 თვის დაგვიანებით მოაწოდა.

 

Მიღებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (მარტი- ივლისი) საქართველოში ბინადრობის ნებართვის თხოვნით სააგენტოს მიმართა რუსეთის 2,032-მა მოქალაქემ, საიდანაც დაკმაყოფილდა 1,598 განცხადება, ხოლო უარი ეთქვა რუსეთის 434 მოქალაქეს. 

 

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობისა და დაკმაყოფილების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად  იზრდება.  Მაგალითად, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. Აღნიშნული მატება კიდევ უფრო თვალსაჩინოა 2019 და 2020 წლებთან შედარებით.

 

კერძოდ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან (მარტი-ივლისი) შედარებით, 2022 წელს 1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ხოლო დაკმაყოფილებულმა განხცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა.

 

 

 

აღნიშნული კატეგორიების მიხედვით, 2019-2022 წლების მარტი-ივლისის პერიოდში ყველაზე დიდი მიმართვიანობა მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე ფიქსირდება (გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში), ყველაზე მეტი დაკმაყოფილებული განაცხადიც ამავე კატეგორიაში ექცევა. კერძოდ, 3930 განაცხადიდან 1598 სწორედ მუდმივ ბინადრობაზეა, დაკმაყოფილილებული გნცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 41%-ს შეადგენს.

 

 

Რუსეთის მოქალაქეებზე Გაცემული ბინადრობის ნებართვების კატეგორიების და წლების მიხედვით ანალიზი , აჩვენებს რომ, 2022 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა მხოლოდ მუდმივ ცხოვრებაზე გაცემული ბინადრობის ნებართვების მაჩვენებელი, ხოლო სხვა თითქმის ყველა კატეგორიაში გაზრდილია დაკმაყოფილების მაჩვენებელი, მათ შორის, მოკლევადიანი ბინადრობის, ოჯახის გაერთიანების, სასწავლო და შრომითი ბინადრობის კატეგორიებში. ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით, შრომის ნებართვაში (+173) და მოკლევადიან ბინადრობაში (+157) დაფიქსირდა. 

 

 

IDFI-იმ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  ასევე გამოითხოვა და მიიღო საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების ქორწინების სტატისტიკა. ქორწინების სტატისტიკა შეიძლება საინტერესო იყოს მუდმივი ბინადრობის გაცემის კუთხით, რადგან რუსეთის მოქალაქეების საქართველოს მოქალაქეებზე ქორწინების გზით შესაძლებელია მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება და სწორედ მსგავსი ნებართვების წილი ჭარბობს გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობაში. შესაბამისად, შესაძლოა საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების მიზნით ფიქტიური ქორწინების გამოყენების პრაქტიკაც არსებობდეს, რაც მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია.

 

Სააგენტოდან მიღებული მონაცემების მიხედვით , 2019-2021 წლების ქორწინების სტატისტიკა მეტწილად ემთხვევა მუდმივი ბინადრობის მიღებაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ  განცხადებების შეტანის ტენდენციებს. კერძოდ, 2019 წელს ქორწინების მაჩვენებელი (984), 2020 წელს 743-მდე შემცირდა ხოლო 2021 წელს მკვეთრად მოიმატა ქორწინებების რიცხვმა და 1646 შეადგინა. 2022 წელს 5 აგვისტოს მდგომარეობით,  საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც უკვე აღემატება 2020 წლის სრულ მაჩვენებელს.

 

 

Საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის  სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკლევადიან პერიოდშიც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს ბინადრობის მიღების მაჩვენებელი გასული წლების მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.  კერძოდ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის 1598-მა მოქალაქემ მიიღო , რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია, 2020 წელთან შედარებით 271 %-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 155 %-ით მეტი. რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბინადრობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია  გრძელვადიან პერიოდში, რისი ვარაუდის საფუძველსაც მნიშვნელოვნად ამყარებს კვლევის პერიოდის შემდეგ  მოვლენების განვითარების ქრონოლოგია. Მაგალითად,  გამკაცრებული სანქციები, 2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, და ა.შ. Ეს მოვლენები Სავარაუოდოდ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაზრდის საქრთველოში ბინადრობის უფლების მიღების მსურველ რუს მოქალაქეთა რიცხვს.

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024